თბილისში ამბავი მალე ვრცელდება. ხმა გავარდა, - რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი "დიდოსტატის მარჯვენის" გადაღებას აპირებსო. რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებდა, ვინ იქნებოდა მეფე გიორგი, არსაკიძე და შორენა. ეს სამეული ხომ ნაწარმოებში სიყვარულის გასაოცარ სამკუთხედს ქმნიდა, ამიტომ ფილმიც გასაოცარი უნდა ყოფილიყო!
მწერალი კონსტანტინე გამსახურდია და რეჟისორი თითქმის ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს და მსჯელობდნენ მომავალ ფილმზე. მალე დაიწყო კიდეც მსახიობების შერჩევა. ეს…საკმაოდ რთული პროცესი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ. მეფე გიორგისა და არსაკიძის როლებზე მალე შეირჩა მსახიობები, მაგრამ შორენას მოძებნა გაჭირდა. ტაბლიაშვილი მის მიერ მოწონებულს ბატონ კონსტანტინეს წარუდგენდა, მაგრამ ამაოდ... კონსტანტინე გამსახურდიას ძალიან მოსწონებია ოთარ მეღვინეთუხუცესი - გიორგი მეფე, თენგიზ არჩვაძე - დიდოსტატი, ვასო გოძიაშვილი - კათალიკოსი, აკაკი ვასაძე - ფარსმან სპარსი... ერთი სიტყვით, ყველა მსახიობს მოუხიბლავს მწერალი. დიდი ბჭობისა და ფიქრის შემდეგ, როგორც იქნა, სამასი ქალიდან შორენას როლისთვის ლალი ბადურაშვილი დაამტკიცეს.
თავად ქალბატონი ლალი განცვიფრებულა - მე ხომ არც თავთუხისფერი თმა და არც ზღვისფერი თვალები მაქვსო, მაგრამ ეს განსხვავება არად ჩაუგდიათ რეჟისორსა და მწერალს, რადგან ლალის ის ცეცხლი და მებრძოლი სული ჰქონდა, რაც შორენას გააჩნდა, თანაც ფილმი ხომ შავ-თეთრი უნდა ყოფილიყო!
...და დაიწყო ყველაზე საინტერესო პროცესი - ფილმის გადაღება. პროფესიონალი მსახიობები გადაღებამდე რეპეტიციას გადიოდნენ, “შორენა”კი პირდაპირ გადასაღებ მოედანზე გაჰყავდათ. ტაბლიაშვილს მიაჩნდა, რომ ასე უკეთესად, უფრო ბუნებრივად ითამაშებდა როლს.
ამ ფოტოზე კონსტანტინე გამსახურდია თავის საყვარელ კუნძის სავარძელში ზის კოლხური კოშკის კარის ზღურბლთან. გადაღებამდე მასთან ხშირად მიდიოდნენ მსახიობები და მწერალი მათ გიორგი პირველის დროინდელ საქართველოზე მოუთხრობდა, იმაზე, თუ რამ გადააწყვეტინა რომანის დაწერა. დიდ კონსტანტინეს მუდამ აწუხებდა, რომ გიორგი მეფეს სათანადო ადგილი არ მიუჩინეს მემატიანეებმა და ამიტომაც მისი პიროვნების, ღვაწლის წარმოჩენა განიზრახა. იმისათვის, რომ რომანტიკული ეპიზოდებით გაემდიდრებიანა თხზულება, მწერალმა მესამე მთავარ გმირად თავთუხისფერთმიანი კოლონკელიძის ასულიც” შემოიყვანა...
საინტერესო იყო კოლხურ კოშკში შეხვედრები, მსახიობები თითქოს მართლაც იმ ეპოქის ყოფით ცხოვრობდნენ...
გამოხდა ხანი და ფილმი დიდ ეკრანებზე გამოჩნდა! ყველაზე დიდი შემფასებელი თავისი ნაწარმოების ეკრანიზაციისა კმაყოფილი დარჩა. მთავარი ეს იყო! ფილმი ბიძინა კვერნაძის შესანიშნავმა მუსიკამაც დაამშვენა!