მანქანის ტექნისპექტირებაზე თავის არიდებისთვის ჯარიმა მკვეთრად გაიზრდება

მანქანის ტექნისპექტირებაზე თავის არიდებისთვის ჯარიმა მკვეთრად გაიზრდება

ტექინსპექტირებას უკვე უამრავი მძღოლი თავს არიდებს. ამის მიზეზია ის, რომ ხარვეზებია თავად კანონის აღსრულებაში. მაგალითად, გაუმართავია ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, არ მუშაობს. არ ხდება გზებზე მოძრავი სატრანპორტო საშუალებების შემოწმებ და სხვა. მთავრობა კანონში ცვლილებებს გეგმავს და სავარაუდოდ, ამჟამინდელი 50-ლარიანი ჯარიმის ოდენობაც გაიზრდება.

პრობლემებთან დაკავშირებით ბიზნესმა მიმართვა რამდენიმე თვის წინ როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე შინაგან საქმეთა მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის სახელზე გააზავნა, თუმცა, როგორც საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აცხადებს, მათგან გამოხმაურება არ ყოფილა.

„ჩვენ ვხედავთ ქალაქში ავტომობილებს, რომლებიც ტექნიკურად გაუმართავია, მასზე პოლიციას რეაგირება არ აქვს. ხშირ შემთხვევაში კამერების გამართულობა აჩენს კითხვებს, ხშირად ისინი საერთოდ გათიშულია. მთლიანობაში, ეს ტექნისპექტირებაზე მიმართვიანობაზე აისახება.

საგანგაშოა, რომ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მხოლოდ 15% ცხადდება ტექინპექტირებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მგზავრების გადაყვანა, დიდი ალბათობით, ხდება ტექნიკურად გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ფაქტია, კანონის აღსრულება არის მთავარი გამოწვევა“, - განაცხადა მესხიშვილმა.

პრობლემებზე საუბრობენ თავად ტექინსპექტირების ცენტრების კავშირში. როგორც გიორგი შიოლაშვილი აღნიშნავს, პრობლემურია ჯარიმის ოდენობა.

„საქართველოს პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უნდა წარედგინოს კანონპროექტი, რომელიც მათ შორის მოიცავს დაჯარიმებებს შორის ინტერვალის შემცირებას. დღეს 30-დღიანი პერიოდია დადგენილი და როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ეს უნდა შემცირდეს 10 დღემდე. არაადეკვატურად მცირეა ჯარიმების ოდენობა, რომლის გადახედვაც აუცილებლად უნდა მოხდეს“, - აღნიშნა ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას.

როგორც ჩანს, ამის შესახებ კარგად იციან მთავრობაშიც. წინა კვირას პარლამენტში ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ დაადასტურა, რომ პრობლემები ტექინსპექტირების მიმართულებით მართლაც არსებობს. შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივა მზადდება და გაზაფხულზე პარლამენტს წარედგინება კანონპროექტი, რომლის ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო ჯარიმა ბევრად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამჟამად ტექინსპექტირების საფასურია.

„ვფიქრობთ, წარმოვადგენთ კანონპროექტს, რომელიც გააკონტროლებს ტექნიკური ინსპექტირების საკითხებს. პირველ რიგში, ეს იქნება ჯარიმის ოდენობის ეფექტიანობა და აგრეთვე სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების უფრო ეფექტიანი გამოყენება. ვგულისხმობს, კამერების მიერ დაფიქსირება ვის აქვს ტექნიკური ინსპექტირება გავლილი და ვის - არა.

ახლა მიმდინარეობს მუშაობა, თუ რა ფორმით შევთავაზებთ საკანონმდებლო ორგანოს განხილვისთვის ცვლილებებს. ამას ჩვენ გაზაფხულზე უკვე გავარკვევთ. აქ მთავარი ის არის, რომ ჯარიმა უნდა იყოს იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ღირს თავად ტექნიკური დათვალიერება“, - განაცხადა ბითაძემ.

2021 წელს სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება მთლიანი ავტოპარკის მხოლოდ 57%-მა გაიარა, მათგან 30% დახარვეზდა. დარჩენილი 43%, ანუ 600 000 ავტომობილი, სავარაუდოდ, გზებზე ისე გადაადგილდება, რომ ინსპექტირება გავლილი არ აქვს.