ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული მისწრაფებების მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღებაზე განაცხადა, რომელიც, მთავრობის მეთაურის სახელით, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
„მართალია, ჩვენ გეოგრაფიულად დიდი მანძილი გვაშორებს, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს მტკიცე კავშირები და საერთო ღირებულებები. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებას, რისთვისაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, იქნება ეს შორეულ რეგიონებში ბრძოლის ველზე თუ ჩემი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი დახმარების წყალობით, დღეს საქართველო წარმოადგენს გამართულ დემოკრატიას ღია და ქმედითი ეკონომიკით, რომელიც მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.