ავტობიზნესში ისევ რთული პერიოდი დადგა და თუ რუსეთ-უკრაინის ომი დიდხანს გაგრძელდა, კრიზისი გარდაუვალია. ბოლო პერიოდში საავტომობილო ბიზნესი ისედაც განახევრდა და რა იქნება მომავალში, ეს ახლა სრულიად გაურკვეველია. უკვე შემცირდა რეექსპორტი და მოსალოდნელია ქვეყნის შიგნით გაყიდვის მოცულობის კლებაც.
2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მანქანების რეექსპორტის მონაცემებში, უკრაინა მესამე ადგილს იკავებდა 6.8 მლნ აშშ დოლარის (1,101 ერთეული) გაყიდული მსუბუქი ავტომობილებით. ახლა ეს მიმართულება საერთოდ აღარ არსებობს.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლაშა დარბაისელის ინფორმაციით, შემოსავლებისა და რეექსპორტის შემცირება გარდაუვალია. თუმცა, ხელისუფლებისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობაა საჭირო, რათა ბაზრის კლების ტემპი მინიმალური იყოს.
„უკრაინა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელიც გასაგებია, რომ დავკარგეთ რაღაც დროით. არა ამ მასშტაბის, თუმცა გარკვეული პოზიცია ჰქონდა რუსეთის ბაზარზე ავტომობილების ექსპორტსაც, მაგრამ ეს მაინც ყოველთვის არასტაბილური და პოლიტიკურ განწყობებზეა მიბმული.
ქართველმა ავტოიმპორტიორებმა ყველაზე დიდი ზარალი მივიღეთ 2019 წელს, როცა დავკარგეთ სომხეთის ბაზარი. ამის შემდეგ იმედებს ვამყარებდით ყაზახეთზე, სადაც საკმაოდ მზარდი იყო ბაზრის ინტერესი და აქტივობა, მაგრამ მოგეხსენებათ, გასული წლის ბოლოს პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და კრიზისმა ზრდა დააპაუზა. ამის შემდეგ, მიზნად დავისახეთ უკრაინის ბაზრის უფრო მეტად ათვისება, მაგრამ რუსეთის შეჭრამ არა მხოლოდ ჩვენი გეგმები, მსოფლიო წესრიგი დააყენა თავდაყირა.
ჩვენი სექტორი ისევ გამოწვევების წინაშეა და მნიშვნელოვანია გადავდგათ ნაბიჯები უფრო მეტად შუა აზიის ქვეყნებთან. საჭიროა პარტნიორების მოძიება. მუშაობაა საჭირო, რომ განვავითაროთ რეექსპორტი.
ჯერ რთულია, მოსალოდნელი სამიზნე მაჩვენებელი რამდენით შემცირდება, მაგრამ ახლა სწორედ ამისთვის გვჭირდება პროაქტიური მუშაობა, რომ კლების ტემპი მაქსიმალურად შემცირდეს. დიდ მოგებებზე რომ ვერ გავალთ, ისედაც გასაგებია მიზეზების გათვალისწინებით“, - განაცხადა ლაშა დარბაისელმა „ბიზნესპრესნიუსთან“.
კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაზე საუბრობს „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე, რომლის ინფორმაციით, ავტობიზნესმა ბაზრის დაახლოებით, 60% უკვე დაკარგა.
„ეს შედეგი არა მარტო ომით, არამედ მრავალი ფაქტორით, მათ შორის პოსტკოვიდური პერიოდით არის გამოწვეული. ავტობიზნესში კრიზისი გაღრმავებული იყო. რეექსპორტის თვალსაზრისით, უკრაინა 6.8 მლნ-ით მე-3 ადგილზე იყო აზერბაიჯანის და ყაზახეთის შემდეგ. ომიდან გამომდინარე ეს ბაზარი მოგვაკლდება, რაც შეიძლება ძალიან დიდი დარტყმა არ იყოს, თუმცა გარკვეული ცვლილებები იქნება და ეს ბიზნესისთვის სასიამოვნო ნამდვილად არაა. ამიტომ სასურველი იქნება, რომ ავტოიმპორტიორებისთვის გარკვეული საშეღავათო ტარიფები და შეთავაზებები შემუშავდეს, რათა ხელი შეგვეწყოს რომ ამ კრიზისულ სიტუაციას გავუმკლავდეთ“, - აღნიშნა ჯამაგიძემ.
უკვე შიდა ბაზარზეც შეიმჩნევა გაყიდვების კლება, რაც შეეხება ავტომობილების ფასს, ჯამაგიძე ვარაუდობს, რომ უახლოეს 1-2 თვეში ფასებმა შესაძლოა, 8-15%-ის ფარგლებში მოიმატოს.
„ამერიკაში ავტომობილები გაძვირდა, შესაბამისად, შემოტანაც გაძვირდა და, რა თქმა უნდა, ეს გავლენას ადგილობრივ ბაზარზეც მოახდენს. 8-12%-ით არის მოსალოდნელი ავტომობილებზე ფასის მატება. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ომიდან გამომდინარე, გაძვირებულია ენერგომატარებლებიც, რის გამოც ავტომობილებით გადაადგილება რენტაბელური აღარ არის და ვისაც ავტომობილის შეძენა ჰქონდა გადაწყვეტილი, აღარ შეიძენს. ეს კი გამოიწვევს მოთხოვნის კიდევ უფრო შემცირებას, მით უმეტეს, რომ გაყიდვების კლება შიდა ბაზარზე უკვე შეიმჩნევა“, - განაცხადა ჯამაგიძემ.
2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან 72.6 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტზე 49.9 მილიონი აშშ დოლარის ავტომობილი გავიდა. ზრდამ 45,5% შეადგინა.