ჯოზეფ ბორელი: ომის შედეგი ის არ არის, რისი იმედიც კრემლს ჰქონდა - ეს დიდი ჩავარდნაა რუსეთისთვის

ჯოზეფ ბორელი: ომის შედეგი ის არ არის, რისი იმედიც კრემლს ჰქონდა - ეს დიდი ჩავარდნაა რუსეთისთვის

დღეს ზუსტად ერთი თვე შესრულდა ომის დაწყებიდან. ამ ერთი თვის განმავლობაში არის 6 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი, უკრაინელი ბავშვების ნახევარი გადაადგილებულია. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რუსეთის არმია ცდილობდა მალე დაეკავებინა კიევი, ახლა კი ადამიანებს კლავს. სამხედრო თვალსაზრისით, ეს დიდი ჩავარდნაა რუსეთისთვის. ერთი თვეა ომობენ და ვერ შეძლეს, ზურგში არსებული ბაზიდან 200 კილომეტრს გაცდენოდნენ. იმის გამო, რომ ვერ იკავებენ ქალაქებს, მათ ბომბავენ, კლავენ უდანაშაულო ადამიანებს და ანადგურებენ ირგვლივ ყველაფერს. უკრაინელები კი ომობენ. ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ და ვაიარაღებთ და ომის შედეგი ის არ არის, რისი იმედიც კრემლს ჰქონდა. მათ შეუძლიათ დიდი მარცხი განიცადონ. განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. განვაგრძობთ რუსეთზე ზეწოლას“, - განაცხადა ბორელიმ.

კითხვაზე, რა მოხდება ქიმიური თავდასხმის შედეგად, ბორელმა უპასუხა: „იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არ მოხდება“.

ევროპულ სამიტზე არის თუ არა მოსალოდნელი ახალი სანქციების განხილვა, მან უპასუხა: „დიახ, სამიტი ამას განიხილავს. იცით, რომ სამიტი არ იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრები ღებულობენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ველოდები, რომ ევროპული კავშირის საბჭო წარმოადგენს რეკომენდაციებს, თუ როგორ გაგრძელდეს სანქციების გამკაცრება - როგორც პერსონალური, ისე სექტორალური სანქციები“.

კითხვაზე, არსებობს თუ არა რისკები საქართველოსა და მოლდოვასთვის? ჯოზეფ ბორელიმ უპასუხა, რომ, რა თქმა უნდა, არასტაბილურობა ძალიან დიდია. „ადამიანები, რუსეთის საზღვრებში, გასაგებია, რომ ძალიან შეშფოთებულები არიან, მაგრამ, ჯერჯერობით, უნდა განვაგრძოთ უკრაინის ჯარის მხარდაჭერა. მოდით, კონკრეტულ საქმეებზე ვისაუბროთ. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში იარაღი გადაწყვეტს, ვის მხარეს იქნება გამარჯვება. უნდა განვაგრძოთ მხარდაჭერა, იარაღის მიწოდება, სამხედრო ტექნიკის მიწოდება. ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ადამიანებს მათი გამოყენება შეუძლიათ“.

კითხვაზე, როგორ აპირებენ პუტინის შეჩერებას, ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა: „უკრაინელები იბრძვიან მის შესაჩერებლად“.

მანვე დასძინა, რომ ევროპელი ლიდერები დღეს ენერგეტიკულ სანქციებთან დაკავშირებითაც ისაუბრებენ.