შესაძლოა, ნაციონალები „ნდობის ჯგუფის“ მიღმა დარჩნენ. უმრავლესობასა და უმცირესობას შორის უთანხმოების მიზეზი - გივი თარგამაძეა, რომლის ჯგუფში წარდგენასაც ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ოპოზიცია კი, თარგამაძის კანდიდატურის შეცვლას არ აპირებს და მმართველ ძალას მოუწოდებს მათ მსგავსად, შეცდომა არ დაუშვას და „ნდობის ჯგუფი“ უმცირესობის გარეშე არ დატოვოს.
„ნდობის ჯგუფი“, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით იქმნება, ხუთი წევრით განისაზღვრება. კერძოდ, ჯგუფის წევრები იქნებიან - ირაკლი სესიაშვილი, დავით საგანელიძე, ზვიად ძიძიგური და კახა ოქრიაშვილი, უმცირესობის კანდიდატის თაობაზე კი, ვითარება კვლავ გაურკვეველი რჩება. მმართველი გუნდი კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს - თუ რატომ არ უნდა იყოს ჯგუფის წევრი თავდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, თუმცა, for.ge-სთან კულუარულ საუბარში განაცხადეს, რომ „ნდობის ჯგუფში“ იმ ადამიანს არ ესაქმება, რომელიც წლების წინ, მათ „ნაძირლებო, სულს ამოგხდით“ ეძახდათ.
როგორც for.ge-ს საგანელიძემ განუცხადა, ხელისუფლება უმცირესობას სთავაზობს, რომ რამდენიმე ადამიანი წარადგინოს, რომელთაგან ერთ-ერთი შეირჩევა.
„რატომღაც, ისინი გაჯიუტდნენ და ითხოვენ, რომ „ნდობის ჯგუფის“ წევრი გივი იყოს, რაზეც აბსოლუტური უმრავლესობა უარს აცხადებს. თუ რატომ? - ამ კითხვაზე პასუხი მან იცის, ვინც მისმენს. 2004 წელს, ამ ჯგუფში დავით გამყრელიძის წარდგენას მხარი სწორედ ამ ხალხმა არ დაუჭირა და მაშინ ჩვენ, სხვისი კანდიდატურა არ დავაყენეთ. ჩვენ მათ ვუცდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგვიძლია ჯგუფი დავამტკიცოთ, რომელშიც უმცირესობა არ იქნება, რადგან თარგამაძე საკმარის ხმებს ვერ მიიღებს“, - აცხადებს საგანელიძე, რომლისგან განსხვავებითაც, თინა ხიდაშელი გივი თარგამაძე რატომ არ უნდა იყოს ჯგუფის წევრი, ამის ერთ-ერთ მიზეზს ასახელებს.
დეპუტატის თქმით, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ შვიდი თვის განმავლობაში, თარგამაძე პარლამენტში არავის უნახავს.
„იმედი მაქვს, რომ „ნდობის ჯგუფის“ შემადგენლობასთან დაკავშირებით, შეთანხმებას მოვახერხებთ. თარგამაძესთან დაკავშირებით, პრობლემა ის იყო, რომ ეს კაცი არავის უნახავს და შეუძლებელი იყო, რომ მისთვის ხმა მიგვეცა. მან პატივი დაგვდო და ჩამობრძანდა, მაგრამ ახლა, ის არის გასარკვევი როგორ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებას. ის რომ, თარგამაძე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ პროექტის განხილვისას, სუპერაქტიური იყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სულ აქ იქნება. შეუძლებელია, ქვეყანას ისეთ კანდიდატს სთავაზობდე, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში, სულ ხუთჯერ თუ იქნებოდა პარლამენტში ნამყოფი. „ნდობის ჯგუფში“ ასეთი არასტაბილური ადამიანის ყოფნა არასერიოზულია, თუმცა, ბოლო პერიოდში, ნაციონალებს არასერიოზულობა დასჩემდათ“, - განუცხადა for.ge-ს ხიდაშელმა.
აღსანიშნავია, რომ თარგამაძესთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემას, უმცირესობა უმრავლესობის კაპრიზად და ახირებად მიიჩნევს.
როგორც for.ge-ს მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, ჯგუფის წევრად გივი თარგამაძისთვის უარის თქმა პოლიტიკურად არასწორია, რადგან ის რვა წლის განმავლობაში, სწორედ ამ ჯგუფის წევრი იყო.
„უმრავლესობის კაპრიზია, რომ გივი პოლიტიკურად დასაჯოს და ჯგუფში არ შეიყვანოს. თუმცა, მსგავსი შეცდომა, 2004 წელს ჩვენც მოგვივიდა, როდესაც ჯგუფში დავით გამყრელიძე არ შევიყვანეთ. თარგამაძე და მისი აქტიობა არ მოსწონთ, თუმცა, გივი პირდაპირი ადამიანია და მას ვერც პროფესიონალიზმს დაუწუნებენ. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიო არის - გივის კანდიდატურას არ შევცვლით და თუ სურთ, კომისია შექმნან. თუმცა, სხვა იდეებიც არსებობს, რომელსაც დაველოდებით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა, რომლის პათოსს გივი თარგამაძეც იზიარებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას რაიმე ხელშესახები არგუმენტი - რატომ არ უნდა იყოს ის ჯგუფის წევრი არ გააჩნია.
„მგონია, რომ საქმე ახირებასთან გვაქვს. საგანელიძესგან განსხვავებით, მარჩიელობას არ ვაპირებ, მაგრამ მოტივაცია არის ის, რომ პუტინს არ ვუყვარვარ, შესაბამისად, არც საგანელიძეს და არც პრემიერ-მინისტრს, მაგრამ არც მე მიყვარს ისინი“, - განუცხადა for.ge-ს თარგამაძემ.
გაურკვეველია, „ნდობის ჯგუფის“ წევრი გახდება თუ არა თარგამაძე და დათმობაზე წავა თუ არა მმართველი ძალა, მაგრამ მეშვიდე მოწვევის პარლამენტში, ოთხი წლის განმავლობაში, გივი თარგამაძის მიერ „ნდობის ჯგუფის“ სულ რამდენიმე სხდომა იქნა მოწვეული და საიდუმლო ინფორმაციებსაც მხოლოდ ე.წ. სატელიტური ოპოზიცია ეცნობოდა, რადგან ჯგუფის წევრები - გიორგი თარგამაძე და გია თორთლაძე იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო შესყიდვებთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებას იღებს და ამ მიმართულებით პარლამენტს ორ საკანონმდებლო პროექტს სთავაზობს. კერძოდ, თავდაცვის უწყება კომიტეტს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელი არასაიდუმლო და საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება - 4 მილიონ ლარს. ამას გარდა, ცვლილებებით, ირაკლი ალასანიას უწყება სახელმწიფო შესყიდვების გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ მოხსენებას პარლამენტს, წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენს.