იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი ქვეყნის ვალუტაზე უარყოფითად იმოქმედა, საქართველოში ეროვნული ვალუტა ძველ პოზიციებს ინარჩუნებს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2348 ლარს შეადგენს. ეს უმნიშვნელო ცვლილებაა გასული კვირის კურსთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ დოლარის კურსის მნიშვნელოვანი ზრდა სახეზე არ გვაქვს, რეკორდული სისწრაფით იზრდება ფასები მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებზე. ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილია ასევე საწვავზეც, რაც ჯაჭვური რეაქციით გადაზიდვების და საკვები თუ სხვა პროდუქტების ზრდას იწვევს. ამას ემატება მოსახლეობაში ხელოვნურად შექმნილი პანიკა სურსათის დეფიციტთან დაკავშირებით. ექსპერტები ყურადღებას განსაკუთრებით საწვავის ფასზე ამახვილებენ, რაც ბევრ პროცესს განსაზღვრავს და პროვოცირებას უკეთებს სხვა მნიშვნელოვან პროცესებს. საწვავის ფასის ზრდა განსაკუთრებულ პროტესტს იწვევს მძღოლებში.
ფინანსისტი გიორგი ცუცქირიძე ამბობს, რომ საქართველო მთლიანად მიბმულია საერთაშორისო ბაზარზე და საწვავის ფასიც საერთაშორისო ფასებთან შესაბამისობაშია.
გიორგი ცუცქირიძე: დღეს, მთავარი მნიშვნელოვანი საკითხი საწვავის ფასებთანაა დაკავშირებული. აქ, პირველ ყოვლისა, საქართველოში საწვავის ფასს ვგულისხმობ, ასევე, იმ ტენდენციას, რომელიც ნავთობის მსოფლიო ფასებთანაა დაკავშირებული, რადგან ის საქართველოში ე.წ. პლაცის ფასზე პირდაპირ აისახება. საინტერესოა, საერთაშორისო ბაზრებზე უკრაინის ომამდე როგორი ფასი იყო და შემდეგ რა განვითარება მოჰყვა. 21 თებერვალს, ანუ უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებამდე, ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით 92 დოლარი იყო. როცა ამერიკის და ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, რუსეთი უკრაინაში ფართო ინტერვენციას აპირებდა, ფასმა მატება დაიწყო. ფასი იყო აღმავალი ტრენდით. 22 თებერვლიდან იზრდებოდა. 5 მარტს პიკი იყო, ბარელის ფასი დაახლოებით 123 დოლარს გადაცდა. ამის შემდეგ ვარდნა გვქონდა. 123 დოლარიდან დაახლოებით 95 დოლარამდე ჩამოვიდა. ამის შემდეგ ახალი მზარდი ტრენდი იწყება და 95 დოლარიდან 18 მარტისთვის 107 დოლარზე ავიდა. თუმცა, ბოლო დღეებში უკვე 140 დოლარზე ავიდა. პროგნოზი ბარელზე 150 დოლარია. ეს ძალიან მაღალია, ისტორიული მაქსიმუმია. რეალურად ეს პირდაპირაა დაკავშირებული უკრაინა-რუსეთის ომთან და იმ დაძაბულობასთან, რომელიც ამ ომის შედეგადაა, ასევე, ნეგატიურ მოლოდინებსა და აჟიოტაჟთან, იმიტომ რომ წინა ვაჭრობის შემდეგ ფასის 40 დოლარით ავარდნა, წმინდა წყლის აჟიოტაჟია, რომელიც საერთაშორისო გლობალურ ბაზრებზეა.
ეს აჟიოტაჟი, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზეა, აქაცაა. ანუ თემა რა არის: რაკი გაიაფებას არ ელოდება, ბუნებრივია, ყველა მაღალ ფასს იჭერს.
მოლოდინები, რომ რუსეთ – უკრაინის ომი მალე დამთავრდება არაა, პირიქით, მოლოდინი უარესია, რომ ეს ომი გაგრძელდება. ამ ნეგატიურმა განწყობამ ბარელის ფასზე პირდაპირი ასახვა ჰპოვა. საქართველო იმპორტიორია, ამას, სამწუხაროდ, ჩვენთანაც პირდაპირი ასახვა მოჰყვება. უკვე, გარკვეულწილად, ასახული არის კიდეც.
ჩვენ ახლა მთლიანად საერთაშორისო ბაზრის ფასზე ვართ დამოკიდებული. ეს გლობალურ ბაზრებზეც და ჩვენთანაც უკვე გადაზიდვების ფასზე აისახება, რაც საიმპორტო საქონელს მნიშვნელოვნად გააძვირებს, ანუ ინფლაცია მაღალი იქნება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი ნავთობპროდუქტების ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია. მთლიან იმპორტში რუსეთის წილი დაახლოებით 15-16 %-ია. წამყვანი იმპორტიორი არიან: რუმინეთი, პროცენტულად 52 %-ით, ბულგარეთს საკმაოდ მაღალი პროცენტული წილი აქვს – დაახლოებით - 28 %-მდე, შემდეგაა აზერბაიჯანი, შემდეგ კი თურქმენეთი და რუსეთი. საქართველოში წარმოდგენილი რუსული კომპანიები „გალფი“ და „ლუკოილია“. ასე რომ, რუსული კომპანების ბაზარზე ზეგავლენა მათი ხვედრითი წილიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არაა. იმდენად რამდენადაც, ვიმეორებ, ბაზარი დივერსიფიცირებულია. თუ რუსეთიდან მიწოდება შეწყდება, იმპორტის ამ სეგმენტის სხვა ქვეყნებზე გადანაწილება თავისუფლად შეიძლება“, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ სიტუაცია ყველა პარამეტრით სტაბილიზაციაზე მიანიშნებს. გლობალურ ბაზარზე ტენდენციები სასიკეთოდაა შეცვლილი, ამიტომ მისთვის გაუგებარია რიგი კომპანიების პესიმისტური განცხადებები, რაც მოსახლეობაში უსაფუძვლო შეშფოთებას იწვევს.
პაატა ბაირახტარი: „თუ დავაკვირდებით გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებს ნავთობზე ფასების მატება ნამდვილად არის. ამას დაახლოებით ერთწლიანი ტრენდი აქვს. ერთი წლის განმავლობაში თუ შევხედავთ, ნედლ ნავთობზე ფასები მუდმივად იზრდება. რა თქმა უნდა, ეს პლაცსაც გადაეცემა. თუმცა, თუ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაში, ბოლო ერთ თვიან ჭრილში საწვავის მნიშვნელოვან გაძვირებაზე, ეს გლობალურ ტენდენციებს ნაკლებად უკავშირდება. ეს, მნიშვნელოვანწილად, ჩვენი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე იყო დამოკიდებული, რომელიც ბოლო 1 თვეში თითქმის 50 პუნქტით გაუფასურდა. ამან საწვავის ფასზე ძალიან სწრაფი გავლენა მოახდინა. ამ პერიოდში, დაახლოებით, ბოლო 2-3-კვირიან ტენდენციაში, ჩვენ, საწვავის ფასის, დაახლოებით, 60-თეთრიანი მატება ვნახეთ, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ისეთი სოციალური მდგომარეობის ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ერთი ლიტრი საწვავის ფასი 4 ლარამდე, კატასტროფაა. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.
ამ პერიოდში ნამდვილად იყო იმის პირობები, რომ საქართველოში საწვავის ფასი გაზრდილიყო, თუმცა, თუ დღეს შევხედავთ, კომპანიების მხრიდან ისევ გვესმის გარკვეული ანონსები, რომლის მიხედვითაც საწვავის ფასი კიდევ უნდა გაიზარდოს, ამის მოცემულობა კი უკვე აღარ არის. თუ დავაკვირდებით ტენდენციებს, ტენდენციები გლობალურ ბაზრებზე სასიკეთოდაა შეცვლილი. მაგალითად, როცა ჩვენთან საწვავის ფასმა სწრაფი ზრდა დაიწყო, ერთი თვის წინ ნედლი ნავთობის ფასი დაახლოებით 130 დოლარი ღირდა, დღეს ბარელის ფასი საშუალოდ 105 დოლარამდეა ჩამოსული. ამას უნდა დავამატოთ ის მთავარი გარემოება, რამაც, როგორც გითხარით, ჩვენთან საწვავის მნიშვნელოვანი გაძვირება გამოიწვია, ესაა ეროვნული ვალუტის კურსი. ბოლო 2 -კვირიან ტენდენციაში ეროვნული ვალუტაც მნიშვნელოვანდ დასტაბილურებულია. ესაა დაახლოებით 25-27 პუნქტი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგია. როგორც მინიმუმ, ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ საცალო ქსელში ფასები აღარ გაიზარდოს. გასათვალისწინებელია ძალიან საინტერესო გარემოება, რომ არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასის შემცირება უკვე დაწყებულია. არაბრენდირებულ მცირე კომპანიას ამის საშუალებას თუ გლობალური ტენდენციები, მაკროეკონომიკური პარამეტრები არ აძლევს, ის ფასს ვერ შეამცირებს. აქედან გამომდინარე, დიდი ხუთეულის წევრი კომპანიების განცხადებები და ანონსები იმასთან დაკავშირებით, რომ ფასები კიდევ უნდა გაიზარდოს, არსებული პარამეტრების გათვალისწინებით, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. რაც შეეხება კოპანიების განცხადებას, რა თქმა უნდა, კომპანია მოგებაზეა ორიენტირებული. თუ მას ამის საშუალებას ბაზარი აძლევს, მაქსიმალურად შეეცდება, რომ საკუთარი მოგება, ფასი გაზარდოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში კონკურენცია ისეთ მაღალ დონეზე არ არის, რომ ამან ფასი სრულად დაარეგულიროს. ვხედავთ, რომ რიგი კოპანიები საკუთარ საფასო პოლიტიკას სრულად არ არგებენ იმ ტენდენციებს, რომელზეც ვისაუბრე.
თუ არის იმისი საშიშროება, რომ ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შეიქმნას, რაც დამატებით გამოიწვევს კიდევ უფრო ფასების ზრდას როგორც საწვავზე ასევე ზოგადად, გადაზიდვებზე, საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე და ასე შემდეგ. მსგავსი პროგნოზები უკვე კეთდება, თქვენ რას ელოდებით?
- ის, რომ ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შეიქმნას, ამის ალბათობა, პრაქტიკულად, არ არსებობს. ქვეყანაში საწვავი რამდენიმე მიმართულებიდან შემოდის. ბაზარზე წარმოდგენილები არიან როგორც რუსული კომპანიები, მაგალითად „გალფი“ და „ლუკოილი“, ასევე ქართული, აზერბაიჯანული, სხვა წარმომავლობის კომპანიები. საწვავის შემოტანის მიმართულებები სრულად დივერსიფიცირებულია. აქედან გამომდინარე, ერთ რომელიმე მიმართულებაზე რომ ვიყოთ დამოკიდებული, ასე არაა. იმის რისკები, რაც ბოლო პერიდოში ისმოდა, პრაქტიკულად, არ არსებობს. რაც შეეხება „გალფს“ – შესაძლებელია, ფართო მასებისთვის ეს სრულად ცნობილი არ იყოს, თუმცა გალფის 49%-იანი წილი კარგა ხნის წინ რუსულმა „როსნეფტმა“ იყიდა. ეს გარიგება 2014 წელს შედგა, „პეტროკასისგან“ შეიძინა“. საქართველოს ბაზარზე მყოფი, რუსული კომპანიების მხრიდან ფასის ნებისმიერი ცვალებადობა, რა მიზეზითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, საქართველოს საცალო ქსელში ზოგად ზეგავლენას ვერ მოახდენს, რადგან როგორც გითხარით, იმპორტის საკმაოდ დივერსიფიცირებული წყაროებია. აქედან გამომდინარე, თუ რუსული წარმომავლობის კომპანიებს რაიმე პრობლემა შეექმნებათ, არის სხვა წარმომავლობის კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში საწვავის იმპორტს საერთოდ სხვა მიმართულებებიდან ახდენენ.