„სოსო ჯაჭვლიანმა ოპოზიციის თამაში ამიტომ დაიწყო - მკლავჭიდის ფედერაციაში აუდიტის დასკვნა რომ დაიდება, თავს პოლიტიკურ დევნილად გამოაცხადებს“

„სოსო ჯაჭვლიანმა ოპოზიციის თამაში ამიტომ დაიწყო - მკლავჭიდის ფედერაციაში აუდიტის დასკვნა რომ დაიდება, თავს პოლიტიკურ დევნილად გამოაცხადებს“

მკლავჭიდის ფედერაციაში აუდიტის სამსახურია შესული. ფედერაციაში აუდიტის შესვლას წინ უსწრებდა ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანსა და მკლავჭიდელებს შორის დაპირისპირება. მკლავჭიდელები სოსო ჯაჭვლიანს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში და მწვრთნელებისთვის ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ.

for.ge-თან საუბარში მკლავჭიდელი გენადი კვიკვინია ამბობს, რომ სოსო ჯაჭვლიანი წლებია ფედერაციის თანხებს ითვისებს, მწვრთნელებს პრემიებს ართმევს და ფულს ათეთრებს, რამაც სპორტსმენებს ბოიკოტისკენ უბიძგა და შედეგად, ბათუმში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატი ჩაიშალა.

მკლავჭიდის ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებზე, პრობლემებზე და გამოსავალზე for.ge-მ ცნობილ მკლავჭიდელ გენადი კვიკვინიასთან ინტერვიუ ჩაწერა.  

მკლავჭიდის ფედერაციაში რატომ მოითხოვეთ აუდიტის შესვლა?

- მკლავჭიდის ფედერაციაში წლებია პრობლემები გვაქვს, განსაკუთრებით კი ფედერაციის პრეზიდენტთან სოსო ჯაჭვლიანთან. ამ ადამიანს არც სინდისი და არც ნამუსი არ გააჩნია. მას საერთოდ არ აინტერესებს როგორ არიან სპორტსმენები, მწვრთნელები, ვის რა ტკივილი აქვს. ჯაჭვლიანს ერთადერთი რამ ადარდებს - წლის ბოლოს მწვრთნელებისგან რაც შეიძლება მეტი თანხა მიიტაცოს.

მწვრთნელები სოსო ჯაჭვლიანს ფულს უხდიან?

- ოფიციალურად არა.

მით უმეტეს - რ0ატომ უხდიან ფულს?

- პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ, მწვრთნელებმა სოსო ჯაჭვლიანს ერთი-ორჯერ თანხა ვაჩუქეთ. ამას ვაკეთებდით იმიტომ, რომ ფედერაციის პრეზიდენტს არანაირი შემოსავლი არ გააჩნია. თუმცა, შემდეგ ეს ყველაფერი გააოფიციალურა - „ნამიოკებს“ გვიკეთებდა, გვეუბნებოდა, რომ მისი დანიშნულები ვიყავით და რომ გაგვიშვებდა. ჩვენ, პირველ რიგში, ვართ კაცები და შემდეგ ვართ სპორტსმენები, ამიტომ ეს მუქარა თავიდან გავუტარეთ და ვუთხარით, რომ ამას ნუ ამბობდა, მაგრამ მაინც გააგრძელა. ვფიქრობდით, რომ დაფიქრდებოდა. თუმცა, როდესაც 2 მილიონი ევროს თემა დადგა და სამინისტროსგან ეს თანხა მოითხოვა, ამის შემდეგ დამატებით დაპირისპირება მოხდა.

ცნობილია, რომ ბათუმში მსოფლიო ჩემპიონატი გაუქმდა და საერთაშორისო მკლავჭიდის ფედერაციამ სანქციები დაუწესა ქართულ მხარეს. ამიტომ ითხოვს სოსო ჯაჭვლიანი დიდ თანხას და ეს 2 მილიონი სანქციებისაა?

- საერთაშორისო ფედერაციიდან რა სანქციებიც წამოვიდა, ამაზე სამინისტრომ აუდიტი შეუშვა და სამინისტომ გაარკვიოს ეს თანხა მართლა მსოფლიო ფედერაციამ მოითხოვა, თუ სოსო ჯაჭვლიანის ნამაიმუნარია. ჩვენ თურქეთის, პოლონეთისა და აზერბაიჯანის ოფიციალური საბუთები გვაქვს, ისინი 2500 დოლარს იხდიან ლიცენზიაში. ჩვენც ლიცენზიაში ამდენივე გადავიხადეთ და რატომღაც, დამატებით 2 მილიონი ევრო მოითხოვეს, ოღონდ ვერ გავიგეთ რისთვისაა მოთხოვნილი ამხელა თანხა. პლუს ამას, მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისთვის 800 ათასი უნდოდა. ანუ, სულ დაახლოებით სამ მილიონ ევროზეა საუბარი.

რომ დავაზუსტოთ და მკითხველიც გავარკვიოთ, სოსო ჯაჭვლიანი ამ სამ მილიონ ევროს ითხოდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, რომელიც გაუქმდა?

- სოსოს მოთხოვნილი თანხა არის კორუფციასთან მიახლოვებული. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მკლავჭიდის ისტორიაში არ მახსოვს, რომ ამხელა თანხით მკლავჭიდის ჩემპიონატები დაფინანსებულიყო. მსოფლიო ფედერაციას საკუთარი სახსრები გააჩნია. რომელ ქვეყანაშიც ტარდება, იქ უბრალოდ, უნდა მოგვარდეს დარბაზის საკითხი და ამის იქით ქვეყანა არანაირ ვალდებულებას არ იღებს. საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატს ატარებს, საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებს. ეს იყო ჯაჭვლიანის მხრიდან სრული აფიორა. ამასთან, ჩემპიონატისთვის ფედერაციიდან 380 ათასი ლარია გადარიცხული, ამხელა თანხებს არავინ რიცხავს და ესეც შეუძლია მოიძიოს აუდიტმა.

ანუ ოფიციალური ვერსიით მსოფლიო ჩემპიონატი გაუქმდა პანდემიის გამო და ეს 380 ათასი რისი თანხაა?

- პანდემიის გამო არ გაუქმებულა, ჩვენ მოვითხოვეთ გაუქმება.

რატომ მოითხოვეთ?

- როდესაც სპორტსმენს ხელფასი 50 ლარი აქვს, სახელმწიფომ ამ სპორტში 3 მილიონი ევრო არ უნდა გადაიხადოს. ჯერ სპორტსმენისა და მათი პირადი მწვრთნელების კმაყოფაზე ვისაუბროთ, რომლებიც პრემიების გარეშე არიან დარჩენილები და ამის შემდეგ ვისაუბროთ ჩვენ იმაზე, სილვესტერ სტალონეს ჩამოვიყვანთ თუ არა. რა ჯანდაბად მინდა სტალონე საქართველოში, როდესაც სპორტსმენს უჭირს, ზოგის მშობელს სიმსივნე აქვს და 50-ლარიანი ხელფასით ვერ შველის.

რას ამბობთ, რომ სოსო ჯაჭვლიანს საქართველოში სტალონე ჩამოჰყავდა?

- ვინ ჩამოვიდოდა?! - ეს ყველაფერი იყო ისე ნაჩვენები და სახელმწიფომ არასერიოზულადაც კი მიიღო. ჯაჭვლიანი სახელმწიფოსგან თავიდან 6 მილიონ ევროს ითხოვდა.

რატომ, სტალონე ითხოვდა საქართველოში ჩამოსასვლელად 6 მილიონ ევროს?

- სოსო ჯაჭვლიანი ითხოვდა და ამბობდა, რომ ამ თანხით სტალონეს ჩამოყვანას აპირებდა. შემდეგ, 2 მილიონ 800 ათასზე ჩამოვიდა.

თუ სტალონე აღარ ჩამოდიოდა სოსო ჯაჭვლიანს 2 მილიონ 800 ათასი რაში სჭირდებოდა?

- რაში სჭირდებოდა და ერთი მაგიდა გაწერილი ჰქონდა 17 500 ევროდ, რომლის რეალური ფასი 450 ევროა. წარმოიდგინეთ, საუბარია დაახლოებით 22 მაგიდაზე. პლუს, მედლები და თასები, რომლის ფასიც ყველამ ვიცით - ყველაზე საუკეთესო მედლის ფასი 50 დოლარს არ აღემატება და ასეთი მედალი მკლავჭიდში არ დარიგებულა. ჯაჭვლიანს თითო მედალი დაახლოებით გაწერილი აქვს 300 დოლარად. სოსო ჯაჭვლიანი თანხებს ძირითადად, ინვენტარში ათეთრებდა.

წლებია მკლავჭიდის ფედერაციაში სულ არეულობაა, ახლაც სერიოზულ ბრალდებებს უყენებთ ფედერაციის პრეზიდენტს, საკმაოდ სოლიდურ თანხებს ასახელებთ. ნუთუ, აქამდე სახელმწიფო არ დაინტერესებულა რა ხდება ფედერაციის შიგნით?

- სხვა ფედერაციები, რომლებიც ოლიმპიურ სახეობას წარმოადგენენ, დიდ თანხას მოიხმარენ და იქ ყველაფერი დალაგებულია. ჩვენი სპორტი ოლიმპიური სახეობის არ არის, ამიტომ ჩვენთან მცირედი დაფინანსებაა. მსოფლიო ფედერაციამ ეს კარგად იცის და 2 და 3 მილიონებს არ მოითხოვს. აქ საუბარია სიმბოლურ თანხაზე - 2500 დოლარზე. დანარჩენს მსოფლიო ფედერაცია საწევროებიდან უკან იბრუნებს.

რომ დავაკონკრეტოთ, თქვენ მსოფლიო ჩემპიონატის გაუქმება აღნიშნული სოლიდური თანხების გამო მოითხოვეთ?

- ბიუჯეტი გვაქვს ძალიან მცირე. არ გვაქვს დარბაზი, არ გვაქვს ეკიპირება, არ გვაქვს შეკრებები. ჩვენ სოსოს ასეთი რამე ვუთხარით - სპორტსმენებს მეტი ყურადღება მიექცეს და შემდეგ უკვე თანხებზე ვისაუბროთ, რომელიც ასევე, ხილული უნდა იყოს. მე როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩუმად ვერ ვიქნებოდი. ნაკრების ბიჭები მომიტრიალდებიან, სოსომ თუ გაათეთრა 3 მილიონი, შენც ხომ არ ხარ წილშიო - შეკითხვა გაჩნდებოდა. ეს ყველაფერი სოსოს ვუთხარი. ხელფასები ხელფასებს დაამსგავსეთ და პირობები გააუმჯობესე-თქო. მან კი - ყველაფერს მოვაგვარებ, თუ თანხებს ავიღებო. ჩვენ ვეუბნებოდით, ამ თანხებს დაანებე თავი, რადგან ამ ყველაფერს ვიტყვით-თქო. ოთხმა ბიჭმა, რომელიც სოსოს ძალიან არ ვუყვარვართ, სერიოზული ლუკმა გავაგდებინეთ. სპორტის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, შალვა გოგოლაძესთან მივედით და ვუთხარით, რომ ეს თანხები სოსო ჯაჭვლიანმა არ უნდა აიღოს-თქო. გოგოლაძემ გვითხრა, რომ სამინისტროს საერთაშორისო ფედერაციიდან ოფიციალური მიმართვა ჰქონდა, რომ აღნიშნული თანხები იყო საჭირო, რომელსაც ხელს აწერდა იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ეს პრემიერის გასარკვევი არ იყო, სპორტის სამინისტრო იმიტომ არის, რომ მან გაფილტროს და გაარკვიოს, რეალურად, რა ჯდება ჩემპიონატის ჩატარება. სამინისტროს მოვთხოვეთ პირდაპირ, რომ ეს თანხები არ გადარიცხულიყო. შემდეგ, ბათუმში ჩავდივართ გასარკვევად, თუ რატომ ითხოვს მსოფლიო ფედერაცია ამხელა თანხას.

რეალურად მართლა ითხოვდა მსოფლიო ფედერაცია აღნიშნულ თანხას?

- ეს აუდიტმა უნდა გაარკვიოს. ასე პირდაპირ ხელს ვერ დავადებ. აუდიტი გაარკვევს, საიდან მოვიდა ამხელა თანხის მომართვა. აუდიტს ვანახებ, სად არის დარღვევა, ამის საერთოდ არ მრცხვენია.

კონკრეტულად რაში გამოიხატება დარღვევები? ნანახი გაქვთ მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საბუთი, რომლითაც ის ითხოვს სოლიდურ თანხას?

- ჩვენ გვაქვს საბუთი, სადაც წერია, რომ გადარიცხულია 390 ათასი ევრო. თუმცა, რა ხდება - სადაც 2500 დოლარი ჯდება მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ლიცენზია და მოთხოვნა არის 6 მილიონი, ხომ კორუფციასთან გვაქვს საქმე?! ამაში ორი აზრი არ არსებობს. მარტო ეს დარღვევა კი არა, ძალიან ბევრი დარღვევაა. აუდიტმა მოიძიოს ყველაფერი, შემდეგ პროკურატურამ დაკითხოს ჯაჭვლიანიც, დაიკითხოს გოგოლაძეც და გაირკვეს, სად წავიდა ეს თანხები. იქამდე ვიბრძოლებ, ვიდრე სოსო ჯაჭვლიანს იქაურობას არ დავატოვებინებ.

წლებია ვისმენთ, რომ სოსო ჯაჭვლიანთან მიმართებაში არის პრეტენზიები, რატომ ვერ ხერხდება მისი მოხსნა?

- პირველად ვამბობ ამას, წლების განმავლობაში მწვრთნელებზე ტექნიკური ზეწოლა ხდებოდა. მე არ ვსაუბრობ მალხაზ ხვედელიძეზე, რომელიც დანიშნული ჰყავს და პრემიები, რომელიც დაერიცხა უკან მიატანინა. კაცს, რომელსაც 250 ათასი პრემია დაერიცხა, დისპეჩერად არ უნდა მუშაობდეს - ხომ?

რატომ ვერ ხერხდება მოხსნა და უმაღლეს ორგანოს გამგეობის წევრები წარმოადგენენ და არა ფედერაციის საბჭო. ამ გამგეობაში სულ სამი ადამიანია და აქედან ორი სოსო და თავისი მეგობარია. ისე აქვს გამგეობა მორგებული, თუ გამგეობის გადაწყვეტილებით არ მოხდა მისი გათავისუფლება, შეიძლება სამუდამოდ იყოს და შეუძლია შვილს გადაულოცოს.

როდესაც ბათუმში ბოიკოტი გამოვუცხადეთ, მინისტრ თეა წულუკიანთან შესახვედრად წავედით და ვუთხარით, თუ ამ ადამიანს აღნიშნულ თანხებს გადაურიცხავთ, გამოვალთ და სცენაზე 150 კაცი დაწვება-თქო. მინისტრი ვერ ხვდებოდა საქმე რაში იყო. ვუთხარით, რეალურად, ჩემპიონატი ამხელა თანხა არ ჯდება და გადახედეთ საბუთებს, ის 380 ათასი, რაც გაქვთ გადარიცხული, ისიც კი ზედმეტია-თქო. ეს თანხა, თეა წულუკიანის გადარიცხული არ იყო, ეს მის მინისტრობამდე მოხდა. შემდეგ წულუკიანმა სოსო დაიბარა და უთხრა, თუ რის გაკეთებას ვაპირებდით და უთხრა, რომ სპორტსმენებთან დალაგებულიყო. ანუ, მინისტრმა ჯაჭვლიანს თანადგომა არ გამოუცხადა. პარანაკრებშიც ჯაჭვლიანის ყველა წინააღმდეგია. ნაკრებში სრული ბოიკოტია გამოცხადებული. ჯაჭვლიანი ვერ ნახავს ვერავის, რომელსაც გამოიყვანს და ათქმევინებს, რომ მას მხარს უჭერენ.

ანუ, სოსო ჯაჭვლიანი მწვრთნელებს პრემიებს მთლიანად ართმევს და ასე ათეთრებს ფულს?

- დიახ, სოსო ჯაჭვლიანი ასე ათეთრებდა ფულს და ათეთრებს დღემდე, რაც ჩვენთან არ გამოსდიოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ხელს ვუშლიდით ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში და ფულის გათეთრებაში, რის საწინააღმდეგოდაც სოსო ჯაჭვლიანის მხრიდან იყო გამუდმებული მუქარა, რომ გაგვანთავისუფლებდა დაკავებული თანამდებობებიდან, თუ ჩვენ გავაგრძელებდით ხელშეშლას. რა თქმა უნდა, სოსოს მუქარამ ჩვენი პოზიციები ვერ შეცვალა და მან ჩვენგან მიიღო კატეგორიული უარი ჩვენი კუთვნილი პრემიების მასთან გაყოფაზე. სოსო ჯაჭვლიანმა, პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენთან გამოგზავნა ზურა ჯაჭვლიანი, რომელმაც განგვიმარტა, რომ სოსომ დაუშვა შეცდომა და ამავდროულად დაგვპირდა, რომ მსგავსი შეცდომა აღარ განმეორდებოდა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, დავთანხმდით და განვმარტეთ, რომ თუ სოსო აღარ მოითხოვდა თანხებს, ჩვენ არ დავუპირისპირდებოდით მას. სამწუხაროდ, მიღწეულმა შეთანხმებამ გასტანა მხოლოდ ერთი თვეს, ამ დროის გასვლის შემდგომ ჩვენთან ისევ მოვიდა ზურა ჯაჭვლიანი და ამჯერად მან მოგვთხოვა თანხების გაყოფა. აღნიშნულთნ დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია იყო კატეგორიული უარი და დამატებით განვუმარტეთ, რომ 3 მილიონი ევროსთვისაც ხელი არ ეხლო, ვინაიდან მათი მხრიდან თანხის ხარჯვის საკითხი იდგა ეჭვქვეშ. ამ შეხვედრიდან რამდენიმე თვეში სოსომ უმიზეზოდ გაგვანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.

ჩვენ ვიბრძვით და ბრძოლას არ შევწყვეტთ, სანამ სოსო არ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას.

არა მხოლოდ სოსო, არამედ ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობას იღებდა და იღებს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში, უცილებლად დაისჯებიან.

ჭიდაობის ფედერაციაში ზურა ჯაჭვლიანი რას წარმოადგენს?

- არაფერს, უბრალოდ სოსოს ბიძაშვილია.

დაწესებული ჰქონდა ე.წ „სტავკა“ თუ რამდენი უნდა მიეტანათ მწვრთნელებს სოსოსთვის?

- ბოლოს დაადო „სტავკა“ და ჩვენ სწორედ ეს „სტავკა“ არ მივეცით. როდესაც სოსომ შემომითვალა, რომ მისი კუთვნილი თანხა მიმეცა, შევუთვალე, რომ ჩემგან არაფერი ეკუთვნოდა. ამის შემდეგ ხდება ჩემი და ჩემი კოლეგების თანამდებობიდან გათავისუფლება.

გასაგებია, ამბობთ, რომ ათეთრებდა თანხებს, სად მიჰქონდა ეს ამხელა ფული, რაიმე ბიზნესი აქვს?

- სოსო ჯაჭვლიანს აგარაკი აქვს, რომელსაც თავისი დეპუტატობით და ვერც თავისი გადაღებული ფილმით ვერ ააშენებდა. მან რა ვიზებიც გაყიდა, იქიდან ააშენა.

რას ჰქვია ვიზები გაყიდა?

- ამერიკისა და ევროპის ვიზებს ყიდდა. რაც ფედერაციის პრეზიდენტია, ამ საქმით იყო თან დაკავებული. მაგალითად, როდესაც ნაკრები ამერიკის საელჩოში შედიოდა, რეალურად 4-5 კაცი მიჰყავდა, მაგრამ წერდა 50-კაციან სიას, ვისაც ვიზა უნდოდა და სპორტსმენებად წერდა. სოსო ჯაჭვლიანი ამ ადამიანებისგან პირდაპირ იღებდა 20 ათასს და შეიძლება უფრო მეტსაც. ევროპის ვიზა 10 ათასი ღირდა და დარბაზში ხდებოდა პირდაპირ მოლაპარაკებები.

როდესაც პარლამენტარი გახდა, მაშინაც ხდებოდა ვიზების გაყიდვა?

- როდესაც პარლამენტარი იყო, ალიკა პეწუაშვილმა, რომელიც სპორტსმენია, გარდაბანს სთხოვა 2 ათასი ლარით დაფინანსება და შუამდგომლობა სოსოს სთხოვა. ჯაჭვლიანმა ბლანკი დაბეჭდა, აწვდის პეწუაშვილს და ეუბნება - მე რომ ეს ბლანკი არ მოგცე, ამ 2 ათასს ვერ აიღებო. მოკლედ, მიატანინა ათასი ლარი და ისე მისცა ბლანკი. ანუ, ის დაფინანსება შუაზე გააყოფინა.

იმ შემთხვევაში, თუ აუდიტმა დადო დასკვნა, რომ სოსო ჯაჭვლიანი თანხებს ფლანგავდა, რა ბედი ელის მას?

- სერიოზული პრობლემები შეექმნება, რადგან საუბარი 1 და 2 ლარზე არაა. მან ოპოზიციის თემა და თამაში სწორედ ამიტომ დაიწყო. აუდიტის დასკვნა რომ დაიდება, თავს შემდეგ პოლიტიკურ დევნილად გამოაცხადებს.

ბათუმში ჩემპიონატის ჩაშლაზე სხვა ქვეყნების რეაქცია როგორი იყო?

- ყველა ჩვენს მხარესაა და არც ერთ ქვეყანას პრეტენზია არ გამოუთქვამს. ყველამ გაიგო ჩვენს ფედერაციაში რა ხდება.

ფედერაცია არის სამინისტროს დაქვემდებარებაში და არ შეუძლია სამინისტროს, რომ ფედერაცია გააუქმოს და ახალი ჩამოაყალიბოს?

- სამინისტროს შეუძლია ფედერაციის ლიკვიდაცია განახორციელოს და აღარ დააფინანსოს. ზოგადად, სამინისტროს ყველაფერი შეუძლია.

აუდიტის დასკვნა როდის გეცოდინებათ?

-აუდიტის დასკვნა 10 მარტს უნდა ვიცოდეთ.

თუ თქვენთვის მოსაწონი დასკვნა არ დადო აუდიტმა, რას მოიმოქმედებთ?

- იურისტს ავიყვანთ და სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ. ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ აუდიტის დასკვნა არასწორი იქნება. ამ ქვეყანაში ვენდობი სახელმწიფო ინსტიტუტებს.

დაბოლოს, იმ შემთხვევაში, თუ აუდიტის დასკვნის შედეგად მოხდა სოსო ჯაჭვლიანის გადადგომა, ვინ წარმოგიდგენიათ პრეზიდენტად და რას შეცვლით ფედერაციაში?

- გუნდს ვინც ენდომება, პრეზიდენტი ის გახდება. ვისაც საწოლიდან წამოდგომა შეეძლება, ფედერაციის წევრი იქნება. ფედერაციის წევრები იქნებიან ისეთი სპორტსმენები, ვისაც სამი წლის მანძილზე მოქმედება დაფიქსირებული აქვთ.

 

petrekupry ბათუმში ჩემპიონატის ჩაშლა, სხვა ბევრ რამესთან ერთად მოეკითხება საქოცეთს....
3 თვის უკან
გენადი მოკლედ თქვენი ქოცნაცური ჭიდაიბის გამო ხმა ვერ ამოგვიღია, ცოტა აზრს მოერგეთ ქოცებთან რა გინდა? სპორცმენებმა ჩავშალეთ, ძალიან დიდ პატივს დაგვდებ თუ წაიკითხავ თავიდან ბოლომდე და გამოიტანთ აზრს.
ხმას თუ ამოიღებადამიანი ეგრევე გახდით პოლიტიკურს!!!!! რა უბედურეებაა??? ან ქოცი ხარ ან ნაცი, მე არც ერთი ვარ და არც მეორე, სოსო სანამ მაგ ადგილიდან არ მოვთხრი რა დამასვენებს, გინდა ქოცი მეძახეთ და გინდა ნაცი..... ტვინი მო....... უკვე
3 თვის უკან
petrekupry სოსო სანამ მაგ ადგილიდან არ მოვთხრი რა დამასვენებს, - აი, ესაა თქვენი ლოგიკა.... პირადს გადააყოლეთ მნიშვნელოვნი შეჯიბრი .... ვნახოთ, სანამ გაგივათ ....
3 თვის უკან
თეო შენ გენადიზე მეტად შეგტკივა გული მკლავჭიდზე? ვინ ხარ საერთოდ გამოჩნდი ერთი! თუ სოსოიას შემოგზავნილი ნაშიერი ხარ?
3 თვის უკან
XALIBI ამხელა ინტერვიუ გამოაქვეყნეთ და ცოტაც დაგეცადათ, ბარემ აუდიტის დასკვნაც მიგებათ ზედ მეტი სიცხადისათვის.........
3 თვის უკან