ქვეყანაში პროდუქცია გაძვირებას იწყებს, რასაც ახლო მომავალში მოსახლეობა უფრო მეტად იგრძნობს. საჭიროა, ალტერნატიული ბაზრების სწრაფად მოძიება და გადართვა, რაც ადვილი სულაც არ არის, თანაც ფასების ზრდას სწორედ რომ ეს პროცესი დააჩქარებს. ერთი მხრივ, ქვეყანა დეფიციტის საფრთხის წინაშეა, მეორე მხრივ კი, გაძვირებას ვეღარ უმკლავდება.
როგორც საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, რუსეთთან შედარებით, ევროპული ბაზრებიდან იმპორტისთვის საჭირო ლოგისტიკური ხარჯი 50%-ით ძვირი იქნება.
„ალბათ, პანდემია მოგვენატრება, ისეთი ფასი დაედება საკვებს. ვფიქრობ, ფაო-ს ანგარიშში უფრო ნაკლები რიცხვია ნაჩვენები, ვიდრე ჩვენ გვექნება. მხოლოდ 22%-იანი ზრდა იდეალური იქნებოდა, მაგრამ კონკრეტული პროგნოზის გაკეთება მიჭირს, რადგან ჩვენი ქვეყანა თავიდან ბოლომდე იმპორტზეა დამოკიდებული. ადგილობრივი წარმოება რაც გვაქვს, მისი დიდი წილიც უჭირავს იმპორტირებულ ნედლეულს, მათ შორის გაზსა და ელექტროენერგიას. ასევე ნავთობის ფასი, რომელიც ნებისმიერი პროდუქტის თვითღირებულებაზე მნიშვნელოვნად აისახება.
მულტინაციონალურ კომპანიებს თავის ცენტრები ჰქონდათ რუსეთში გახსნილი, რომელიც ფარავდა ახლო აღმოსავლეთს და მეზობელ რეგიონს, რადგან იქ წარმოება და ლოგისტიკა ჯდება იაფი. ეს რომ შეიცვლება და ევროპულ ბაზარზე გადავეწყობით, ფასნამატი იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე - 22%. მარტივად რომ აგიხსნათ, ევროპიდან ტვირთის წამოღების ხარჯი 4 ათასი ევროს ფარგლებში თუ იყო და ახლა 6-7 ათასი ევროს ფარგლებში მერყეობს.
აღსანიშნია კიდევ ერთი გარემოება. არის ქვეყნები, რომელთაც არ აქვთ შეწყვეტილი ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან და ამით ისარგებლებენ ანუ იქ ნაყიდ ნედლეულს შეიტანენ თავის ქვეყანაში, შემდეგ სხვა შტრიხკოდს მიაკრავენ, შეფუთავენ და ჩვენთან შემოვა 50%-ით უფრო ძვირად“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.
ერთია პროდუქციის გაძვირება და მეორე ის, რომ საქართველო შესაძლოა, მოწოდების ჯაჭვის რღვევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ამიტომ საჭიროა მომარაგების ალტერნატიული გზების გამოძებნა.
ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კაჭარავა პირდაპირ ამბობს, რომ მარტივი არ არის ახალ ბაზრებზე გასვლა.
„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გადაზიდვის ღირებულება იქნება, მაგრამ თუ ბრუნვის მოცულობა გაიზრდება, ეს ავტომატურად ნიშნავს, ფასები შემცირდება ტრასპორტირებაზეც. თავად მთავრობამ უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი, ტარიფების სინქრონიზაციის კუთხით. გარდა ამისა, ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება მნიშვნელოვან შედეგებზე გასვლა უახლოეს თვეებში“, - განაცხადა გიორგი კაჭრავამ გადაცემა „საქმეში“ და დასძინა, რომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება, ერთი მხრივ, ეს ლოგისტიკის დაბალი ფასით, მეორე მხრივ კი, პროცედურების სიმარტივითაა განპირობებული.
„რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ძალიან კონკურენტულია ფასი, მეორე მხრივ კი, ექსპორტის დროს, არ არის ბიუროკრატიული პროცედურები, რომელსაც ევროკავშირის ბაზარზე შესვლა მოითხოვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხორბლის კუთხით, საქართველომ ყაზახეთის ბაზარზე გადართვა მოახერხა და მოლაპარაკებები შესაძლოა, დაიწყოს უნგრეთთან და რუმინეთთანაც. ასე რომ, შესაძლებლობები არის. თავისუფლად შეგვიძლია განვიხილოთ ღვინის ალტერნატიული ბაზრები, რადგან ეს პროდუქცია ნამდვილად აკმაყოფილებს უკვე სტანდარტებს და შეუძლია ევროკავშირის ბაზარზე შესვლა.
გარდა ამისა, ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაც დროულად უნდა გადაწყდეს ტრანსნაციონალური კომპანიების მხრიდან, რომლებიც ფარავენ საქართველოს რუსეთის მხრიდან. ისინი სასწრაფოდ უნდა გადაერთონ პირდაპირ იმპორტზე. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ რომც გვქონდეს ექსპორტის კუთხით რუსეთის ბაზარზე გასვლის სურვილი, ერთი მხრივ, უკვე არსებობს გადაზიდვის პრობლემები და მეორე მხრივ კი, რუსეთში მსყიდველუნარიანობა შემცირებულია. თუ ბიზნეს სექტორი და ხელისუფლება გაერთიანდება, ვფიქრობთ, გარკვეული შედეგების მიღწევა შესაძლებელია“, - დასძინა კაჭარავამ.