მოსახლეობას და ბიზნესს ახლა ერთნაირი თავის ტკივილი აწუხებს - სიძვირე და გაზრდილი ხარჯი. წავიდა ის დროს, როდესაც ამა თუ იმ პროდუქციის გაძვირება მხოლოდ მომხმარებლის თავსატეხი იყო. დღეს გაზრდილი ფასი მეწარმეებისთვისაც ისეთივე პრობლემურია, როგორც საყიდლებზე წასული მოქალაქეებისათვის.
ამის მიზეზი ისევ და ისევ ორ ქვეყანას შორის გაჩაღებული ომი და საქართველოს მყიფე სავაჭრო კავშირებია. ქართველი მეწარმეები რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე 90%-ით არიან დამოკიდებულნი, მცირე დროში კი ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამიტომ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას აზრით, საქართველოს ელჩებმა ქვეყანას სავაჭრო პარტნიორები უნდა მოუძებნონ. გარდა ექსპორტისა, პრობლემაა იმპორტიც, რადგან საქართველო ამ მიმართულებითაც, ძირითადად, რუსეთსა და უკრაინაზეა დამოკიდებული.
„ევროკავშირის ბაზარზე გადაწყობა ძალიან დაგვიანებულია, რადგან ფერმერები მოსავალს რამდენიმე თვეში ელოდებიან ჩვენ კი, 90%-ით რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე ვართ დამოკიდებული. მძიმე პერიოდი გველოდება. ახლა საქართველოს თითოეული ელჩი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში არის, საქართველოსთვის სავაჭრო პარტნიორების მოძიებაში უნდა იყვნენ ჩართულები.
ამიტომ, იმისათვის, რომ მომხმარებელს პროდუქტი არ გაუძვირდეს, რამდენიმე რეკომენდაცია გვაქვს, რომლებიც სახელმწიფოს და ელჩებსაც, შევთავაზეთ. მათ შორისაა საშემოსავლო და დღგ-ის გადასახადების, ასევე აქციზის განაკვეთის შემცირება, რაც არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ, ასევე თურქეთმაც პანდემიის პერიოდში გააკეთა“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.
ზოგადად სიძვირის და გადასახადებისა საკითხი დღევანდელ ვითარებაში ყველა ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ საქართველოში, რომეიც 70%-ით იმპორტზეა დამოკიდებული, ეს განსაკუთრებით მტკივნეული საკითხია. მოსახლეობის ინფლაციისგან დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ამიტომ მთავრობას სხვადასხვა გზების გამოძებნა და განხილვა მოუწევს.
აფბა-ს ვეცი-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარიც იზიარებს იმ აზრს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაღალი ფასის გამო მეწარმეებს ან ფერმერებს ზიანი მიადგებათ, კარგი იქნება საგადასახადო შეღავათების დაწესება, რაც როგორც ეკონომიკაზე, ასევე მეწარმეებზე პოზიტიურად აისახება.
„სიძვირე კარგად არავისზე არ მოქმედებს, თუმცა ნებისმიერი კუთხით სუბსიდირება ჩემთვის მიუღებელია. ეს, ჩვენი ეკონომიკური სტრუქტურის გათვალისწინებით, მიმაჩნია არამიზნობრივად და გაუმართლებლად. თუ გვსურს, ფერმერს ან მეწარმეს შევუმსუბუქოთ საწარმო ხარჯები, არსებობს სხვა, ბევრად უფრო ქმედითი ბერკეტები, ვიდრე სუბსიდირებაა. ამისათვის ძალიან ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა სხვადასხვა საგადასახადო შეღავათი, დაწყებული ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდან, გაგრძელებული ევროპის სახელმწიფოებით.
ქვეყნებმა, ერთი მხრივ, თავიანთი წარმოების წასახალისებლად და, მეორე მხრივ, ინფლაციის მეტ-ნაკლებლად დასასტაბილურებლად უკვე დაიწყეს შეღავათების დაწესება სხვადასხვა საქონელზე და მათ შორის - ნავთობპროდუქტებზე. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება ფერმერებს, მეწარმეებს, ბიზნესმენებსა და სხვა წარმომადგენლებს შეუმცირდეთ ხარჯები, ამაზე პასუხი მარტივია - ეს უნდა გაკეთდეს სწორი და უფრო მოქნილი საგადასახადო პოლიტიკის მეშვეობით და არა - სუბსიდირებით“, - აღნიშნა ბაირახტარმა.