უამინდობამ და აკრძალვამ მარცვლეულის იმპორტი ერთდროულად წნეხში მოაქცია

უამინდობამ და აკრძალვამ მარცვლეულის იმპორტი ერთდროულად წნეხში მოაქცია

რუსეთი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ხორბლის, ჭვავის, ქერისა და სიმინდის ექსპორტს 30 ივნისამდე კრძალავს. ხორბალთან დაკავშირებით საფრთხეს მწარმოებლები ნაკლებად ელიან, რადგან ფიქრობენ, რომ ფქვილის შემოტანას არაფერი ემუქრება. პრობლემა ამ მომენტისთვის უფრო უამინდობას უკავშირდება. ლარსის გამშვებ პუნქტთან 250 ფქვილით დატვირთული მანქანაა გაჩერებული, რომლებით უკვე ერთი კვირაა გამოდარებას ელოდებიან. ჯერჯერობით ქვეყანაში მარაგი არის.

14 მარტს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მეზობელ ქვეყნებში თეთრი და ნედლი შაქრის ექსპორტს 31 აგვისტომდე, ხოლო ხორბლის, ჭვავის, ქერისა და სიმინდის ექსპორტს 30 ივნისამდე კრძალავს. ვიცე-პრემიერმა ვიქტორია აბრამჩენკომ განაცხადა, რომ მარცვლეულის ექსპორტი კვოტის ფარგლებში, სპეციალური სავაჭრო-საექსპორტო ლიცენზიებით გაგრძელდება. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ზომები გარე შეზღუდვების ფონზე შიდა სასურსათო ბაზრის დასაცავად მიიღეს“.

პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ფქვილის ექსპორტი არ იზღუდება, თუმცა ლოგისტიკასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს.

„ყველა ქვეყანა საკუთარი ბაზრის დაცვას ცდილობს, მათ შორის- რუსეთი, რომელიც, როგორც ჩანს, მარცვლეულზე გაზრდილი მოთხოვნის გამო შეშფოთებულია და ზომებს მიმართავს. რუსეთიდან ხორბალი თუ არ შემოვა, ფქვილს არ შეზღუდავენ. ახლო-მახლო რეგიონებში ბევრი კერძო წისქვილია, ისინი ფქვილის გაყიდვას ყველა საშუალებით ცდილობენ, რადგან ჭარბი მარაგი აქვთ და უნდათ, პროდუქტი მოიშორონ, თუმცა ლოგისტიკასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა შეიქმნა. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე რამდენიმეკილომეტრიანი რიგია, ვინაიდან სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მანქანები ვერ გადაადგილდებიან უამინდობის გამო.

შექმნილი სიტუაციით ისარგებლეს წისქვილკომბინატებმა და ფქვილის ფასი ერთბაშად 77 ლარამდე გაზარდეს, თუმცა პურის ფასს მაინც არაფერი ემუქრება. ნაშთები საკმარისია იმისთვის, რომ სიტუაციას გაუძლონ, მით უმეტეს, გამოიდარებს და გზაც გაიხსნება“, - განაცხადა დოლიძემ.

უამინდობასთან დაკავშირებით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მართლაც პრობლემებია. რუსეთიდან საქართველოში ფქვილით დატვირთული მანქანები რამდენიმე დღეა ვეღარ შემოდიან. 250-მდე სატვირთო ავტომობილი ლარსის გამშვებ პუნქტზე უკვე ერთი კვირაა დგას.

როგორც კომპანია „იფქლი დიღომის“ დირექტორი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ფქვილის დეფიციტის პრობლემა არაა, რადგან კომპანიებს, დაახლოებით, სამკვირიანი მარაგები გააჩნიათ.

„200-250 ფქვილის მანქანა რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა გაჭედილი. ამინდის გამოა პრობლემა, თოვს და ყინვაა, ზვავ-საშიშროებაა და გაჩერებულია მანქანები. ერთი კვირაა ასეა. სატვირთო მანქანების ნაწილი ჩვენს ტერიტორიაზეა გადმოსული, მაგრამ არ უშვებენ, რადგან ზვავსაშიშროებაა“, - განუცხადა „ბიემს“ ნისან იოსებაშვილმა.

კომპანია „იფქლის“ ხელმძღვანელის თქმით, მეტეოროლოგიური პირობების გარდა, რუსეთიდან ფქვილის შემოტანის პრობლემა არ დგას და მოწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„რუსეთიდან ფქვილის შემოტანის პრობლემა არ დგას. ახლა თოვლია და ლარსზე ფიზიკურად გაჩერებულია მოძრაობა. როგორც ასეთი, შეფერხება პოლიტიკური კუთხით არ არის. ლარსზე ბევრი მანქანა დგას, რომ შემოვა დასტაბილურდება სიტუაცია... ჩვენს კომპანიას პირადი მარაგი აქვს, მაგრამ საერთოდ, პურის არც ერთ წარმოებას არ აქვს დიდი მარაგი. ეს შეიძლება იყოს 2 კვირა, 20 დღე, მაქსიმუმ ერთი თვეზე გათვლილი მარაგები“, - განაცხადა ბაქარ ბაკურაძემ.