საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ გაგზავნა რადიოთი 17 თებერვალს შემდეგი დეპეშა:
მთელი ქვეყნის ხალხებს და ყველა მთავრობებს.
ქართველი ხალხის და მისი მთავრობის შეურყეველმა მისწრაფებამ მშვიდობიანად და მეგობრულად ეცხოვრა ყველა ხალხებთან, ვერ ააღებინა ხელი ჩვენ მეზობლებს - საბჭოთა რესპუბლიკებს ჩვენს წინააღმდეგ საზიზღარ თავდასხმაზე.
საბჭოთა სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსთა წითელ ჯარის საშუალებით, ომის ფორმალურად გამოუცხადებლივ, გამოილაშქრეს ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი დამოუკიდებლობის მოსასპობლად და ქართველი ხალხის დასამონავებლად.
თქვენ უნდა იცოდეთ ყველამ, რომ ამით რუსეთის საბჭოთა მთავრობა იდენს ისტორიაში უმაგალითო ბოროტ-მოქმედებას. მას შემდეგ, რაც დაარღვია ჩვენთან დადებული ყველა ხელშეკრულებები, მან გადასწყვიტა, წითელი დროშის და ლამაზი ლოზუნგების ნიღაბის ქვეშ, შეიარაღებული ძალით მოსპოს ჩვენი თავისუფლება, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენობა.
მთელი ქვეყნის წინაშე გიცხადებთ ჩვენ, რომ ქართველ ხალხს მტკიცეთ აქვს გადაწყვეტილი ბრძოლა უკანასკნელ სულის თქმამდე თავის უსაშინელეს მტერთან.
ამ მძიმე ისტორიულ მომენტში ქართველი ხალხი გამსჭვალულია მხოლოდ ერთი მისწრაფებით: დამოუკიდებლობა ან სიკვდილი!
და ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ ბრძოლაში ყველა კულტურულ ხალხთა თანაგრძნობა ჩვენს მხარეზე არის.
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.