ლარის არანორმალურ გაუფასურებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ბანკების სპეკულაციასაც აბრალებენ

ლარის არანორმალურ გაუფასურებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ბანკების სპეკულაციასაც აბრალებენ

მნიშვნელოვანი გაუფასურების შემდეგ, ლარი ომის დაწყებიდან დღემდე პირველად მყარდება. ფინანსისტების ნაწილი რამდენიმედღიანი დევალვაციის პროცესს ბანკების სპეკულაციას უკავშირებს, ნაწილი კი - მოსახლეობაში ატეხილ აჟიოტაჟს.

მართალია, ეროვნული ვალუტა პოზიციებს სწრაფად იუმჯობესებს, მაგრამ იგი ომამდელ ნიშნულს ახლო მომავალში ვერ დაუბრუნდება. შესაბამისად სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები მაღალი დარჩება და ინფლაციაც მთავრობის დაპირებისამებრ ვერ შემცირდება.

სები-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მერაბ კაკულია აზრით, ბოლო გაუფასურების ძირითადი ფაქტორი ემოციური იყო. მალევე ცხადი გახდა, რომ ლარი ვერ შეინარჩუნებდა იმ ნიშნულს, რომელიც თებერვლის ბოლო კვირამდე ჰქონდა.

„ლარის ბოლო გაუფასურება, ძირითადად ემოციებზე რომ არ ყოფილიყო დაყრდნობილი, ინტერვენცია ასეთ მყისიერ შედეგს ვერ მოახდენდა. როცა ასეთი პროცესები ვითარდება მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში და მისი შედეგები ჯერ კიდევ ისეთი მკაფიო არ არის და ეს მომავალშია მოსალოდნელი, რა თქმა უნდა, უარყოფით მოლოდინს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დოლარმა ყველა სარეზერვო ვალუტის მიმართ ომამდე დაიწყო გამყარება და ეს პროცესიც გრძელდება. ბაზრის მოთამაშეები მიიჩნევენ, რომ რადგან ევროპაშია ომი, ევროს უფრო დიდი საფრთხე ემუქრება, ვიდრე დოლარს. ყველაფრის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ლარი ვერ შეინარჩუნებდა იმ ნიშნულს, რომელიც თებერვლის ბოლო კვირამდე ჰქონდა. ემოციური ფაქტორების დაცხრომის შემდეგ, ლარი გარკვეულ დიაპაზონში მოექცევა, თუმცა ომამდელ ნიშნულს არ დაუბრუნდება.

არ გამოვრიცხავ, რომ სებ-ს მოუწიოს კიდევ არაერთი ინტერვენციის განხორციელება, მაგრამ პრინციპი ასეთია, რომ იმ პირობებში, როცა ფუნდამენტური ფაქტორებით არის გამოწვეული გაუფასურება, ინტერვენცია კონტრპროდუქტიულია, ხოლო თუ ემოციური ფაქტორები იქნება ისევ წინ, მაშინ ინტერვენციებს ექნება გარკვეული მასტაბილიზებელი ფუნქცია. არ გამოვრიცხავ, რომ მონეტარული პოლიტიკა კიდევ გამკაცრდეს, მაგრამ ეს არ არის სასურველი იმ რისკებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც უკვე დგას და შეიძლება დადგეს ქართული ეკონომიკის წინაშე“, - განაცხადა კაკულიამ.

სრულიად სხვა მოსაზრება აქვს შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ფინანსური ბაზრის მკვლევარს ნიკა შენგელიას, რომელიც კომერციულ ბანკებს სპეკულაციურ ქმედებებში ადანაშაულებს. იგი ამბობს, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურება და გამყარებაც ხელოვნურად მოახდინეს და ამ პროცესს ვერც ეროვნულმა ბანკმა შეუშალა ხელი, საბოლოოდ კი მოსახლეობისა და ბიზნესის დიდმა ნაწილმა მძიმე ფინანსური დარტყმა მიიღო.

ფინანსისტის შეფასებით, შექმნილ სიტუაციაში ვერც Bimatch-ის პლატფორმამ იმუშავა და საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეს სისტემა სავალუტო ბაზრის რისკებისგან დაცვას ვერ ემსახურება, რა ფუნქციაც მას რეალურად უნდა ეკისრებოდეს.

„ადრე, როდესაც Bimatch-ის სისტემა ამუშავდა, ვამბობდი, რომ ის ბაზარს მკვეთრი სავალუტო რყევებისგან ვერ დაიცავდა. ბოლო დროის მოვლენებმა ეს საბოლოოდ დაადასტურა. მან ვერ უზრუნველყო ლარის კურსის მკვეთრი რყევებისგან დაცვა, რომელიც ძალიან საშიშია ეკონომიკისა და ზოგადად, საზოგადოებრივი განწყობისთვის. ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს, 5-6 საათის განმავლობაში ლარი ნახტომისებრად გაუფასურდა. განა რა მოხდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ისეთი, რომ ლარი ასე გაუფასურდა ან რა ხდება დღეს, როცა ასეთი გამყარების ტენდენცია დაიწყო? პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის ბანკების მხრიდან სპეკულაციური გარიგებების შედეგი, რასაც ეროვნული ბანკიც ზურგს უმაგრებს.

ჩვენ ვთქვით, რომ საჭირო იყო სებ-ის ჩარევა, მაგრამ მან მხოლოდ 9 მარტს მიიღო ზომები, როცა 2 კვირაა ეს პროცესი მიმდინარეობს და მოსახლეობა ზარალდება. ლარის მასშტაბური გაუფასურება არ უნდა დაეშვათ. ეს არის სპეკულაციური გამოხტომები კომერციული ბანკების მხრიდან, სებ-მაც ხელი შეუწყო და საბოლოოდ გამოიწვია მოსახლეობის პრობლემა - კატასტროფულად გაიზარდა ფასები, მათ შორის შაქარზე, რომელიც უკვე 4 ლარის ფარგლებშია. ვინმე თუ ფიქრობს, რომ კურსი გამყარდება და ფასები დაიწევს, ცდება. ამ პროცესს ჯერჯერობით არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა „კომერსანტთან“ ნიკა შენგელიამ.

ფინანსისტის თქმით, ფასების ზრდით განსაკუთრებით მოსახლეობა, მცირე და საშუალო ბიზნესი დაზარალდება, რაც საბოლოოდ კომერციული ბანკების უპასუხისმგებლო ქცევამ გამოიწვია.

„მიზანმიმართულად ხდება აჟიოტაჟი, რაც ლარზე კიდევ იმოქმედებს. სავარაუდოდ, კურსი დასტაბილურდება 3,15-3,20-ის ფარგლებში, მაგრამ ფასებს და გაღატაკებული მოსახლეობის მდგომარეობას ამით არაფერი ეშველება. ბანკები აკეთებენ ყველაფერს, რაც მათ დიდ მოგებას მოუტანს, ხოლო ეროვნული ბანკი მათი მომსახურების სააგენტოდ იქცა, უაღრესად ნეგატიურ ტენდენციას აქვს ადგილი“, - დასძინა შენგელიამ.

Aburjga Tasmanieli ყველა სხვა ფაქტორებიდან ბანკების სპეკულიაციის წილი არის დაახლოებით 90%!
2 წლის უკან