ვრცელდება ინფორმაციები, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები მასობრივად შემოვიდნენ. ისინი საქართველოს ქალაქებში უძრავი ქონებას დასაქირავებლად ეძებენ. როგორც ჩანს, მათი გეგმა რამდენიმე თვეზეა გათვლილი - სანამ უკრაინაში ომი დასრულდება, მანამდე ისინი უკან დაბრუნებას არ აპირებენ.
ამგვარ ტენდენციას ადასტურებენ უძრავი ქონების ბიზნესით დაკავებული ადამიანები. როგორც კომპანია „ნობლე რეალ ესტატე“-ის დამფუძნებელი, უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი ვაჟა მებაღიშვილი აცხადებს, ამ ორი ქვეყნიდან შემოსულ ადამიანებს ბინების დაქირავება, ძირითადად, მოკლე ვადით სურთ, მოთხოვნა კი თბილისსა და ბათუმზეა.
„როცა რუსეთიდან და ბელარუსიდან რეკავენ კლიენტები, პირველ ეტაპზე, გვესაუბრებიან ინგლისურად. ეს აშკარაა, ჩვენი დამოკიდებულების მიმართ სიფრთხილისა და შიშის გამო. შემდეგ ისინი ელექტრონული ფოსტით გვწერენ, რომ გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ახალი ტენდენცია. თვალსაჩინო რომ იყოს, დღის 12 საათამდე, დაახლოებით, 25 ზარი და 10 შეტყობინება მაინც შემოდის ამ ორი ქვეყნიდან. უკრაინიდან მომართვიანობა ნაკლებია, რადგან მოგეხსენებათ, ევროპის ქვეყნები იღებენ აქტიურად ლტოლვილებად. ასეთია სიტუაცია ჩვენთან და ასოციაციის სხვა წევრებთან, ვისთანაც საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს.
ნახტომისებურად არის გაზრდილი მოთხოვნა, მაგრამ ქართველი გამქირავებლების 85% უარს ამბობს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ბინის მიქირავებაზე. მესაკუთრეები კითხულობენ, ამ ორი ქვეყნიდან ხომ არ არიან. გაყიდვაზეც ზუსტად იგივე სიტუაციაა.
დაქირავება უნდათ 2-4-6 თვით, მაგრამ რადგან მიხვდნენ, რომ გრძელვადიანი ხელშეკრულებები უფრო ადვილი მოსაპოვებელია, ითხოვენ 1 წლითაც, თუმცა გვეკითხებიან ხოლმე, კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში როგორი იქნება სანქციები და ჩვენ ვაძლევთ დეტალურ განმარტებას. მოთხოვნა თბილისსა და ბათუმზეა, რადგან ზღვის სეზონი უკვე ახლოსაა
ჩვენი კომპანია ვაკის, ვერის და ნაწილობრივ საბურთალოს ბაზრებზე მუშაობს და აქ ფასები 30-50%-ის ფარგლებშია გაზრდილი“, - განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.
ბოლო 2-კვირიან პერიოდში გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე ფასების 30-დან 50%-მდე გაზრდაზე საუბრობენ უძრავი ქონების კომპანია „სიგმაშიც“. კომპანიის მფლობელი ზურაბ ლაჩაშვილი აღნიშნავს, რომ მოთხოვნა გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე უფრო მეტად გარეუბნებში, ბიუჯეტურ ბინებზე ფიქსირდება, თუმცა მათი კლიენტების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინის მიქირავებაზე უარს აცხადებს.
„ჩავატარეთ კვლევა ჩვენს დამკვეთებთან, ვინც ბინას აქირავებს და აღმოჩნდა რომ 90% უარს ამბობს მათთვის სახლების მიქირავებაზე. ამიტომ არ ვემსახურებით რუსეთის მოქალაქეებს. რაც შეეხება ბაზარზე ვითარებას, ფასები მკვეთრად გაიზარდა, თუ ღირდა ბინა 300 დოლარი, დღეს მისი ფასი 400-450 დოლარის ფარგლებშია. გარეუბნებზე უფრო მეტია მოთხოვნა, უფრო დაბალბიუჯეტიან ბინებს ეძებენ“, - აღნიშნა ლაჩაშვილმა.
როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ბინებზე ფასის ზრდის ტენდენციაზე საუბრობენ „თიბისი კაპიტალშიც“. მათი ინფორმაციით, გასაქირავებელი ბინები - 27%-ით, გასაყიდი კი 10%-ით გაძვირდა.