ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ძმა და კრიმინალური პოლიციის შეფის, ერეკლე კოდუას ცოლისძმა მიშა ჟორჟოლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
როგორც ჟორჟოლიანის ადვოკატმა არჩილ შავყულაშვილმა განუცხადა, მიშა ჟორჟოლიანი პატიმრობიდან გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა ადვოკატი გირაოს თანხას არ ასახელებს.
თავისუფლები არიან ასევე ჟორჟოლიანთან ერთად დაკავებული დავით ბენიძე, კონსტანტინე ჩაჩავა და ირაკლი ღლონტი.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა განყოფილებამ აპრილის შუა რიცხვებში პოლიციის გენერალ-მაიორის, სოდ-ის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას ცოლისძმა მიშა ჟორჟოლიანი და თავდაცვის ყოფილი მინიტრის, დავით კეზერაშვილის მეგობარი დავით ბენიძე ქუჩური გარჩევების დროს დააკავა.
მათთან ერთად აიყვანეს მათი ორი მეგობარი - კონსტანტინე ჩაჩავა და ირაკლი ღლონტი. ოთხივე მათგანს აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 353-ე მუხლის მეორე პუნქტით წაუყენეს - წინააღმდეგობა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.