ასლან აბაშიძესთან დაკავშირებულმა სკანდალებმა ის შედეგი გამოიღო, რომ თითქოსდა მივიწყებული პოლიტიკური ფიგურები კვლავ გამოჩნდნენ სცენაზე. უფრო მეტიც, მათ სრული პოლიტიკური რეაბილიტაციისა და აღორძინების შანსი გაუჩნდათ.
როგორც ირკვევა, ასლან აბაშიძე მეგობრების მომრავლებასთან ერთად მათ შერიგებასა და კონსოლიდაციას ახერხებს. დავით ბერძენიშვილმა მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა ტელევიზიით გამოსვლისას: „მოქალაქეები“ მიხვდნენ, რომ აბაშიძესთან დაკავშირებით მართალნი ვყოფილვართო.
დავით ბერძენიშვილისა და სხვა „რესპუბლიკელებისათვის“ აჭარის კრიტიკა, შეიძლება ითქვას, ცხოვრების საზრისია, ვინაიდან ისინი „ერთხელ და სამუდამოდ დარწმუნდნენ, რომ ასლან აბაშიძეს აჭარა განკერძოებისაკენ მიჰყავს და პარტიკულარიზმს აღვივებს, რაც ადრე თუ გვიან უეჭველად გადაიზრდება სეპარატიზმში“.
ამას ამბობდა დავით ბერძენიშვილი 1992 წელს. იგივეს იმეორებს დღესაც.პოზიცია მას იოტისოდენად არ შეუცვლია. მისი აზრით, მოხდა პირიქით - პოზიცია შეიცვალა იმ ხალხმა, ვინც ასლან აბაშიძესთან თანამშრომლობა ადრე შესაძლებლად მიაჩნდა. რაც უფრო გამწვავდება ურთიერთობა „მოქალაქეთა კავშირსა“ და ასლან აბაშიძეს შორის, რაც უფრო ხშირად გალანძღავს აჭარის ლიდერი „მოქალაქეებს“, მით უფრო ფრთას შეასხამს პირადად დავით ბერძენიშვილს.
ამასთან, „რესპუბლიკელებში“ ბევრია ისეთი ფიგურა, რომლებიც საზოგადოებაში ნეგატიურად არ აღიქმებიან: ვახტანგ ხმალაძე, ივლიანე ხაინდრავა, რევაზ შავიშვილი. მათ საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედითი „ანტისტერეოტიპის“ ჩამოყალიბება ძალზე ძნელია - ისინი არც კომუნისტური ნომენკლატურა ყოფილან ოდესმე, არც „ნაცისტები“ არიან, არც კორუმპირებული ჩინოვნიკები და ვერც „შევარდნაძის მონებად“ გამოაცხადებ.
ასლან აბაშიძე შეცდომას - შეცდომაზე უშვებს: თუ „რესპუბლიკელები“ მოქალაქეთა კავშირს ღიად და აშკარად დაუჭერენ მხარს - „მოქალაქეების“ პოზიციები ნამდვილად გაძლიერდება. ასლან აბაშიძის მრავალრიცხოვან მრჩევლებს, როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ რაკი „რესპუბლიკელები“ ხელისუფლებაში არ არიან წარმოდგენილნი, მათი მხარდაჭერა აღარაფერს ნიშნავს - ეს ილუზიაა.
სინამდვილეში, პოლიტიკური რენომეს თვალსაზრისით, სწორედ „რესპუბლიკელთა“ სრული არაანგაჟირებულობის გამო, ანუ იმიტომ, რომ ისინი განასახიერებენ ისეთ ძალებს, საზოგადოებრივ შრესა თუ საზოგადოებრივ მსოფლმხედველობას, რომელიც რაიმე სახის რეაქციასთან არ ასოცირდება.
მათი მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ მხარდაჭერით „მოქალაქეებმა“ შეიძლება შეიძინონ გარდაუვალი გარკვეული ქარიზმა იმ სოციუმის წევრთა თვალში, ვინც მომავალ საქართველოს და არა შუასაუკუნეობრივ ბნელეთს განასახიერებს.
ამდენად, ასლან აბაშიძემ მხოლოდ იმას მიაღწია, რომ „რესპუბლიკელებმა“ მომავალი არჩევნების შედეგად პარლამენტში დაბრუნების შანსი მიიღეს.
ერთია, როდესაც რომელიმე ბობოლა თბილისელი ჩინოვნიკი ილაშქრებს „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ წინააღმდეგ - იგი ყოველთვის შეიძლება დაადანაშაულო „ძველებურ აზროვნებაში“, სხვისი შეკვეთის შესრულებაში და ა.შ. მაგრამ რესპუბლიკელთა უმრავლესობას ამას ვერ დასდებ ბრალად.
სხვათა შორის, „რესპუბლიკელთა“ მაგალითი ადასტურებს, რომ საქართველოში უკომპრომისო და პრინციპული პოლიტიკური პოზიციის დაკავება არც ისე „უიმედო საქმეა“, როგორც ზოგიერთს ეგონა.
რესპუბლიკელთა აღორძინება ამის თვალსაჩინო მაგალითია. ყველაზე მეტად საინტერესო ის არის, რომ ამ პოლიტიკური ფენომენის (რესპუბლიკელების) დაკავშირებას მმართველ პარტიასთან მხოლოდ ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლა როდი უდევს საფუძვლად.
„ჟვანიას გუნდი“ ბერძენიშვილსა და ხაინდრავას ჯერ კიდევ მანამ შეუქიათ სასამართლო რეფორმისა და ზოგიერთი სხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისათვის, სანამ ხარაზი პარლამენტის თავმჯდომარეს ტერორისტად გამოაცხადებდა.
რესპუბლიკელებს „სისხლისმსმელი აფთრების“ იმიჯი არა აქვთ საზოგადოებაში, მაგრამ არც განსაკუთრებული პატივისცემა იგრძნობოდა მათ მიმართ.
ბევრს აღიზიანებდა „რესპუბლიკელთა“ პედანტიზმი, რეალობის უპატივცემულობა, აგრეთვე მათი როლი 1991 წლის შემოდგომის მოვლენებში, როცა აშკარა კრიმინალურმა ბანდამ ისინი თავისი მიზნებისათვის გამოიყენა.
მაგრამ ვითარება იცვლება. „რესპუბლიკელები“ კი პოლიტიკურ ფაქტორად ნამდვილად რჩებიან. რაც მთავარია, მათ ზოგიერთებივით პოლიტიკური მეძავობა არ დაიწყეს, ამიტომ ჭეშმარიტი აღორძინების სრული შანსიც აქვთ - თუნდაც მძლავრ მოკავშირესთან ინტერესთა და შეხედულებათა თანხვედრის საფუძველზე.