ესპანელმა აგენტმა ანტონიო ლოპესმა Plaza Radio-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მამარდაშვილი ახლა უფრო მაღალი დონის მეკარე იქნებოდა, „ვალენსიაში“ უფრო ადრე რომ გადასულიყო.
ლოპესმა ისიც თქვა, რომ გიორგის გარემოცვა არ მოსწონს და იმედოვნებს, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი მალე ყველაფერს მიხვდება.
„აღმოსავლეთ ევროპაში ბევრს ვმოგზაურობ და სამუშაოს რუსული ენის ცოდნა მიმარტივებს. მყავს მეგობრები და მაქვს კონტაქტები ევროპის ამ ნაწილში, რადგან 1986 წლიდან დავიწყე „ვალენსიასთვის“ მუშაობა აღმოსავლეთში. ქართულ ფეხბურთში ლევან სარალიძე მეხმარება, რომელმაც მითხრა, რომ იქ იყო ძალიან საინტერესო მეკარე „დინამო თბილისიდან“, რომელიც იჯარით „ლოკომოტივში“ თამაშობდა.
2020 წლის დეკემბერში, შობის წინ დავუკავშირდი ესპანურ კლუბებს, მათ შორის „ბარსელონასა“ და „ვალენსიას“. ერთადერთი ვინც, ფსონის დადება გადაწყვიტა და კონტრაქტის გაფორმება ისურვა, „ვალენსია“ იყო. ძალიან რთულია 19 წლის ქართველი მეკარის გაყიდვა. კლუბებში ძირითადად უკვირთ ან საერთოდ არ გპასუხობენ. თუმცა, საქართველოს მსგავს ქვეყნებში არსებობენ საინტერესო მოთამაშეები, რომლებიც პატარა ასაკში უნდა მოძებნო, რადგან სხვა ბაზრებზე ფასები მსგავს ფეხბურთელებზე ძალიან მაღალია.
„ვალენსიას“ ის 2020 წლის დეკემბერში შევთავაზე და 2021 წლის აპრილში დამირეკეს. იქამდე, არ იყვნენ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულნი, ძალიან რთული იყო. პანდემიამაც ყველაფერი გაართულა და საბუთების პრობლემის მოგვარებაც რთულია, რადგან საქართველოში ესპანეთის საელჩო არ არის და სტამბოლში უნდა წახვიდე, რომ ყველაფერი დაამუშავო. გარდა ამისა, საქართველოში მოლაპარაკებების წარმოება ძალიან რთულია, ძალიან დამღლელი გახლდათ, მაგრამ ტრანსფერის დახურვა გასულ ზაფხულს მოხერხდა.
გიორგი პატერნას უბანში ცხოვრობს, ფეხბურთზე და კლუბზეა ფოკუსირებული. ძალია ბედნიერია, მაგრამ მის ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც არ მომწონს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თვალები აეხილება და რაღაცებს მიხვდება. ესპანურ ენას ქართველი ქალი ასწავლის, რომელიც ვალენსიაშია გათხოვილი და ნებისმიერ პროცედურაში ეხმარება.
გიორგი „ვალენსიას“ დონის მეკარეა. 21 წლისაა და შეცდომები დაუშვა, რადგან ახალგაზრდაა, მაგრამ ეს შეცდომები იმისთვისაა, რომ ისწავლოს. უფრო ახალგაზრდა რომ მოსულიყო აქ, ამ შეცდომებს არ დაუშვებდა, ის უკეთესი მეკარე იქნებოდა. საქართველოში არ არის მომზადების ისეთი პირობები, როგორიც „ვალენსიას“ აკადემიაში. ადრე რომ მოსულიყო, ხარვეზები შეიძლება არც ჰქონოდა. ცოტა გვიან ჩამოვიდა, ფეხბურთელი უფრო ახალგაზრდულ ასაკში უნდა მოიყვანო. გიორგის მამა, დავითიც მეკარე იყო, უფრო მოკრძალებულ დონეზე თამაშობდა, მაგრამ თავის შვილზე დიდი გავლენა იქონია“, - თქვა ანტონიო ლოპესმა.
აქვე გეტყვით, რომ ანტონიო ლოპესმა მამარდაშვილის გარდა, ესპანეთში გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“) და ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა („კადისი“) წაიყვანა. Plaza Radio წერს იმასაც, რომ ის მამარდაშვილით ერთი მატჩით მოიხიბლა, როდესაც თბილისის „ლოკომოტივი“ ევროპა ლიგაზე „გრანადას“ დაუპირისპირდა.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა და ხუთჯერ კარი მშრალად შეინახა.