ლარის დევალვაციამ მოსახლეობა და ბიზნესი შოკში ჩააგდო. ვითარება დრამატულიდან ტრაგიკულში გადადის. კურსის ასეთი დაცემა, ერთი მხრივ, შიდა სავალუტო ბაზარზე ატეხილ აჟიოტაჟს უკავშირდება და მეორე მხრივ, რუსეთიდან უკონტროლოდ შემოტანილ გაუფასურებულ რუსულ რუბლს, რომელსაც საქართველოში ჯერ ლარზე ცვლიან, ხოლო შემდეგ დოლარზე.
საქართვეელოს მთავრობაში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კომენტარი გაკეთდა და ისიც მხოლოდ მოსახლეობის დამშვიდებისკენ უფრო იყო მიმართული, ვიდრე რეალური ნაბიჯების გადადგმისკენ. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის აზრით, ლარის კურსზე გავლენას ემოციური ფაქტორი ახდენს და გაუფასურების რამე ობიექტური მიზეზი არ არსებობს.
„სიმშვიდე და პრაგმატულობა ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებით, სწორი ნაბიჯების გადადგმა ერთადერთია, რომ ჩვენ ვალუტის კურსი შევინარჩუნოთ. დღეს, ლარის გაუფასურების ობიექტური ფაქტორები არ არსებობს, ძირითადად ემოციური ფაქტორებია. დარწმუნებული ვარ, კოორდინირებულად, მათ შორის მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერით (რადგან ამას მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები, ან მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს), მოვახერხებთ იმას, რომ ლარი თავის წონასწორობის ნიშნულ ნახავს. ეს მერყეობა დასტაბილურდება და ლარის კურსი მშვიდ რეჟიმში იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
რასაკვირველია სახეზეა ეროვნული ბანკის დაგვიანებული რეაქცია. ჯერჯერობით სებ-ისგან რაიმე განმარტება არ გაკეთებულა, ხოლო კონკრეტულ ნაბიჯებზე საერთოდ ზედმეტია საუბარი. ამასობაში დეპუტატმა რომან გოცირიძემ ცენტრალურ ბანკს სავალუტო ინტერვენციების განხორციელებისკენ მოუწოდა. მისი აზრით, სებ-ს ინტერვენციების პროცესი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მალევე უნდა დაეწყო, შედეგად ქვეყანა ლარის მყისიერი გაუფასურებას აიცილებდა.
„ეროვნული ბანკის არაპროფესიონალიზმის შედეგად, რომელმაც ვერ მოახდინა დროული რეაგირება საბანკო პანიკაზე, ლარი მნიშვნელოვნად გააუფასურა. ეროვნულმა ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ინტერვენციები. სწორედ ასეთი მდგომარეობისათვის მოგვცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მილიარდამდე დოლარი და ამიტომ არის ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები დღეისათვის 4,2 მილიარდი. უკრაინის ომის დაწყენისთანავე რომ გაეყიდა ეროვნულ ბანკს ვალუტა, ასეთი მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით. კი გაყიდის ოთხშაბათს, მაგრამ ეს უკან მიდევნებული ლამპარი იქნება“, - დაწერა გოცირიძემ.
საქართველოს ეროვნულ ბანკს 2022 წელს ჯერ სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია. 2021-ში კი სებ-მა 332.9 მილიონი დოლარი გაყიდა.
ეროვნული ბანკის როლზე საუბრობენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაშიც და აცხადებენ, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და უნდა იმოქმედოს გონივრულად და მართებულად.
„ცხადია, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გაცვლითი კურსის ვარდნა, დაწესებული სანქციები, ექსპორტის სავარაუდო შემცირება თუ სხვა, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს ლარისთვის. თუმცა, არსებულის ფონზე, ასევე ადგილი აქვს ე.წ. ნეგატიურ მოლოდინს, რომელიც, კიდევ მეტად აძლიერებს დღეს არსებულ შოკებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ბაზრის მონაწილეთა დამშვიდება, რაც არსებულ ვითარებაში შიდა სავალუტო ბაზარზე მხოლოდ უცხოური ვალუტის საკმარისი ოდენობის დროული მიწოდებით შეიძლება განხორციელდეს.
აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს გონივრულად და მართებულად და აქტიურად ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე: ქვეყნის ცენტრალური ბანკი ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მაქსიმალურად აგვარიდოს თავიდან ლარის გაუფასურება, რაც ისედაც ესოდენ რთულ ვითარებაში კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება მომხმარებლებს, კომპანიებსა და მთლიანობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, - აღნიშნულია ბიზნესასოციაციას გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლარის ასეთი ტემპით გაუფასურების გასამართლებლად მხოლოდ ემოციური ფაქტორი არ გამოდგება. არსებობს თითქმის დადასტურებული ეჭვი, რომ გაცვლითი კურსის არანორმალური ვარდნა საქართველოში რუსული რუბლის უკონტროლო შემოდინებამ გამოიწვია. რუსებისგან მომდინარე პრობლემის საფრთხეს პირდაპირ ადასტურებს აკადემიკოსი ლადო პაპავა, რომელიც დაუფარავად ამბობს, რომ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების მიერ ბანკებიდან თანხის გატანა უკვე აისახა ლარის კურსზე და ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა გარკვეული სავალუტო ოპერაციები შეიზღუდოს. იგი დევალვაციას რუსეთის მოქალაქეების მასობრივად ჩამოსვლას უკავშირებს.
„რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ბანკომატებიდან თანხებს ცლიან, ბანკებიდან გააქვთ ფული - ეს უკვე აისახა ლარის კურსზე. ლარი უფასურდება და ამის ერთ-ერთი მიზეზი არაპროგნოზირებადი გაზრდილი მოთხოვნაა, რომელიც საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან ხდება. ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა შეიზღუდოს ასეთი სავალუტო ოპერაციები.
ეს ისტორია საქართველოს ერთხელ უკვე გადახდა თავს, 1998 წელს, როდესაც რუსეთში დეფოლტი მოხდა და ამ დეფოლტის შედეგად გაუფასურებული რუბლი გაედინებოდა რუსეთიდან და რადგანაც საქართველოს საზღვარი ნაკლებად კონტროლდებოდა, კონტრაბანდის საკმაოდ დიდი შემოდინება იყო. ჩამოჰქონდათ ტონობით რუსული ვალუტა. სწორედ მაშინ დაიწყო ლარის გაუფასურება, რადგან გაუფასურებული რუსული ფულით ცდილობდნენ დოლარების შესყიდვას და დოლარი გაედინებოდა“, - განუცხადა „აიპიენს“ პაპავამ.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დევალვაცია მარტო ქართული ვალუტის თავსატეხი არ არის. ბოლო ერთ კვირაში ევროპული ვალუტები გლობალურ ეკონომიკაში ინფლაციური შოკის მოლოდინის ფონზე ახალ მინიმუმამდე დაეცა. უკრაინაში ესკალაციის ფონზე მოვაჭრეები ტრადიციულ უსაფრთხო თავშესაფრებს მიმართავენ, როგორიცაა შვეიცარიული ფრანკი და აშშ დოლარი.
ევრო შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებაში პარიტეტზე ქვემოთ 2015 წლის იანვრის შემდეგ პირველად დაეცა. ფუნტი დოლართან შედარებით ყველაზე მეტად შესუსტდა 2020 წლის დეკემბრის შემდეგ.
განვითარებადი ბაზრების ვალუტებს შორის პოლონური ზლოტი და უნგრული ფორინტი ევროსთან მიმართებაში რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. რაც შეეხება ევროს, ის გასულ თვეში 5%-ით შესუსტდა.
ფულმა არ იცის პოლიტიკა. ამდენი სანქციები დავაწესეთო და აშშ ახლა აჩერებს, თურმე, რუსეთიდან ნავთობის შესყიდვას. გერმანიას ენერგო რესურსებზე სანქციები არ მოწონს და ა.შ.