„რუს მილიარდერებს და ოლიგარქებს ფული ამერიკის ბანკებში კი არ აქვთ შეტანილი, არამედ ოფშორულ ზონაში, სადაც სანქციები არ მოქმედებს“

„რუს მილიარდერებს და ოლიგარქებს ფული ამერიკის ბანკებში კი არ აქვთ შეტანილი, არამედ ოფშორულ ზონაში, სადაც სანქციები არ მოქმედებს“

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური მარწუხები თანდათან ვიწროვდება. მსოფლიოს ქვეყნები ერთი-მეორის მიყოლებით იჩენენ სიმკაცრეს ოკუპანტის მიმართ. უტინისთვის, ლავროვისთვის დაწესებულ სანქციებს მოჰყვა მსოფლიო საბანკო საფინანსო სისტემიდან (SWIFT) რუსეთის ამოშლა, რაც გაურთულებს რუსეთს ფულადი ტრანზაქციების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ ეს ზომა 2012 წელს ირანის წინააღმდეგაც გამოიყენეს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ირანს ბირთვული იარაღის გამო სანქციები დაუწესა.

ევროკავშირმა რუსეთის დუმის იმ 351 წევრსაც დაუწესა სანქციები, ვინც პუტინს დონბასის და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მიმართა. დაწესებულ სანქციებს შორის ერთ- ერთი ყველაზე მკაცრია გერმანიის მხრიდან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“- ის შეჩერება. თავად ეს გაზსადენი 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტია, რომლის ნახევარსაც რუსული კომპანია „გაზპრომი“ ფლობს.

თეთრი სახლის დაპირებით, გაიყინება რუსული კომპანიების და ოლიგარქების ქონება-იახტები, სასახლეები. სანქციები რუსეთს შეუზღუდავს ბიზნესის წარმოებას დოლარში, გირვანქა სტერლინგში, ევროსა და იაპონურ იენში. რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდა დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, იაპონია, კანადა, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ახალი ზელანდია, გერმანია, სინგაპური.

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ პუტინს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება აქვს, ვინაიდან სანქციები შეიცავს საკმაოდ აბსურდულ დებულებებს ზოგიერთ აქტივთან დაკავშირებით. კერძოდ, პესკოვის თქმით, ყველამ იცის, რომ პრეზიდენტ პუტინს არანაირი აქტივები არ აქვს, გარდა იმისა, რაც ყოველწლიურად არის დეკლარირებული.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლეთის სანქციებს, პესკოვი ამბობს, რომ ეს სანქციები მძიმეა, მაგრამ რუსეთს აქვს ზარალის ანაზღაურების საჭირო პოტენციალი.

რას უქადის რუსეთს ეკონომიკური ბერკეტის შექმნა?

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ პირადად პუტინს, ლავროვს და სანქციებში ჩამოთვლილ გარკვეულ კატეგორიას მათთვის დაწესებული სანქციები ნაკლებად ადარდებთ, თუმცა სანქციების სია ძალიან დიდია.

„ვფიქრობ, რუსი დეპუტატებითა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებით შემოფარგვლა არ არის საკმარისი, რადგან ვერც ერთი დეპუტატი და ბიზნესმენი ხმას ვერ ამოიღებს რუსეთში. გაცილებით მასშტაბური ქმედებებია საჭირო. სანქციების ბოლო ტალღა, ალბათ, ძალიან მწვავე და საგრძნობი იქნება რუსეთისთვის, მაგრამ მთავარია, ვერ მიდიან ენერგეტიკის კუთხით, იმის მიუხედავად, რომ განცხადებები კეთდება, იაპონიამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ თხევად გაზს გაგზავნის ევროპაში. დღეს იმხელა ფასები აქვს ენერგომატარებლებს, 3- 4- ჯერაა გაზრდილი გაზის ფასი, ნავთობის ფასმა მოიმატა საშუალოდ 30%-ით, კოლოსალური თანხები შესდის რუსეთს ბიუჯეტში, ალბათ, ეს გაგრძელდება. წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ და არ მგონია, ვინმეს ეს პროგნოზი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ გვინახავს, როცა ნავთობის ფასი ჩამოსულა 30 დოლარს ქვემოთ, 20 დოლარს ქვემოთ, ყოფილა ასეთი კრიზისები ახლო და შორეულ წარსულში, მაგრამ, როგორც წესი, დიდხანს ვერ ინარჩუნებენ ამ დაბალ ფასებს, ვერ რისკავენ, ისეთი ზიანი მიაყენონ რუსეთს, აგრესიული პოლიტიკა შეაცვლევინონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ამირან სალუქვაძე.

მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში, როცა ენერგორესურსებზე ფასები საკმაოდაა გაზრდილი, რუსები აგროვებენ რეზერვებს ზუსტად ასეთი მძიმე პერიოდისთვის. ზუსტად რეზერვების ხარჯზე გადაიტანეს წინა კრიზისი, როცა 2014 წელს სადღაც 29 დოლარზე თუ უფრო ქვემოთ ჩამოვიდა ნავთობის ფასი თვეების განმავლობაში. ნავთობზე 65 დოლარიც კი საკმაოდ კომფორტული ფასი იყო რუსეთისთვის, დღეს კი ნავთობი 95-100 დოლარი გახდა, გაზზე ფასი ზოგიერთ ქვეყანას ევროპაში გრძელვადიანი ხელშეკრულებით 250 დოლარად აქვს გაფორმებული ათას კუბურ მეტრზე, დღეს გაზის ფასი 1600 დოლარია, 2200 დოლარიც იყო ერთი პერიოდი. ეს ნიშნავს, რა მასშტაბის თანხები შედის რუსეთის ბიუჯეტში.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, რუსები გადაიტანენ ამ სანქციებს. რა თქმა უნდა, მძიმეა საბანკო სექტორისთვის დაწესებული სანქციები, რადგან ჯერ სამხედრო ბანკებს გამოუცხადეს სანქციები, რომლებიც სამხედრო მრეწველობას ემსახურებიან, შემდეგ ჩართეს სანქციების სიაში „ვითიბი ბანკი“, „სბერბანკი“, ეს უკვე სერიოზული დარტყმაა. თუმცა ევროკავშირს აქვს ინსტინქტი, თავად ხომ არ დაზიანდება ამ სანქციებით?!

ამირან სალუქვაძის აზრით, ზოგადად, არასწორია სანქციების ის ტაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა ათეული წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული. დასავლეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ამკაცრებს სანქციებს. ამ დროს მათ ჰქონდათ 100%-იანი ინფორმაცია, რომ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში. ამიტომ პირიქით უნდა გაეკეთებინათ, მაშინვე უნდა მიეღოთ მყისიერი ზომები, ანუ შეჭრამდე, თანაც ყველა მასშტაბის სანქცია უნდა დაეწესებინათ, დაწყებული მოქალაქეების მიმოსვლიდან, დამთავრებული სატრანსპორტო შეზღუდვებით, ფინანსური შეზღუდვით და ქონების დაყადაღებით. სანქციების მთელი პაკეტი უნდა დაეწესებინათ და უნდა ეთქვათ, თუ არ შეიჭრებით, გავაუქმებთ ამ სანქციებს, თუ შეიჭრებით, ასი პროცენტით მთლიანად ავამოქმედებთ. ახლა კი დაგვიანებით ამკაცრებენ სანქციებს, როცა ლამის ნახევარ უკრაინას აკონტროლებს რუსეთი.

ანალიტიკოსი იგორ კვესელავა დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს პოლიტიკური თამაშის და საინფორმაციო ომის ნაწილად მიიჩნევს. მისი აზრით, რუსი მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული პერსონალური სანქციები არნახული სანქციებია, თუმცა ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ რუს მილიარდერებს და ოლიგარქებს ფული ამერიკის ბანკებში კი არ აქვთ შეტანილი, არამედ ოფშორულ ზონაში, სადაც სანქციები არ მოქმედებს.

„ეს სანქციები განსაკუთრებულად საქართველოს ეხება, რადგან რუსეთში 1 მილიონი მაცხოვრებელია საქართველოდან წასული და ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით უკვე მძიმე შედეგები გვაქვს. საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ილაპარაკა, რომ მილიარდობით თანხაზეა საუბარი საქართველოსა და რუსეთს შორის. ჩვენ თუ ვერ შემოვიტანთ პროდუქტებს უკრაინიდან, რუსეთიდან, მაშინ საქართველოს ეკონომიკურად მოხრჩობა ადვილი იქნება. ჩვენ ხომ ყველაფერი შემოგვაქვს უცხოეთიდან. სანქციები გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი, ეს ერთ, ორ და სამ კვირაში შედეგს ვერ გამოიღებს, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინასთან ომი დიდხანს არ გაგრძელდება, ომის გაგრძელება დიდხანს არ შეიძლება, ეს არ აწყობს ომის მონაწილე არც ერთ მხარეს. ჩემი აზრით, ამერიკა, რომელიც ამ ომის ძირითადი წარმმართველია, უკვე ფიქრობს, რამენაირად გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, ოღონდ დამარცხებული სახით გამოსვლა არავის აწყობს“, - აცხადებს იგორ კვესელავა ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსის აზრით, დასავლეთის ქვეყნებმა ვერ გაიგეს, რომ რუსეთის დამარცხება ასე ადვილი არ არის. ისტორიული თვალსაზრისით თუ გადავხედავთ, რუსეთის დამარცხება იოლად არ ხდება. რუსი, რომელიც ახლა ჭამს 5 კარტოფილს, ხვალ შეჭამს 4 კარტოფილს, ზეგ- 3 კარტოფილს, 2 კარტოფილს, მერე ერთი კარტოფილი რომ დარჩება და იმის წართმევას დაუპირებს ვიღაც, ამას არავის შეარჩენს. ამერიკელი ასეთ რამეს ვერ გააკეთებს, თუმცა დასავლეთში მოაზროვნე პოლიტიკოსები არ არიან, რომ რუსის ბუნებას ჩასწვდნენ. ესენი არიან მოთამაშე პოლიტიკოსები.

trampi კიდევ კარგი ფული მეც ოფშორებში მაქვს, თორემ მეც დამიყადაღებდნენ .....
თააან ძაან ბევრი მილიარდები მაქვს იქ გადამალული.... იმდენი, დაჟე ბიძოს არ აააქვს
მე ფულს იქ ვინახავ....მაგრამ უფრო ხშირად მატრასის ქვეშ....
2 წლის უკან
leviko ხო რა ეს სანქციებიც პიარია უბრალო ხალხია ცოდო თორემ მილიარდელები პირველები გარბიან რომ დააღწიონ თავი
2 წლის უკან