ევროლიგის ახალგაზრდულ ტურნირზე მოსკოვის „ცსკას“ „ზაზა ფაჩულიას აკადემია“ ჩაანაცვლებს

ევროლიგის ახალგაზრდულ ტურნირზე მოსკოვის „ცსკას“ „ზაზა ფაჩულიას აკადემია“ ჩაანაცვლებს

ევროლიგის ახალგაზრდულ ტურნირზე მოსკოვის „ცსკას“ „ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია“ ჩაანაცვლებს. ინფორმაცია ამის შესახებ ქართული საკალათბურთო კლუბის Facebook-ზე გავრცელდა.

„სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია“ გახდა პირველი საკალათბურთო აკადემია რეგიონში, რომელიც 25 მარტიდან ევროლიგის 2022 წლის ახალგაზრდულ ტურნირზე (Adidas Next Generation Tournament) მიიღებს მონაწილეობას, რაც უდიდესი წარმატება და პატივია, როგორც ჩვენი აკადემიისთვის, აგრეთვე ქართული კალათბურთისა და ზოგადად ქვეყნისთვის

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იქნება ჩვენი მონაწილეობის პირველი პრეცედენტი. Euroleague Basketball Next Generation Tournament ყოველწლიური ტურნირია, რომელიც 2002 წლიდან იმართება და მისი გენერალური სპონსორი კომპანია Adidas-ია. შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ ევროპის საუკეთესო სპორტული ფრენჩაიზების 18-წლამდელთა გუნდები.

2020-2021 წლების სეზონზე, რომელსაც ვალენსია მასპინძლობდა, მონაწილეობდნენ: მიუნხენის „ბაიერნი“, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“, ბურსას „ტოფასი“, „ვალენსია“, ბელგრადის „მეგა მოცარდი“ და სხვა გუნდები, სადაც ტურნირის ისტორიაში მესამედ გამარჯვება მადრიდის „რეალმა“ მოახერხა.

აკადემიის გუნდი ჩაერთვება რიგით მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქალაქ პატრასში, საბერძნეთი. თითო საკვალიფიკაციო ჯგუფში არის 8 გუნდი, 7 კლუბი ან აკადემია, ხოლო 1 მონაწილე არის აუცილებლად Next Generation Team - რომელიც სპეციალურად შექმნილია Adidas-ის მიერ. ყველა საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს გარანტირებულ ადგილს ფინალში.

25 მარტის თამაშები:
„ბარსელონა“ - „ზაზა ფაჩულიას აკადემია“
„ზაზა ფაჩულიას აკადემია“ - თელავივის „მაკაბი“

26 მარტის თამაშები:
„ოლიმპიაკოსი“ - „ზაზა ფაჩულიას აკადემია“

ჩვენი გუნდი პატრასში რუსულ გუნდ „ცსკას“ ჩაანაცვლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.