ესპანური მედია მამარდაშვილზე:

ესპანური მედია მამარდაშვილზე: "გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და დიდებული იყო"

გიორგი მამარდაშვილი პირველ ესპანურ ტიტულთან ერთ ნაბიჯშია და ესპანეთის თასის მოგებამდე ერთი გამარჯვება აშორებს. „ვალენსია“ ფინალში რომ გავიდა, 21 წლის ქართველი მეკარის დამსახურებაცაა, რომელმაც „ბილბაოსთან“ მოგებულ შეხვედრაში (1:0) ძალიან კარგად ითამაშა.

ესპანურ მედიაში გიორგის თამაშს გამოეხმაურნენ და დაწერეს, რომ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.

„ვალენსიასთვის“ ოთხშაბათს ბევრი რამ იყო აღსანიშნავი, მთავარი კი კოპა დელ რეის ფინალში გასვლაა. ეს მიღწეული იქნა გონსალო გედეშის გოლით და კარგი დაცვითი მუშაობის წყალობით. ბორდალასმა გუნდი ხელახლა ათამაშა სამი ცენტრალური მცველის სისტემით და გაბრიელ პაულისტას დაბრუნება საკვანძო იყო ზედიზედ მეორედ კარის მშრალად შენახვაში. გარდა დაცვის სისტემისა, ბილბაოს წინააღმდეგ კიდევ ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო: მამარდაშვილი.

ქართველმა მეკარემ ტრიბუნებზე მყოფ ოჯახთან ერთად პირველად იზეიმა ფინალში გასვლა და გუნდს უსაფრთხოება შესძინა. მართალია, „ბილბაო“ ნაკლებად ემუქრებოდა „ვალენსიას“ კარს სხვა მეტოქეებთან შედარებით, მაგრამ მამარდაშვილი მაინც დიდებული იყო და შეიძლება ითქვას, ინიაკი უილიამსთან მოგებულმა ეპიზოდმა ფინალში გასვლის ბედი გადაწყვიტა”, - დაწერა AS-მა.

მატჩის შემდეგ „მესტალიას“ სტადიონთან დიდი ზეიმი იყო და ფანები, როგორც ბორდალასს, ისე ფეხბურთელებს უმღეროდნენ. მათ შორის, გიორგი მამარდაშვილის სახელსაც სკანდირებდნენ, რაზეც გამოცემა Marca-მ გაამახვილა ყურადღება:

„ქართველმა ის განიცადა, რაც ცხოვრებაში არ უნახავს. აივნიდან უყურებდა ათასობით გულშემატკივარს, რომლებმაც მოულოდნელად მისი სახელის სკანდირება დაიწყეს. ბიჭი კინაღამ აივნიდან გადავარდა. ეს მამარდაშვილის პატივი იყო“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი აქვს ჩატარებული (10 ჩემპიონატში, 2 - თასზე) და ხუთჯერ კარი მშრალად შეინახა, მათ შორის, ბოლო ორ შეხვედრაში ზედიზედ. „ვალენსია“ ესპანეთის თასის ფინალში 23 აპრილს, „ბეტისს“ ან „რაიო ვალეკანოს“ შეხვდება. მატჩი სევილიაში გაიმართება.