საქართველო რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს

საქართველო რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აპრილის ბოლოს სტრასბურგში  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა. თავის გამოსვლაში იგი შეეხო საკვანძო საკითხებსა და თემებს. საქართველოს პრემიერ–მინისტრის სურვილია, მოხდეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზება. ამავე დროს, იგი იმედოვნებს,რომ მისი ქვეყანა ახლო მომავალში  გახდება  ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი.

სატელევიზიო არხის Euronews–ის კორესპონდენტი ნატალია რიჩარდსონ-ვიკულინა: „თქვენ სტრასბურგში ჩამობრძანდით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დასასწრებად, სადაც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, დაიგეგმა პირველი შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ურთიერთობები ნელ-ნელა უმჯობესდება? მოსალოდნელია თუ არა ურთიერთობების გადახალისება ახლო მომავალში?“

ბიძინა ივანიშვილი: „ვიმედოვნებ, რომ პროცესი სწორედ ამ მიმართულებით განვითარდება, მე კი ძალ-ღონეს არ ვიშურებ ჩვენს მეზობელთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

დღევანდელი ვითარება არც ერთი მხარის ინტერესებს არ ემსახურება. საქართველომ დაკარგა ტერიტორიების 20% და ყველაფერს გააკეთებს მათ დასაბრუნებლად. ამასთან, ახლანდელი ვითარება მიუღებელია როგორც საქართველოსთვის, ისე -რუსეთისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს, თუმცა მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ ეს პროცესი წარიმართება მშვიდობიანად და მოლაპარაკებების გზით. ნებისმიერი ძალადობა და ძალისმიერი მეთოდები ჩვენთვის მიუღებელია. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ჩვენ მიზნებს მივაღწევთ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს დაგვიჭერს და დახმარებას გაგვიწევს ამ მიზნის მიღწევაში.

Euronews: სერბეთმა და კოსოვომ გააკეთეს განცხადება ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ და დაიწყეს მუშაობა შესაბამის შეთანხმებაზე ბრიუსელში. იქნება თუ არა ეს მაგალითი სტიმული თბილისისათვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით?

ივანიშვილი: ძალიან კარგი მაგალითია, და ეს მაგალითი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მსოფლიო იცვლება და ადამიანებმა, რომელთა ურთიერთობებიც წარუმატებლად ვითარდებოდა წარსულში, ახლა საერთო ენა გამონახეს და სხვადასხვა გზით მიაღწიეს შეთანხმებას. ასე რომ, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური ძალისხმევა და საერთო ენა გამოვნახოთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან და, რასაკვირველია, უნდა მივაღწიოთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას.

Euronews: ახლახანს დაიწყო 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული გამოძიება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი „რუსული სცენარის“ სახელით მოიხსენიებს. თქვენ როგორ დაახასიათებდით ამ გამოძიებას?

ივანიშვილი: ეს სააკაშვილის სტრატეგიაა. ის რუსეთს აბრალებს ყველაფერს, რაც კი არ მოსწონს. სწორედ ასეთი იყო მისი პოლიტიკა ცხრა წლის განმავლობაში და, პრაქტიკულად, სწორედ ამ პოლიტიკამ შეგვიყვანა ჩიხში. მიმაჩნია, რომ ამ გამოძიების დაწყება ნორმალური მოვლენაა.

Euronews: თქვენ მოელით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან, რომ საქართველო გახდება  ალიანსის წევრი. თქვენი ოპონენტი, მიხეილ სააკაშვილიც ამ პოზიციაზე დგას. თუმცა, თქვენ მიიჩნევთ, რომ შესაძლებელია კარგი ურთიერთობების შენარჩუნება როგორც ალიანსთან, ისე რუსეთთან. ამას კი სააკაშვილი არ ეთანხმება. რატომ ფიქრობთ, რომ ასეთი რამ შესაძლებელია?

ივანიშვილი: ამის მაგალითები  საკმაოდ არის ევროპის ქვეყნებშიც. ზოგიერთ მათგანს დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა რუსეთთან, მაგრამ მათ დასავლური განვითარების გზა არჩიეს და ეს ურთიერთობებიც გაუმჯობესდა.

საუკეთესო მაგალითი, ალბათ, სლოვაკეთია. მან შეინარჩუნა ურთიერთობები რუსეთთან და ალიანსშიც გაწევრიანდა. ვფიქრობ, სააკაშვილი აზვიადებს – შესაძლებელია,  კარგი ურთიერთობები გქონდესერთდროულად რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. სააკაშვილს აღიზიანებს რუსეთი.

Euronews: შესაძლებელია თუ არა საქართველოს გაწევრიანება ალიანსში, ვთქვათ, ათ წელიწადში?

ივანიშვილი: „ათი წელი ძალიან დიდი დროა. ვფიქრობ, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია ბევრად უფრო სწრაფად. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ცვალებადი მსოფლიოს დინამიკა. მსოფლიო იცვლება. ყველაფერი იცვლება. ასე რომ, ორიოდე წელიწადში თავად რუსეთიც შეიძლება შეიცვალოს და ალიანსთან მისი ურთიერთობებიც გაუმჯობესდეს.

Euronews: გაქვთ თუ არა მოლოდინი იმისა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი?

ივანიშვილი: ჩვენი სურვილია, ევროპის შეხედულება საქართველოზე გაცხადდეს აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტამდე, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის ნოემბერში.ამ მიმართულებით საქართველო ბევრად უფრო სწრაფად მიიწევს წინ, ვიდრე აქამდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ასე არარის, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ: მომდევნო ორ წელიწადში ჩვენ გვექნება ევროპასთან მჭიდრო ასოცირების საშუალება.

Euronews: მიიღებენ თუ არა სპორტსმენები საქართველოდან სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას?

ივანიშვილი: რასაკვირველია. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ სპორტსმენები საქართველოდან მიიღებენ მონაწილეობას სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. სპორტი და კულტურა (კერძოდ, ოლიმპიური თამაშები) გახლავთ ვითარების გაუმჯობესებისა დასაამისოდ შესაბამისი გარემოს შექმნის საშუალება. ავიღოთ, მაგალითად, ანტიკური ხანის საბერძნეთი, სადაც ომებიც კი წყდებოდა ოლიმპიური თამაშების დროს. ასე რომ, სპორტი და კულტურა დაგვეხმარება ვითარების გაუმჯობესებაში. რაც შეეხება ვაჭრობას, ამ კუთხით ჩვენ კიდევ უფრო დიდ წინსვლას მივაღწიეთ. ასე რომ, ეს ყოველმხრივ სასარგებლო იქნება ჩვენთვის“.

Euronews: ო, სპორტო, შენ მშვიდობა ხარ!

ივანიშვილი: დიახ, რასაკვირველია, „ო, სპორტო, შენ ხარ მშვიდობა!“ დიახ!

(Euronews: „ო, სპორტო, შენ ხარ მშვიდობა!“ - ციტატა პიერ დე კუბერტენის ლექსიდან „ხოტბა სპორტს“, რომელმაც ოქროს ჯილდო მოიპოვა ლიტერატურაში 1912 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს.)

http://euronews.com/2013/05/14/georgia-seeks-to-improve-russian-relations/