საქართველოს ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

საქართველოს ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა

უკრაინა-რუსეთის ომმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. როგორც ეკონომისტების, ასევე ანალიტიკურ-საინვესტიციო ჯგუფების პროგნოზი უკვე არასახარბიელოა. დიდი საფრთხის ქვეშაა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსიც.

საინვესტიციო ბანკმა „გალტ ენდ თაგარტმა“ საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შესაძლო სცენარები დაასახელა. ანალიტიკოსების აზრით, ომის დაწებამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის, ინფლაციის დონის და ვალუტის კურსის მოლოდინების გაუარესება გამოიწვია.

საბაზო სცენარით, 2022 წელს ნავარაუდევი იყო: საქართველოს ეკონომიკის 5%-ით ზრდა, ინფლაციის საშუალო დონის 4.9%-მდე შემცირება, ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის 9.0%-მდე შემცირება და დოლარის საშუალო გაცვლითი კურსის 3.1 ლარის ფარგლებში დასტაბილურება.

გეოპოლიტიკური ვითარების დაძაბვამ და რუსეთ-უკრაინას შორის ომის დაწყებამ მოლოდინის გაუარესება გამოიწვია.

ვითარების განვითარების პირველი სცენარით, რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის 1-2 თვეში მოგვარებას ითვალისწინებს, ნავარაუდევია: ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლის 3%-მდე შემცირება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 10.5%-იან ნიშნულზე შენარჩუნება, ინფლაციის დონის მხოლოდ 7%-მდე შემცირება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 9.5%-მდე ზრდა და დოლარის კურსის 3.25 ლარის ფარგლებში დაფიქსირება.

მეორე სცენარი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაჭიანურებას და რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, ანალიტიკოსები 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 1%-ით შემცირებას, რეფინანსირების განაკვეთის 11%-მდე ზრდას და ქვეყანაში ინფლაციის დონის 9%-ზე შეჩერებას ვარაუდობენ. ამ სცენარით, მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 10.9%-მდე ზრდა და დოლარის გაცვლითი კურსი 3.40-ლარიან ნიშნულამდე აწევა.

არანაკლებ მძიმე სცენარი აქვს ასევე მსხვილ ანალიტიკურ ორგანიზაციას - „თიბისი კაპიტალს“, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის საქართველოზე გავლენის ეკონომიკური შეფასება უკვე გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, წმინდა დანაკარგი სავალუტო შემოდინებებიდან 2022 წლის კონფლიქტამდე არსებულ საბაზო სცენართან შედარებით 740 მლნ დოლარს, ხოლო 2021 წელთან შედარებით, 110 მილიონ დოლარს შეადგენს.

„ლარის მხოლოდ მცირე, 5-10%-ით გაუფასურების შემთხვევაში, 2022 წლის ზრდა კონფლიქტამდე არსებული 6%-იანი პროგნოზიდან, დაახლოებით, 0.5%-მდე შემცირდება და წმინდა შემოდინებების დანაკლისი ეროვნული ბანკის ინტერვენციებითა და მთავრობის საგარეო დაფინანსებით დაბალანსდება. ჩვენი შეფასებით, ჯამურად, 550 მლნ აშშ დოლარის მიწოდება საკმარისი იქნება. ამ შემთხვევაში კურსი, დაახლოებით, 3.15-ის ფარგლებში შენარჩუნდება.

მნიშვნელოვანი გაუფასურების სცენარში კი, ლარი დოლართან, დაახლოებით, 3.50-მდე გაუფასურდება და წმინდა შემოდინებების დანაკლისი, დაახლოებით, განახევრდება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მხრივ, დაახლოებით, 1.5-2.5 პროცენტული პუნქტით გამკაცრებაა მოსალოდნელი, თუმცა - მხოლოდ წლის ბოლოსკენ მნიშვნელოვანი შერბილების გათვალისწინებით, როდესაც ინფლაცია სამიზნეზე მაღალი იქნება, მაგრამ ერთნიშნა მაჩვენებელს არ გადააჭარბებს“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ შეფასებაში.

ექსპერტებიც იზიარებენ მოსაზრებას, რომ შექმნილ სიტუაციაში სერიოზული რისკია საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებითაც. მათი აზრით, 2022 წლის დაგეგმილი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდება. ეკონომისტ სოსო სიმონიშვილის ვარაუდით, შეიძლება, მინუსებში არ გადავიდეს ეკონომიკა, მაგრამ 2%-იან მაჩვენებელს ვერ გადააბიჯებს, ესეც - საუკეთესო შემთხვევაში.

„საქმე ისე მიდის, რომ რუსეთი კატასტროფას განიცდის ცალკე ომის, ცალკე ეკონომიკური სანქციების გამო, რაც თვალსაჩინოა. შესაბამისად, 1 მილიარდი დოლარი, რაც წლიურად მოდის რუსეთიდან, შეიძლება, ვერ ჩამოირიცხოს. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მით უმეტეს, რომ სერიოზულად ვართ იმპორტდამოკიდებულნი, დიდწილად - რუსეთზე, ამიტომ ამ მხრივაც პრობლემა შეგვექმნება.

ველოდებით, რომ შემცირდება ექსპორტიც, ეს ყველაფერი ეკონომიკურ ზრდაზე იმოქმედებს. არ ვფიქრობ, რომ მინუსში გადავალთ, მაგრამ მგონია, რომ 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა, დაახლოებით, 2%-ის ფარგლებში გაიზრდება, დაგეგმილთან შედარებით“, - აღნიშნა სიმონიშვილმა და დასძინა, რომ შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ზრდის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რის გარეშეც ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა ვერ მიიღწევა.