ქართველ სამხედროებს სამშობლოში 24 საათში ჩამოასვენებენ

ქართველ სამხედროებს სამშობლოში 24 საათში ჩამოასვენებენ

ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „შირგაზზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ოცდაშვიდი ქართველი ჯარისკაცი დაშავდა. დაჭრილების რაოდენობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საგანგებოთ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ირკალი ალასანიას განცხადებით, ოცდაშვიდი დაშავებული სამხედრო მოსამსახურიდან ათი დღეს უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას. დანარჩენი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მინისტრის თქმით, თავდაცვის უწყება უწყვეტ რეჟიმში იღებს ინფორმაციას დაშავებულების მდგომარეობის შესახებ. ალასანიას ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე დაშავებული ქართველი ჯარისკაცი გერმანიაში, ან საქართველოში გაგზავნონ სამკურნალოდ. 
რაც შეეხება გარდაცვლილთა გადმოსვენების საკითხს, მინისტრის განცხადებით, მათ ოცდაოთხი საათის განმავლობაში სამშობლოში გადმოასვენებენ. ალასანიას თქმით, მედიას სამინისტრო ხვალაც მიაწვდის ინფორმაციას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და გარდაცვლილთა სამშობლოში ჩამოსვენების ზუსტი დროის თაობაზე.

„სამწუხაროდ, ამ მოულოდნელ თავდასხმას შეიარაღებული ძალების საუკეთსო სამხედრო მოსამსახურეები ემსსხვერპლნენ. ამ გმირების ხსოვნა ყოველთვის შეუფასებელი იქნება. კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა მათი გმირობისთვის წარდგენილები არიან ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე,“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ქართველ სამხედროებთან ერთად თავდასხმის მოგერიებაში განსაკუთრებული მხედრული მამაცობა და პროფესიონალიზმი პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა გამოიჩინა. მან მეამბოხეთა განადგურების ოპერაციაში მთავარი როლი შეასრულა. მისმა გმირობამ ბევრი ქართველი სამხედროს სიცოცხლე გადაარჩინა და ქვეყანას კიდევ უფრი დიდი მსხვერპლი ააცილა.

საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით წარდგენილია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. პოლკოვნიკ კობა ახვლედიანს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ვახტანგ გოგრასლის პირველი ხარისხის ორდენი, მედალი მხედრული მამაცობისთვის მე-3 ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“, ასევე, მედლები - „გენერალი მაზნიაშვილი“, „სამშობლოსთვის“.