ზაზა გაბუნია თვითმმართველობის ორგანოებიდან დათხოვნილ პირთა უფლებების დაცვას იწყებს

ზაზა გაბუნია თვითმმართველობის ორგანოებიდან დათხოვნილ პირთა უფლებების დაცვას იწყებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ For.ge-ს პრეს-კლუბში ბრიფინგი გამართა და 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მერიის, საკრებულოსა და რაიონული გამგეობებიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იგი მზადაა აღნიშნული საქმეები ინტერფრაქციულ რეჟიმში შეისწავლოს და, საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოებს, მათ შორის, პროკურატურას გადაუგზავნოს. 

საუბარია ასობით თანამშრომლის უარგუმენტოდ, მასობრივ გათავისუფლებაზე, რომელთა რიცხვმაც დაახლოებით 700-სს მიაღწია. მათ შორის, 200 მათგანი თბილისის საკრებულოს თანამშრომელია. ამიტომ ზაზა გაბუნია ამ ადამიანებს მოუწოდებს, პერსონალური ინფორმაციის მიღების მიზნით თითოეულ საქმესთან დაკავშირებით კომუნიკაცია იქონიონ. ამ პროცესის შედეგი კი უსაფუძვლოდ გათავისუფლებული ადამიანების სამსახურებში დაბრუნება უნდა იყოს.

"აუცილებელია, თბილისის საკრებულომ დაიწყოს სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანების საქმის შესწავლა. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც დღეს უკვე ოპოზიციაში მყოფ ნაციონალურ მოძრაობას ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ოპონირების ერთ-ერთ მთავარ საკითხად გადაქცეული აქვს  სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობებიდან გათავისუფლებული მოხელეების თემა. თუმცა ეს ორი ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული შემთხვევაა, რადგან ახალი ხელისუფლების მოსვლის პირობებში, საქმე გვაქვს პოლიტიკური რეალობის კარდინალურ ცვლილებასთან და, ამ შემთხვევაში, დაზღვეული არავინაა, რომ ადამიანებმა საკუთარი ნების საფუძველზე მიიღონ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება; ნაციონალებმა კი 700-მდე ადამიანს მიუხურეს სამსახურის კარი იმ მიზეზის გამო, რომ ნაცმოძრაობას ისინი უკვე აღარ სჭირდებოდა, რადგან ისინი უკვე გამოიყენა,"_აცხადებს ზაზა გაბუნია.

ამასთან, იგი მერიის, საკრებულოსა და გამგეობების პასუხისმგებელი პირების დანაშაულებრივ მიდგომაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები ერთდროულად დაითხოვეს სამხსახურებიდან. ამას კი წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა, შესაბამისად, მერის, მისი მოადგილეების უფლებამოსილების აღიარება მოხდა და უკვე რამდენიმე დღეში ეს ადამიანები დაითხოვეს.

რაც შეეხება მათი გათავისუფლების მოტივაციას, ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ არცერთ საქმეში არ ფიგურირებს კონკრეტული საფუძველი, რაც სამსახურიდან მათი გაშვების არგუმენტი შეიძლება გამხდარიყო. თავად ფაქტი და დათხოვნილთა რაოდენობა კი მეტყველებს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან შეუძლებელია 700-მა ადამიანმა ერთ დღეს რაღაც დააშავოს და შვიდასივე ერთბაშად გაათავისუფლონ. თანაც გასათვალისწინებელია, რომ იმ პერიოდში მერიაში, საკრებულოსა და გამგეობებში ადამიანებს სამსახურებში იღებდნენ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ამდენად, ეს ხალხიც მათი კადრი იყო.

"რა თქმა უნდა, სამართლებრივი დავის დაწყებისას ამ ადამიანების ხელშეკრულებები და კონტრაქტები მთავარი დოკუმენტალური წყარო იქნება. მანამდე აუცილებელია, რომ საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობით ორგანოს, გამგეობებსა და მერიაზე კონტროლის უფლების მქონე ორგანოს, ჰქონდეს თავისი კვალიფიციური დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ დასკვნას კი პროკურატურას გადავცემთ,"_ განმარტავს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე.

საქმეთა სიმრავლის მიუხედავად, ზაზა გაბუნია ვარაუდობს, რომ ერთი თვის განმავლობაში საკრებულოს არანაკლებ 22 წევრის რეკომენდაციას  პროკურატურაში გადაგზავნის, რადგან დღესდღეობით თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფლანგი სწორედ 22 წევრს აერთიანებს. 

ამასთან, ზაზა გაბუნია ირწმუნება, რომ, როცა საკრებულოში ახალი უმრავლესობა შეიქმნება, რისი შესაძლებლობაც არსებობს, საკრებულოდან პოლიტიკური ნიშნით არავინ გათავისუფლდება. გამონაკლისია ცალკეული შემთხვევები, როცა პოლიტიკურად მოტივირებული მაღალი თანამდებობის პირები დღემდე მუშაობენ ნაცმოძრაობისთვის და მათ არაფერი საერთო არ აქვთ პროფესიულ საქმიანობასთან.

ჩვენ დავინტერესდით, ამ ადამიანების სამსახურებში აღდგენის შემთხვევაში, უზომოდ ხომ არ გაიბერება შტატები, რაზეც ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით მათ საკუთარი შეხედულება აქვთ. კერძოდ, ისინი პირადად იცნობენ ადამიანებს, რომლებიც ამ გაბერილი ფიქტიური დასაქმების შედეგად მუშაობენ ამავე ინსტანციებში. დათხოვნილ ადამიანებს კი თავიდანვე ჰქონდათ თავიანთი შტატი და დღესაც არავის ადგილს არ შეზღუდავენ. ეს შტატები დღემდე თავისუფალია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შტატის გაუქმება ნაციონალებმა უკვე მოასწრეს.

"ვინმეს გათავისუფლების სანაცვლოდ მათი აღდგენა არ მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა აზრი აქვს ამ ადამიანების სამსახურში დაბრუნებას, თუკი იგივე განმეორდება, რაც მათი გათავისუფლებისას მოხდა?! მეტიც, ვინმეს გათავისუფლების საკითხი საერთოდ არ განხილულა თუნდაც ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე, რომელიც უმრავლესობის შესაქმნელად ემზადება,"_აცხადებს ზაზა გაბუნია და ადასტურებს, რომ დღემდე თბილისში მიმდინარე პროცესებზე გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად გიგი უგულავა იღებს.

ამდენად, 700 თანამშრომლის გათავისუფლების გამო შესაძლოა, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს. თუმცა გათავისუფლების აქტებზე საკრებულოს თავმჯდომარის, აპარატის უფროსის, გამგებლის, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა ხელმოწერა ფიქსირდება. ამიტომაც მათ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საგამოძიებო ორგანოებმა უნდა ისაუბრონ.

რაც შეეხება საკრებულოს მომავალი თავმჯდომარის სავარაუდო კანდიდატებს, ზაზა გაბუნია ამ ეტაპზე მათ ვინაობას ვერ ასახელებს, თუმცა ადასტურებს, რომ იმ კანდიდატურას დაუჭერს მხარს, რომელზეც კოალიცია შეთანხმდება. 

ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ ნაციონალების ფრაქციის ორი წევრი აუცილებლად დატოვებს საკუთარ ფრაქციას და ამდენად, საკრებულოს მომავალი თავმჯდომარის არჩევა არ გაჭიანურდება. თუმცა აქვე განმარტავს, რომ იდეაფიქსი სულაც არ არის სკამების ცვლა, მთავარია, საკანონმდებლო ბაზა ისეთ კონდიციამდე მივიდეს, რაც საჭიროა ძალთა ბალანსის აღსადგენად.

კერძოდ, მისი თქმით, სანამ დედაქალაქის კანონში არ შევა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც საკრებულო მაკონტროლებელი ორგანო იქნება და მის წინაშე ანგარიშვალდებული არ იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლების წარმომადგენლები_გამგებლები, სამსახურის უფროსები, ვიცე-მერები და თავად მერი, მანამდე პრობლემა მუდამ იარსებებს.

"ამიტომ საჭიროა, დედაქალაქის მერი ანგარიშვალდებული იყოს საკრებულოსთან და ბიუჯეტი მაქსიმალურად გაკონტროლდეს. მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი უმრავლესობის შექმნას. თუ ვინმეს თამაში უნდა, რომ უმრავლესობა ერქვას და ასეთი ვნებები აქვს, ეს მთავარი არ არის, მთავარია, უმრავლესობის შექმნის პარალელურად გვქონდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომ საკრებულო მართლაც გავლენიანი ორგანო იყოს დედაქალაქში,"_აცხადებს ზაზა გაბუნია.