ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს, ელისო კილაძის ნათქვამზე უნდა გათავისუფლდეს თუ არა მთელი მთავრობა

ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს, ელისო კილაძის ნათქვამზე უნდა გათავისუფლდეს თუ არა მთელი მთავრობა

„ის, რომ ელისო კილაძე და სხვები აცხადებენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი უნდა გადადგეს, ან გია ხუხაშვილს რაღაც უნდა მიესაჯოს, ამას არ აქვს არავითარი საფუძველი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

პრემიერი სთხოვს საზოგადოებას, კარგად გაერკვნენ სიტუაციაში, რადგან ჯერ არანაირი ბრალდება არ არის წარდგენილი მათი მისამართით და აჟიოტაჟი გრძელდება უკვე რამდენიმე კვირაა.

ივანიშვილის განმარტებით, ზუსტად ამ აჟიოტაჟის მსხვერპლი გახდა გელა ხვედელიძე. მიუხედავად იმისა, რომ ხვედელიძის წინააღმდეგ მეორე მხარეს არავითარი საბუთი არ წარმოუდგენია, როგორც ჩანს, ის სუსტი პიროვნება აღმოჩნდა და გამოიყენა ის მასალები, რომელიც მოპოვებული იყო წინა ხელისუფლების მიერ. ამიტომ პრემიერი მის დასჯას სამართლიანად მიიჩნევს.

მისი თქმით, ჟურნალისტები და ცალკეული პიროვნებები ვერ გადაწყვეტენ, ვინ როდის უნდა გადადგეს და რატომ. მით უფრო, რომ იმ აუდიოჩანაწერში არაფერი დანაშაულებრივი არ არის, გარდა იმისა, რომ „რუსთავი 2“ ამახინჯებს ამ ჩანაწერებს და მიაწერს გელა ხვედელიძეს.

ამდენად, პრემიერს მიაჩნია, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელებით ჟურნალისტები მხოლოდ სხვისი აზრის გამხმოვანებლები არ არიან, უფრო მეტიც, ისინი თანამონაწილენი ხდებიან ასეთი შეკითხვის.

„არცერთი მასალა იმისა, რომ გია ხუხაშვილი, გელა ხვედელიძე უნდა დაისაჯონ, არ წარმოუდგენიათ და მათ მოუწევთ ამ საბუთების წარმოდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხუხაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მათაც მოუწევთ პასუხისგება“, - აცხადებს პრემიერი და მიაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამას „ახურებს“ იმისათვის, რომ ვინმე გადადგეს თანამდებობიდან.

აქვე პრემიერი ადასტურებს, რომ ამ ფაქტის გამოსავლენად ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ძალიან აქტიურობდა ლაშა ნაცვლიშვილიც და ორივე ძალიან ღირსეულად მოიქცა.

მეტიც, პრემიერის ინფორმაციით, გია ხუხაშვილს უკვე დაურეკეს ელისო კილაძემ და სხვებმა და უთხრეს, შენთან უკვე აღარ გვაქვს პრეტენზია. ასე რომ, მათ „გაათავისუფლეს“ გია ხუხაშვილი, რაზეც ხუხაშვილმა უპასუხა, რა ვქნა ახლა, მადლობა გადაგიხადოთ, თუ როგორ მოვიქცე, ამდენი ხანი, ტალახს რომ მესროდითო.

„უნდა გადადგეს თუ არა ლაშა ნაცვლიშვილი, რისთვის უნდა გადადგეს? თქვენ თვითონ მიპასუხეთ, სადაა ამის საფუძველი? რა შუაშია ლაშა ნაცვლიშვილის გადადგომა, იმიტომ რომ, ელისო კილაძეს სურს? თქვენ არა ხართ ფოსტალიონი, ჩემი აზრით, თქვენ ბრძანდებით ჟურნალისტი. კითხვას როდესაც სვამთ, თქვენ ხართ მონაწილე და ვალდებული, ამ კითხვის გამეორების, თქვენ ხომ სუფლიორი არა ხართ?! ე.ი. ელისო კილაძე თუ იტყვის, უნდა გავანთავისუფლოთ მთელი მთავრობა ხვალ? ესაა ჩვენი ჟურნალისტიკა?! თქვენ რომ თქვათ, მეც უნდა გადავდგე?!“ -  განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ცნობისთვის, პრემიერი ადასტურებს, რომ შს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე არ ყოფილა მათი გუნდის რიგითი წევრი, არამედ არჩევნების პროცესში იგი ძალიან აქტიურობდა და მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა, პრაქტიკულად, უწევდა კოორდინაციას მაჟორიტარი დეპუტატების არჩევას. თუმცა, ამის მიუხედავად, კანონის წინაშე ყველა თანაბარია და კანონი, პირველ რიგში, უნდა დაიცვან პირველმა პირმა და თანამდებობის პირებმა.

ბიძინა ივანიშვილის აღნიშნულ განცხადებამდე მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ბიზნესის ლობირების თაობაზე საჯარო განცხადებების საფუძველზე გამოძიება ვერ დაიწყებოდა.

რაც შეეხება საჯარო განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ბიზნესის ლობირების თაობაზე, პროკურატურის განცხადებით, „ეს განცხადებები არაფრით არ არის დასაბუთებული და მხოლოდ ცალკეულ პირთა პირად მოსაზრებებს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მათ საფუძველზე გამოძიებას ვერ დაიწყებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის გელა ხვედელიძის მიერ ინტერნეტსივრცეში გიორგი ფარესაშვილისა და სხვათა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განთავსების საქმეზე სწრაფი და ეფექტური გამოძიების ორგანიზებასა და საპროცესო ხელმძღვანელობას საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ახორციელებდა.