როგორ აღმოჩდა 2008 წელს სტრატეგიული ობიექტები რუსეთის მმართველოში

როგორ აღმოჩდა 2008 წელს სტრატეგიული ობიექტები რუსეთის მმართველოში

ხატია დეკაონიძე ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრად რუსეთის გავლენის აგენტი გვყავს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო უკრაინელი ხალხის თავგანწირვისადმი სოლიდარულია, ირაკლი ღარიბაშვილი ღიად რუსულ პროპაგანდას ატარებს. თუმცა, დეკანოიძეს გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - 2008 წლის 10 აგვისტოს, დილის 5 საათზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ენგურჰესის“ გასხვისების თაობაზე რუსეთთან კაპიტულაციის პირობების მქონე მემორანდუმი გააფორმა, რომლის შინაარსი დღემდე უცნობია.

გარდა ამისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს სტრატეგიული ობიექტების სიიდან ამოიღო გაზსადენი იმ მიზნით, რომ შემდეგ უპრობლემოდ გაესხვისებინაათ რუსული კომპანიისთვის. სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთს „თელასი“ რომელიც თავდაპირველად ამერიკული კომპანიის მმართველობის ქვეშ იყო. აღსანიშნავია, რომ საომარი რიტორიკის კვალდაკვალ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ წარმატებით ხდებოდა რუსული კომპანიებისთვის ენერგეტიკული კომპანიების თუ სხვა ობიექტების გადაცემა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი რუსულ ნარატივს აგრძელებს 2008 წლის ომთან დაკავშირებით. მისივე თქმით, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო გარკვეული სანქციები განეხილა, მათ შორის ცის დაკეტვა.

„რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება იქნება იმ პოლიტიკური ნების გამოხატულება, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვიყოთ სოლიდარული უკრაინის და ვიდგეთ პროგრესული სამყაროს გვერდით. სხვადასხვა ვარიანტის შეთავაზება არის შესაძლებელი, მაგრამ აქ მთავარია პოლიტიკური ნება, სწორედ ამას ედავება ოპოზიცია ხელისუფლებას, რომ მათ არ აქვთ პოლიტიკური ნება სოლიდარობა გამოუცხადოს უკრაინას ამ რთულ ვითარებაში. ეს იქნებოდა საჰაერო სივრცის დახურვა, როგორც დახურა მთელმა ევროპამ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა, პროპაგანდისტული არხების დახურვა, ენერგომატარებლების იმპორტის შემცირება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებას უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც განმარტა, თუ რატომ არ უნდა შეუერთდეს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის მთავრობა გამუდმებითა და დაჟინებით ეძებდა გზებს რუსეთთან ვაჭრობის აღსადგენად და რუსეთის ბაზრის გასახსნელად.

„სააკაშვილმა ომის შემდეგ რამდენიმე ხანში თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიყიდა. ამას გარდა, ვინაიდან რუსეთის ბაზრის გახსნას ვერ მიაღწიეს, სააკაშვილმა გამოსცა ბრძანებულება 2012 წელს და ცალმხრივად გაუხსნა რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მაშინ, როცა აქ გამძვინვარებული მათი ანტირუსული რიტორიკა იყო. ამის შემდეგ იმისთვის, რომ მიეღწია რუსეთის ბაზრის გახსნას, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ხელი მოაწერა.

ეს პროცესი იყო გაჭიანურებული, 19 წელი დასჭირდა რუსეთს ამ სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. ამ ყველაფერს ვითომ პატრიოტი სააკაშვილის ხელისუფლებამ ხაზი გადაუსვა და ჩუმად, მალულად ხელი მოაწერა.

ჩვენ მიერ წარმოებული გონივრული და ეროვნული პატრიოტული პოლიტიკის შედეგად, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო, მივაღწიეთ ყველაფერს, ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს, თავისუფალ ვაჭრობას და სხვა უამრავ პროგრესს. ამის პარალელურად მივაღწიეთ რუსეთის ბაზრის გახსნას.

კითხვას ვსვამ მეგობრებო, როცა საუბარია სანქციების დაწესებაზე, ამ ყველაფერში ჩართულია, თითქმის, მთელი მოსახლეობა, ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი, ყველა არის ჩართული ანუ მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ვის მოაკლდება? ეს შემოსავალი მოაკლდება ჩვენს ხალხს, ეკონომიკას, დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი მოქალაქე, რომელიც ფულის გადმორიცხვას ვერ შეძლებს. ეს ზედმეტი ემოციები არაფრის მომცემი არაა, პირიქით, ეს არის საზიანო ჩვენი ეროვნული და ხალხის ინტერესებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, უკრაინაში შეჭრა და იქ სამხედრო მოქმედებების წარმოება მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მისივე თქმით, ხელისუფლება, შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ გამოხატოს მაქსიმალური მხარდაჭერა, ეს იქნება პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა, უკრაინელი ძმების და დების მიმართ.

პრემიერის შეფასებით, სამწუხაროა, რომ რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ინტერესს ეძებენ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული ის საფრთხე და რისკები, რომელიც დღეს მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემის მიმართ არსებობს.

პრემიერის გადაწყვეტილებას სახელწიფოებრივი ინტერესებით ხსნის პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა, რომლის განცხადებით, საქართველოს 2008 წლიდან დღემდე ძალაში აქვს ყველაზე მწვავე სანქცია - დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა რუსეთის ფედერაციასთან.

„დავინტერესდი რა სანქციები შეიძლება შემოიღოს საქართველომ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ამ პროცესს. გავაკეთე ანალიზი და აღმოჩნდა, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველო ოკუპაციის ქვეშ არის და ჩვენი შესაძლებლობები და არსენალი სანქციების მხრივ არ გვაქვს მოქმედებაში. ეს, რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლების „დამსახურებაა“. თბილისიდან 45 კილომეტრში დგას უახლოესი რუსული შენაერთი, ახალგორის რეგიონში. ამ სიტუაციაში, როცა ოკუპირებული ხარ, ძალიან რთულია ილაპარაკო ხისტ ნაბიჯებზე.

რუსეთისგან ხორბლის შესყიდვაზე უარის თქმა საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს, ლარსის ჩაკეტვა სომხეთისთვის ემბარგოს გამოცხადება იქნება, ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის კი ისედაც შეწყვეტილია. რუსული კომპანიებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემთხვევაში კი მინიმუმ მილიონიან ქალაქში - თბილისში შუქი უნდა ჩავაქროთ“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ბოიკოტი, დესტაბილიზაცია და ქუჩაში ყოფნა აწყობს რუსეთს, მათ შორის არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციაც. მისი თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხაზგასმულია ის, როგორ გმირულად იბრძვიან უკრაინელები, სახელისუფლებო ბირთვი რჩება კიევში, თუმცა, მისი თქმით, არანაკლები თავგანწირვით იბრძოლეს ქართველმა ჯარისკაცებმა 2008 წელს, რომლებიც ბრძოლის ველზე მიატოვა ხელისუფლებამ.

„5-დღიანი კი არა, გაცილებით ხანგრძლივი ომი იქნებოდა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა რომ არ წამოსულიყო სახლში! ფაქტობრივად, უკან დაიხია პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და არა ჯარმა. 2008 წელს კი ომი 5 დღეში დამთავრდა - რატომ? იმიტომ რომ ხელძღვანელობა წამოვიდა! რატომ წამოვიდა? რატომ არ იბრძოლა ბოლომდე მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც დღეს ოპოზიციიდან გვესაუბრება? ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც 2008 წლის ომიდან ძალიან მარე სტრატეგიული ობიექტები ზარ-ზეიმით გადასცა რუსეთს. ეს ის ოპოზიციაა, რომლის სტრუქტურაში იყო კახა ბენდუქიძე, რომელიც ძალიან ახლოს იყო რუსეთის სახელისუფლებო წრეებთან. ამავე დროს, ამავე ოპოზიციის კულტურის მინისტრი და მერე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე, რომელიც შემდეგ იყო ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატი. ამ პარტიას მისი ბიოგრაფია არ აწუხებდა?!

რაც მთავარია, დღეს პარტიის აღმასრულებელი მდივანი არის რუსეთის მოქალაქე - კობა ნაყოფია, რატომ არ ეკითხებიან თავიანთ აღმასრულებელ მდივანს, რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში? რატომ არ აკეთებინებენ შეფასებას ამ მოვლენებზე? იგივე სააკაშვილი - რომელმაც სამხედრო ვალი სასაზღვრო ჯარში მსახურობით მოიხადა; ამავე დროს არის თემურ ალასანია, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მიშას კარიერის შექმნაში და, რომელიც მინისტრთა კაბინეტის სხდომებს ესწრებოდა. ასეთი ფიგურები გყავდეს და ამავე დროს პრემიერზე იძახდე რუსეთის საქმეს აკეთებსო, ღიმილის მომგვრელია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

„ესენი დიდი ხნის წინ უნდა გასამართლებულიყვნენ სამშობლოს ღალატისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ ციხეში იჯდნენ, სხვებს ეძახიან მოღალატეებს. ყველაფერი, რაც უნდოდა და სურდა რუსეთს 2008 წელს შეუსრულეს. ამის შემდეგ წავიდნენ ევროსაბჭოში და თვითონვე მოაწერეს ხელი რეზოლუციას, რომ ჩვენ დავიწყეთ ომიო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსის სოსო მანჯავიძე, რომლის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედების ფონზე, „ნაცმოძრაობაში“ გაუჩნდათ იმის მოლოდინი, რომ კვლავ მოიპოვებენ საერთაშორისო მხარდაჭერას გარკვეული წრეების მხირდან და დაბრუნდებიან ხელისუფლებაში.

„ასეთ შემთხვევაში ყველა შეკვეთას შეასრულებენ, ვინაიდან არიან გამყიდველები. რაც შეეხება სანქციებს, საქართველო რომ შეუერთეს ამ სანქციებს და შეწყდეს ურთიერთობები, დავზარალდებით ჩვენ და ისე დავზარალდებით, რომ ძალიან მოკლე ხანში აქ შეუქცევადი პროცესები დაიწყება, რაც არის კიდევაც ამ ავანტურისტების მიზანი. დღეს მიმდინარეობს გეპოლიტიკური დაპირისპირება და ჩვენი თავხედობით და მეტიჩრობით, შეგნებულად თავს თუ არ გავიტეხავთ, ძალიან კარგი იქნება. აქ ახლა ლაპარაკია ჩვენი ერის გადარჩენაზე და,

ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ, ჩვენი პარამეტრები არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ავანტურებში გავეხვიოთ. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის განცხდება იყო სახელმწიფოებრივი, ფრთხილი მიდგომა. სხვათა შორის ჩემმა უკრაინელმა მეგობრებმა დამირეკეს, მათ შორის ამერიკიდან და მოიწონეს ღარიბაშვილის განცხადება. მითხრეს, რომ ძალიან ზომიერი პოციზია დააფიქსირა ღარიბაშვილმა. ის ამბობს, რომ ჰუმანიტარული აქცია იყო ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი. აი, ასეთი ნორმალური მიდგომა აქვთ თავად ნორმალურ უკრაინელებს, ვიდრე ჩვენ!“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

ნაციონალების მმართველობის პერიოდში ქვეყანაში შემოსული რუსული კომპანების სია ასე გამოიყურება: 

„რაოესი“ – „ჟინვალჰესი“;

 „რაოესი“ - ხრამი 1;

„რაოესი“ - ხრამი 2;

„რაოესი“ - ხრამი 3;

„რაოესი“ - ხრამი 4;

„რაოესი“ - ხრამი 5;

„რაოესი“ – „ვარციხე1“;

„ინტერ რაო“ – „ვარციხე2“;

„ინტერ რაო“ – „ვარციხე 3“;

„ინტერ რაო“ – „ვარციხე 4;“

„ინტერ რაო“ - გარდაბნის მე-9 ენერგობლოკი;

„ინტერ რაო“ - გარდაბნის მე-10 ენერგობლოკი.

„ინტერ რაო“ მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვოლტიანი ხაზები;

„ინტერ რაო“ - „მადნეული“;

„პრომიშელ ინვესტი“ - „კვარციტი“;

„პრომიშელ ინვესტი“ - „აზოტი“;

„პრომიშელ ინვესტი“ - ზესტაფონის „ფერო“;

„პრომიშელ ინვესტი“ - ყაზტრანსგაზ თბილისი - რუსული კომპანია „გაზპრომი“;

გაზგამანაწილებელი კომპანია „იტერა“ - რუსული კომპანია „გაზპრომი“;

შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა „ალექსი“.

რუსული კომპანია „გაზპრომი“ - საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან - რუსეთის რკინიგზა; ელმავალმშენებლი ქარხანა - კომპანია „დემა კომპიუტერი“ არამიანცის, თბილისის N1 საავადმყოფო - რუსული კომპანია „ბატუსი“;

თბილისის წყალი - რუსული კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“;

რიონჰესი - კომპანია „ენერჯ ინვესტი“ „გუმბათი 2“;

კომპანია „ენერგო პრო“ – „გუმბათი 2“;

კომპანია „ენერგო პრო“; „ვითიბი ბანკი“ „ლუკოილი“ და „ბილაინი“ - ეს იმ რუსული კომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველოს დროს შემოვიდნენ.

რუსეთიდან ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა შემდეგ კომპანიებში - შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ (სოფლის ნობათი), შპს „ენერგია“, შპს „ჯლს“, შპს „კარლსბერგ საქართველო“(ბალტიკა), შპს „ელექტრონი“, შპს Club-2100, შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ“, შპს ELITE DEVELOPMENT, შპს „ემბავუდ ჯორჯია“.

2010 წელს საქართველოში დაფუძნებული კომპანიის შპს „ენერგიის“ საკუთრებაშია დარიალი ჰესი, ლარსი ჰესი და შილდა ჰესი. „ენერგიის“ 70 პროცენტი რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეს ეკუთვნის, 30 პროცენტი კი შპს „ფეროს“ მფლობელობაშია. ბლიაძის ინვესტიცია 2011 წელს რუსეთიდან განხორციელებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს შორის მოხვდა.

მევლუდ ბლიაძეს მინიჭებული აქვს „რუსეთის დამსახურებული მშენებლის“ წოდება. რუსეთის მოქალაქე ალი მარაევი ფლობს შპს „ენერგო ინვესტს“. რუსეთის მოქალაქის რაულ ქურდაძის საკუთრებაშია შპს „ფშავი ჰიდრო“. კომპანია სკურდიდი ჰესის მშენებლობას გეგმავს. გარდა ამისა, რუსეთის ენერგეტიკული სისტემა არის ერთ-ერთი აქციონერი გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგოში“, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გადამცემ ქსელებს განაგებს.

რუსეთის მოქალაქეები ფიგურირებენ წყალმომარაგების სექტორშიც.

ეს არის ჩამონათვალი იმ ობიექტებისა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების წყალობით აღმოჩნდა რუსეთის ხელში, რაც ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროევროპელები მხოლოდ კამერის წინ იყვნენ, ხოლო ქმედებით ხელს უწყობდნენ რუსული კაპიტალის შემოსვლას, რასაც დღემდე წარმატებით აგრძელებენ.

 

არაგველი641 ნაცბოზბანდის მიმართ ზემოთ გამოთქმულუ ბრალდებები ყოველთვის ისმის მაგრამ ერთხელაც არ გაუცია პასუხი არც ერთ მათგანს. გაეცით პასუხები საქართველოს მოსახლეობას თქვე მოღალატეებო!
2 წლის უკან