ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრები საშინაო მატჩებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მაყურებლების გარეშე ჩაატარებს, ვერ გამოიყენებს რუსეთის დროშასა და ჰიმნს და გამოვა სახელწოდებით „რუსეთის საფეხბურთო კავშირი“. ინფორმაცია ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით არის მიღებული.
FIFA-ში ასევე განაცხადეს, რომ ინფორმირებულები არიან პოლონეთის, შვედეთისა და ჩეხეთის რუსეთთან თამაშზე უარის შესახებ და მათთან ერთად „მისაღებ გადაწყვეტილებაზე“ იმსჯელებენ.
უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს, მათ შორის, ევროკავშირმა რუსეთს საჰაერო სივრცე დაუხურა და უკრაინას შეიარაღებას მიაწვდის. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.