ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს? - ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი, ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული ის საფრთხე და რისკები, რომელიც დღეს მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემის მიმართ არსებობს. საუბრისა მან ოპოზიცია გააკრიტიკა.
„ყველაფერი კარგად გვახსოვს. დღეს ეს ხალხი გვიკიჟინებს, რომ ომში ჩავერთოთ; სანქციები დავუწესოთ თურმე, რუსეთს. უკრაინაში მიმდინარე ომში მივიღოთ მონაწილეობა და ასე შემდეგ. მე მინდა ჩვენს მოსახლეობას კარგად შევახსენო, თუმცა ვიცი, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული ის საფრთხე და რისკები, რომელიც დღეს მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემის მიმართ არსებობს.
დღეს ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში ომი მიმდინარეობს და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. ვხედავთ, რომ დღეს ამის შემჩერებელი არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს? - ომობს უკრაინელი ჯარისკაცი. ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა. ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, გაუთვლელი ნაბიჯები, სიტყვა, ქმედებები ძალიან დიდი რისკის შემცველია. ჩვენ როგორც ხელისუფალნი, რომლებიც პასუხისმგებლები ვართ როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, პასუხი მოგვეთხოვება და ჩვენ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვართ.
ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ მე, როგორც ქვეყნის პრემიერ მინისტრი, არაფერს გავაკეთებ, რაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს შეეწინააღმდეგება. არაფერს! და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელებ. მიუხედავად იმ რაღაც ე.წ. ოპოზიციის ნარატივისა, რომლითაც ისინი სპეკულირებენ, კარგად გვახსოვს, თუ როგორ დაკარგა ქვეყანამ ახალი ტერიტორიები; როგორ ჩააბარა სააკაშვილმა კოდორი, რომელსაც რამდენიმე ხნით ადრე პროვოკაციულად დაარქვა ზემო აფხაზეთი. ჩააბარა ახალგორი, 100-ზე მეტი სოფელი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დევნილად აქცია.
მინდა შევახსენო ყველას, რუსეთის ჯარის ბოლო შენაერთმა ჩვენი ტერიტორია 2007 წელს დატოვა და სულ რამდენიმე თვეში აი, ამ უგუნურმა და გაუთვლელმა ემოციურმა პოლიტიკამ და პროვოკაციების ვერ აცილებამ მიგვაღებინა ომი, უბედურება და ქვეყნის ნგრევა. საბოლოო ჯამში, ვინ დაიჩაგრა? ისევ ხალხი, ჩვეულებრივი, უბრალო ხალხი, ის უბრალო ოჯახის შვილები, ჯარისკაცები, რომლებმაც თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნისთვის. დაიჩაგრა ჩვენი ქვეყანა, ეგ თაობები დაიჩაგრა და პოლიტიკოსებმა რა ქნეს? გააგრძელეს მოღვაწეობა სააკაშვილის ხელმძღვანელობით. გააგრძელეს ქვეყნის ძარცვა და მოქალაქეების ჩაგვრა, წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესებისა და ქონებების წართმევა. მინდა, ერთი მაგალითი მოვიყვანო - კეზერაშვილი, რომელიც მაშინ იყო თავდაცვის მინისტრი, ომის დროს, ომის დროსაც კი რიცხავდა საკუთარ ოფშორულ ანგარიშებზე ბიუჯეტის ფულებს, ჯარის, თავდაცვის ბიუჯეტის ფულებს რიცხავდა ბატონი კეზერაშვილი ყველაზე დიდი კორუმპირებული, რომელიც დღეს პროვოკაციულ ანტიკორუფციულ მოძრაობას აფინანსებს ქვეყანაში.“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.