მამუკა არეშიძე: არ არის გამორიცხული, რომ პუტინი უკიდურეს ზომებზე წავიდეს

მამუკა არეშიძე: არ არის გამორიცხული, რომ პუტინი უკიდურეს ზომებზე წავიდეს

თუ პირობა ისევ ის არის, რაც ადრე იყო, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იარაღი უნდა დაყარონ, მაშინ ეს მოლაპარაკება ჩაიშლება. პირობა ზელენსკის ოფისის მონაცემებით ასეთი იყო. თუ შეცვალეს პირობა, რთული სათქმელია, იმდენი შავი ლაქაა ამ ისტორიაში, რომ რთული იქნება ობიექტური პროგნოზის გაკეთება, - განაცხადა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ რუსეთის და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების საკითხზე საუბრისას. ექსპერტი ასევე გამოეხმაურა პუტინის ბრძანებას შეკავების ძალების მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანის თაობაზე.

„მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა მოხდეს ეს ამბავი, იმიტომ რომ ბირთვული ფაქტორის ამუშავება ნიშნავს, რომ საპასუხო დარტყმას მიიღებს და თავისთავად ეს მაინცდამაინც არ იქნება მისთვის სასიხარულო. პუტინი კუთხეში არის მიმწყვდეული. ჩინეთმაც კი, რომელიც მის მოკავშირედ ითვლება რაღაც პოზაში დგომა გადაწყვიტა. აქედან გამომდინარე პუტინი ფიქრობს და ცდილობს, რომ სახე შეინარჩუნოს, თავისი ერის, გარემოცვის წინაშე იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის, რომ მარცხის შემთხვევაში მისი საპრეზიდენტო კარიერა შეიძლება საერთოდ დასრულდეს, იმიტომ რომ ამ სანქციების გამოძახილი, როგორც ჩანს ძალიან მალე იმოქმედებს პირველ რიგში მის გარემოცვაზე. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ პუტინი უკიდურეს ზომებზე წავიდეს , თუმცა ბირთვული შეტევა, ჩემთვის რთული წარმოსადგენია“, - განაცხადა არეშიძემ.

პუტინმა შეკავების ძალების მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანის ბრძანება გასცა.