მამუკა არეშიძე: შეიძლება დავასკვნათ, რომ პუტინის გარემოცვას აქვს საკუთარ აზრი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მოდით დავიტოვოთ იმედი, რომ თუ პუტინმა უკიდურესი ზომებს საჭიროება დაინახა, გარემოცვა ამას ხელს შეუშლის

მამუკა არეშიძე: შეიძლება დავასკვნათ, რომ პუტინის გარემოცვას აქვს საკუთარ აზრი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მოდით დავიტოვოთ იმედი, რომ თუ პუტინმა უკიდურესი ზომებს საჭიროება დაინახა, გარემოცვა ამას ხელს შეუშლის

მამუკა არეშიძემ ვლადიმერ პუტინის ბოლო განკარგულება შეაფასა, რომელიც რუსეთის შეკავების ძალების მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანას ითვალისწინებს. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს და ხაზი მის გარემოცვაში განსხვავებული აზრის არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გაუსვა.

„​პუტინი მარტო არ არის. ისე არ არის, რომ პუტინმა მოინდომა, ბირთვულ ღილაკს თითი დააჭირა და ამიტომ ვიღაცამ ყუმბარა ან ატომური ბომბი ისროლა. ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ის სტრატეგიული ამოცანა, რომელიც კრემლისთვის იყო დასახული, ჯერჯერობით ვერ სრულდება და, როგორც ჩანს, იწელება. ბლიცკრიგი ვერ შესრულდა. ტაქტიკური ამოცანებიც კი ვერ გადაწყვიტეს. დიდი ქალაქების დაკავება ვერ მოხერხდა. კახოვკას დაიკავებდნენ თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩვენთვის ნელ-ნელა ცნობილი ხდება რუსული წყაროებიდან, რომ ეს ერთგვარი აუტოდაფე, რომელიც პუტინმა თავის უშიშროების საბჭოს მოუწყო, იმაზე იყო ორიენტირებული, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობა ყოფილიყო ერისა და მსოფლიოს წინაშე, რომ სათქმელი ყოფილიყო, რომ ეს პუტინის კი არა, საერთო გადაწყვეტილება იყო.

მაგრამ ის, რომ ამ საერთო გადაწყვეტილებას ბზარები ჰქონდა, ჩანდა კიდევაც და ეს ნარიშკინის დაბნეულობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ გარემოცვას აქვს საკუთარ აზრი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მოდით დავიტოვოთ იმის იმედი, რომ პუტინის გარემოცვა მაინც გარკვეულ ზემოქმედებას მოახდენს პროცესზე და თუ პუტინმა დაინახა, რომ უკიდურესი ზომები გახდა საჭირო, გარემოცვა ამას ხელს შეუშლის“, - აღნიშნავს არეშიძე.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეკავების ძალების მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, შეკავების სტრატეგიული ძალები განკუთვნილია რუსეთისა და მისი მოკავშირეების მიმართ აგრესიის შესაკავებლად და აგრესორის განადგურებისთვის, მათ შორის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ძალებმა უკრაინული ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა 24 თებერვალს, დილის 05:00 საათზე დაიწყეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.