მიხეილ ცინცაძე: ოკუპანტების ტანკები შიგადაშიგ საერთოდ ჩერდებიან, საწვავი არ აქვთ. მათ მოსახლეობა წარმოუდგენელ წინააღმდეგობას უწევს, გმირულად ხვდება

მიხეილ ცინცაძე: ოკუპანტების ტანკები შიგადაშიგ საერთოდ ჩერდებიან, საწვავი არ აქვთ. მათ მოსახლეობა წარმოუდგენელ წინააღმდეგობას უწევს, გმირულად ხვდება

პოლკოვნიკმა, უკრაინის თავდაცვის მინისტრისა და პრემიერის მრჩეველმა 2014-2019 წლებში არჩილ ცინცაძემ, „ქრონიკასთან“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მიმოიხილა. როგორც ცინცაძემ განაცხადა, უკრაინელები, როგორც სამხედროები, ისე რიგითი მოქალაქეები ოკუპანტს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ.

„როგორც მოგეხსენებათ, სამი ფრონტია გახსნილი. ერთია კიევის მიმართულება, ერთი ძველი დონეცკი-ლუგანსკი და ერთი სამხრეთის მიმართულება. ამ მიმართულებაზე არ არის კარგი ამბები ვინაიდან ყირიმიდან რუსეთს თავისი ქვედანაყოფების მომარაგების საშუალება აქვს, საშუალება აქვს თავისი ტექნიკის გადმოყვანის და ამიტომ იქ შენელებული ტემპებით, ოკუპანტები ახერხებენ წინსვლას. მაგრამ ეს წინსვლაც არ არის იმ შემართებით, როგორც თავიდან ეგონათ. კოლონები დაიწვა, განადგურდა მოწოდების ხაზები, ტყვია-წამალი აკლიათ, აკლიათ საწვავი. მე მგონია, რომ, ის ლოგისტიკური ხაზები რასაც თავიდან გეგმავდნენ, ჩრდილოეთ ნაწილში საერთოდ დაერღვათ, ვინაიდან იქ ხიდებია აფეთქებული, ბელარუსის ჩართვის გარეშე თავიანთი ქვედანაყოფების მომარაგება შეუძლებელია, ტანკები შიგადაშიგ საერთოდ ჩერდებიან, საწვავი არ აქვთ, მოსახლეობა წარმოუდგენელ წინააღმდეგობას უწევთ. უკვე ინსტრუქციები აქვთ, როგორ მოამზადონ მოლოტოვის კოქტეილები და მოკლედ ხვდებიან გმირულად. ხარკოვის მიმართულებით არის ერთ-ორი გარღვევა, მაგრამ, ხარკოვიც გმირი ქალაქია და მე მგონია რომ არამარტო ქალაქია გმირი, არამედ თვითონ ხალხია გმირი. ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ. იქაც წარმატება ხან ერთ, ხან მეორე მხარეზეა. ოკუპანტი საკმაოდ დიდ ზარალს იღებს. არ ვიცი უკრაინელებმა რამდენ ხანს უნდა გაუძლოს ასეთ შემოტევას, ყოველ შემთხვევაში რუსეთს ასე თუ გაუგრძელდა რამდენიმე, მე ვიტყოდი 10 დღე, საკმაოდ დიდი მსხვერპლი ექნებათ“, - განაცხადა პოლკოვნიკმა.

კითხვას - „რამდენად რეალურია, რომ ტანკებით, ცოცხალი ძალით რუსეთი პირდაპირ უკრაინის დედაქალაქში შევიდეს, ვინაიდან თანამედროვე ომის პირობებში, შუა საუკუნის ომის მეთოდების გამოყენება ყოვლად წარმოუდგენელია“, - არჩილ ცინცაძე ასე პასუხობს:

„ეს არის გიჟი ადამიანის, დაავადებული გონების წარმოუდგენელი გეგმები. ამის გაკეთება რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ რამდენად იქნება ეს გამართლებული იმ მიზნებთან , რომლის მიღწევასაც რუსეთი აპირებს უკრაინაში, მე პარალელს ვერ ვხედავ. თუ ასეთი დაბომბვა და მძიმე არტილერიის გამოყენება იქნება და შემდეგ იქნება მცდელობა მძიმე ტექნიკით კიევში შესვლის, ან ნებისმიერ დიდ ქალაქში, მგონია რომ ეს არაადამიანურ, მძიმე წინააღმდეგობას გამოიწვევს და ომი გაგრძელდება სანამ ადამიანური ნებისყოფა და გამძლეობა ეყოფათ. ეს იქნება ერის წინააღმდეგ ომის დაწყების მცდელობა და ერი თუ ერთად დადგა, ომს ვერავინ მოუგებს“, - განაცხადა არჩილ ცინცაძემ.