ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუს ხალხს: იცით, კიევს დილის 4 საათზე დაესხნენ თავს... თქვენ კი, გეძინათ, ბელარუსო ძმებო, ჩვენ გავიღვიძეთ - ახლა თქვენ გძინავთ და ჩვენ უკვე საწოლებში აღარ ვწვებით, ვიბრძვით საკუთარი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის

ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუს ხალხს: იცით, კიევს დილის 4 საათზე დაესხნენ თავს... თქვენ კი, გეძინათ, ბელარუსო ძმებო, ჩვენ გავიღვიძეთ - ახლა თქვენ გძინავთ და ჩვენ უკვე საწოლებში აღარ ვწვებით, ვიბრძვით საკუთარი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ადგილად ბელარუსის დედაქალაქს არ განიხილავს, გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და ბელარუს ხალხს მიმართა.

„4 დღის წინ, ზუსტად ბელარუსის ტერიტორიიდან, გაუშვეს ფრთიანი რაკეტები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ტექნიკა და დაარტყეს ჩვენს სახლებს. ეს უცნაური დეჟავიუა. იცით, კიევს დილის 4 საათზე დაესხნენ თავს... ისევე, როგორც 1941 წელს. ვიღაცას იუმორის ასეთი გრძნობა აქვს. თქვენ კი, გეძინათ, ბელარუსო ძმებო და ჩვენ გავიღვიძეთ, მაგრამ ახლა თქვენ გძინავთ და ჩვენ, ამ მომენტში, უკვე საწოლებში აღარ ვწვებით, ჩვენ ვიბრძვით, ვიბრძვით საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აგრესიული ქმედებები ბელარუსის ტერიტორიიდან რომ არ განხორციელებულიყო, შესაძლებელი იქნებოდა მინსკში მოლაპარაკებების გამართვა.

„როდესაც თქვენ ნეიტრალურები იყავით, ჩვენ ვსაუბრობდით მინსკში, არაერთხელ გამართულა თქვენს ქალაქში შეხვედრა. ახლა, თქვენ ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ თქვენი მთავრი არჩევანი. ეს არჩევანი მხოლოდ თქვენი, ბელარუსი ხალხის გასაკეთებელია და არა რუსეთის, უკრაინის ან - ამერიკის. ზუსტად ამიტომ, ახლა ჩვენ მინსკზე საუბარი არ გვაქვს. შეხვედრისა და მოლაპარაკებებისთვის, ადგილი შეიძლება იყოს სხვა ქალაქი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, მოლაპარაკება, ომის დასრულება... ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბული, ბაქო - ესაა ყველაფერი ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს. მოლაპარაკებებისთვის გამოდგება ნებისმიერი ქვეყანა, სადაც რაკეტები არ დაფრინავს. მხოლოდ ასე შეიძლება, მოლაპარაკებები იყოს სამართლიანი და ომის დასრულება გამოიწვიოს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.