(იბეჭდება შემოკლებით)
ამ თამაშს საქართველოს მოსახლეობა დიდხანს და იმედით ელოდა. ვისაც გაუმართლა, სტადიონზე მოხვდა, უმეტესობა ტელევიზორებს მიუჯდა, 10 ათასამდე გულშემატკივარი კი ვაკის პარკში „მიშას ეკრანებთან“ შეიკრიბა.
„კმარა წაგება, მოგების დროა!“ - ასეთი წარწერები იყო ვაკის პარკის მიმდებარე ტროტუარებზე და ასევე პატარა, ლურჯ ალმებზე, რაც მრავლად დარიგდა და თამაშის დაწყებამდე ხალხი აფრიალებდა კიდეც. რამდენიმე გოგო-ბიჭს შუბლზეც ჰქონდა წაკრული ნაჭერი წარწერით „კმარა“ და ვინც საინფორმაციო გადაცემებს სწყალობს, მიხვდებოდა, რომ ის სტუდენტები იყვნენ, რომლებზეც ირინა სარიშვილმა თქვა, ქუჩის დესტაბილიზაციას ამზადებენო.
- კმარა, ძმაო, კმარა, - მიწაში ჩაარჭო ალამი ოც წლამდე ასაკის ბიჭმა, დაიჩოქა და პირჯვარი გადაიწერა - ღმერთო, ოღონდ რუსებს მოვუგოთ და თუ გინდა, ლახვარი ჩამასე შიგ გულში, - ალამს მიწა შემოაყარა და წავიდა.
ასევე მრავლად იყო გულშემატკივარი სტადიონის შესასვლელთან, ბილეთიანიც და უბილეთოც, უბილეთო იმ იმედით, იქნებ, ცოტა იაფად ეყიდა ბილეთი, რასაც ნამდვილად იშოვიდი შესასვლელში გადამყიდველებთან.
- ჰა, მითხარი ახლა ბოლო ფასი, - ევაჭრებოდა ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცი ასაკოვანს, რომელსაც ოთხი ბილეთი ეჭირა ხელში და მყიდველს თავის გაჭირვებას უხსნიდა:
- რა ვქნა, გენაცვა, მართალი გითხრა, არც ვიცი ფეხბურთი და არც მინახავს მისდღემჩი, შვილიშვილების ნაყიდია, მარა თვითონ ქე წევიდნენ რუსეთში და მითხრეს, გაასაღებ, პენსიას მაინც გიგვიანებენ და ფული გექნებაო. გეუბნები აგერ, ოცლარიანი ბილეთებია, მომე თითოზე პენსია, თოთხმეტი ლარი, მეტი რა გიყო.
აგრესიული გამყიდველი უფრო მრავლად იყო.
- ჰა, თუ გინდა, მოგცემ 25 ლარად, თუ არა, გაიარე, რა, - უკმეხად უთხრა ორმოცდაათიოდე წლის კაცმა ახალგაზრდას, რომელიც ცდილობდა, ათლარიანი ბილეთი თავის ფასში გამოეტყუა.
თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩებოდა, თუმცა ვაკის პარკში დადგმულ მონიტორზე კიდევ არ ჩანდა გამოსახულება, რაზეც ხალხი ნერვიულობდა.
- ამათი გაკეთებული საქმე ვის უნახავს, ღმერთმა ნუ ქნას, თამაში ვერ ვნახოთ, თუ არა, იმ პატარა მონიტორს ჩავანგრევ მუშტებით, - ცხარობდა 25 წლამდე მამაკაცი.
- ბიჯო, აგი დიდი მონიტორია თუ რაია, კინოთეატრებში რო იყო, მაი პრინციპით ყოფილა, ვერ გათვალა აგი მიშამ და აკი დაგვტოვა ხახამშრალი. მეორე ტაიმისთვის კი დაბნელდება და გამოჩნდება, აბა რა იქნება.
თამაში დაიწყო და ფულის საშოვნელად გამოსულმა გამყიდვლებმა თავისი პროდუქციის რეკლამირება დაიწყეს.
- აბა, „სუპერ-მაროჟნიიი!!!“ თუ იყიდით, მოვიგებთ, თუ არადა, ვინ იცის! - ყვიროდა შუახნის დაბალი მამაკაცი.
- გაჩე, რა, შე თარსო, დაახვიე აქედან შენი „მაროჟნით“, არ გააწყალა გული?! - უყვირა ახალგაზრდა ბიჭმა. ნაყინის გამყიდველი უკანმიუხედავად წავიდა, თუმცა, მას არ ჩამორჩებოდნენ მზესუმზირის, გამაგრილებელი სასმელების თუ ხაჭაპურის გამყიდვლები. გამყიდვლები ორმაგ, სამმაგ ფასს ადებენ პროდუქტს თუ სასმელს. მაგალითისთვის, 50-თეთრიანი ცივი ჩაი ლარი და ოცი, ლარნახევარიც კი ღირდა, 25-თეთრიან ბურბუშელას კი ლარად ყიდდნენ.
ჩვენი ნაკრების შეტევისას სიხარულის და გაწბილების შეძახილები არ წყდებოდა. ხალხი ისე ნერვიულობდა და იმდენს ეწეოდა, ვაკის პარკის იმ ტერიტორიას ბუღი ასდიოდა.
- ამას პატრონი არ ჰყავს? ჩემიანი რო იყოს, თმებით ვათრევდი, ჩაიბუზღუნა 40-ოდე წლის ქალმა და გვერდზე მდგომ მამაკაცს თითით 14-15 წლის გოგოზე ანიშნა, რომელიც ორ ბიჭთან ერთად იდგა და სიგარეტს ეწეოდა.
ამასობაში, ჩვენებმა შეუტიეს და ნანატრი გოლიც გავიდა. ერთი ჯინსებიანი ბიჭი სიხარულით შეხტა:
- აუფ, დაირტყა ასკამ (მალხაზ ასათიანი, გოლის ავტორი) 1000 დოლარი!
რას გულისხმობ? - ვეკითხები.
- არ იცი? პატარკაციშვილს დაუწესებია „სტო ტისიაჩი“. გოლი გაიტანა კაცმა და არაფერს მისცემენ, როგორ გგონია?
პირველი ტაიმიც დასრულდა. ხალხი არ დაშლილა. ის კი არა, კანტიკუნტად შემოემატა კიდეც. მალე მეორე ტაიმიც დაიწყო და ჩამობნელდა. პროექტორის პრინციპით მომუშავე დიდ ეკრანზე შედარებით კარგად გამოჩნდა გამოსახულება. დიდი ეკრანის ქვეშ ტრანსპარანტი იყო გაკრული რუსული წარწერით: „სმერტ ილი პობედა, ვსია გრუზია ზა ვამი!“ განაპირა ეკრანი, რატომღაც, უკუღმა უჩვენებდა, ციფრებიც ამოტრიალებული იყო და ასოებიც.
- ყველაფერში უკუღმართები რატომ ვართ? - წუხდა საშუალო ასაკის, ულვაშიანი მამაკაცი, - გამოსახულება უკუღმა, მწვრთნელი - არაქართველი, მაგრამ ჯიგარი, რუსეთის დროშა, სტადიონზე რომ ჰკიდია, ჩვენსაზე დიდია, ცარიელ ადგილებზე ხალხის მაგივრად დროშებია, ტეტა, ტეტა, კიდევ კარგი, ვიგებთ მაინც.
- იცი, პუტინს დაურეკავს შევარდნაძისთვის, მოგება არ გაბედოთ, თორემ გაგამწარებთო, - ჩაერთო საუბარში სქელი, მელოტი მამაკაცი.
თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, ყოველ წამს იგინებოდა ყველა, ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა და ამასობაში, თამაში დამთავრდა კიდეც, რასაც სტადიონის გარეთ ათასობით ადამიანის ბღავილი მოჰყვა, მერე იყო რამდენიმეწამიანი ფეიერვერკი, ზღვა სიხარული და შამპანურების ბათქა-ბუთქი.
სააკაშვილის გამოტანილ ეკრანებთან ათასობით თბილისელმა მოიფხანა გული რუსეთზე გამარჯვებით. ელიტარები თამაშს სტადიონზე უყურებდნენ. ეკრანთან აზვირთებული გულშემატკივრების წინა ხაზებზე კი მხოლოდ სააკაშვილს, მის გარემოცვას და საკრებულოელებს ჰქონდათ თავი მოყრილი.
თავად მიშა სააკაშვილი ბედნიერებისაგან დაფრინავდა. ბიჭებმა გაამართლეს და მიშას ციბრუტივით ტრიალი ტყუილად არ შერჩა.
მიშა სააკაშვილი:
- გადასარევ განწყობაზე ვარ, პრეზიდენტი გვაშინებდა, რომ იქნებოდა ექსცესები, არეულობა, არაფერი მოხდა, მე ასეთი მშვიდობიანი ხალხი არასოდეს მინახავს, ყველა ისე კარგად იქცეოდა და იქცევა, გაოგნებული ვარ, ეს იყო ეროვნული გრძნობით განმსჭვალული ხალხი და მე ბედნიერი ვარ.
მიშას საქმე მართლაც „სამაღარიჩოდ“ ჰქონდა და იკისრა კიდეც ეს „მაღარიჩი“ თავისუფლების მოედანზე. ეშმაკები მხოლოდ მიტოვებულ ეკლესიას არ ეპატრონებიან. პოლიტიკურად ეშმაკი სააკაშვილი გამარჯვებას დაეპატრონა. ისე იღებდა მილოცვებს, გეგონებოდა, გოლი მალხაზ ასათიანს კი არა, მას გაეტანოს. ვერაფერს იტყვი, ეს მისი სწორი გათვლის შედეგია. მან ქვეყანაში ისეთი აჟიტირებული ფონი შექმნა, რომ ჩვენს ნაკრებს სხვა გზა არც დაუტოვა და ისინიც დარბოდნენ ისე, როგორც ბოლო დროს არ ურბენიათ. სააკაშვილის თამადობით ეროვნული დღესასწაული თავისუფლების მოედანზე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ამ განწყობას ისიც აძლიერებდა, რომ რუსეთს მოვუგეთ და არა, ვთქვათ, იტალიას ან ბრაზილიას. ბრაზილიისთვის რომ მოგვეგო, ეგეც პოლიტიკა იქნებოდა, მაგრამ ორსაუკუნოვან ბოღმას ასე ვერ ამოვიყრიდით.
ვაკიდან კოლონებად დაძრული ხალხი თავისუფლების მოედანზე გროვდებოდა, ყიჟინით, ტაშით, „საქართველო-საქართველოა“ სკანდირებით. მერე მანქანებით დავლური დაიწყო - თავისუფლების მოედანს წრეებს ურტყამდნენ მანქანები, მანქანებიდან კი წელში გადმოზნექილი ახალგაზრდობა აფრიალებდა დროშებს, ზოგი მთლად მანქანებზე იყო შემხტარი და ისე ზეიმობდა გამარჯვებას. ასე შემოურბინა რამდენჯერმე თავისუფლების მოედანს „უცნობმაც“, ისიც დივიდენდებივით იღებდა მატჩამდე გაწეულ გულშემატკივრობას - ხალხი ტაშის გრიალით ხვდებოდა. ვიდრე სააკაშვილი შამპანურებს ჩამოარიგებდა, თავიანთ შამპანურებს აბრახუნებდნენ, გამარჯვებას შამპანურის აბაზანებით ასველებდნენ, მერე კი გახურებულებმა მთლად აიწყვიტეს და ოცამდე ბიჭი მერიის წინ შადრევანის აუზში ჩახტა და ზოგმა წელსზემოთ გატიტვლებითაც გამოხატა, რომ „გასწორებულში“ იყო. სააკაშვილი ერთ რამეშიც მართალი იყო, ასეთი მშვიდობიანი ხალხი, თან ერთად, არავის ახსოვს, ელემენტარულად, უცხო ბიჭები ისე „დაბრაჟელატელნად“ გიკიდებდნენ სიგარეტზე, რომ ნამდვილად იტყოდი - „ვაა“.
მოკლედ, ყველა კეთილი იყო. ამდენი გახარებული ხალხის შემყურეს ერთ რამეზე თუღა დაგწყდებოდა გული - ქართველი ხალხის გახარებას, თურმე, არც ისე ბევრი რამ სჭირდება.
შამპანურების წვიმას მალე ფეიერვერკებიც შეემატა, ეს მას შემდეგ, რაც სტადიონიდან მიშას შეკერილი ხუთჯვრიანი დროშა მოიტანეს და მერიიდან რის ვაივაგლახით გადმოფინეს. ბიჭები ქვემოდან ეჯაჯგურებოდნენ, რომ ეფრიალებინათ, იმდენს ეჯაჯგურნენ, რომ ბოლოს დროშა ჩამოცურდა და ჩამოვარდა, ჩამოვარდნილი დროშა ახლა ქვემოთ არბენინეს. მალე ქსოვრელების ცნობილი მედუდუკეთა დასტაც გამოჩნდა და დუდუკზე და დოლ-გარმონზე ტაშფანდურიც ატყდა.
წუხელ თბილისში ისეთი სიხარულის აპოთეოზი იყო, რომ ყველანი კარგები ვიყავით, თვით სააკაშვილიც კი.