რუსეთ-უკრაინის ომი კვლავ გარდაუვალად მოსჩანს. ქართველი ეკონომისტები იმ მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ, რასაც საქართველო სამხედრო კონფლიქტის დაწყების შედეგად მიიღებს. ზარალი საკმაო მასშტაბის იქნება და ეს შეიძლება, ასეულობით მილიონი ლარიც კი იყოს.
საქართველოსთვის უკრაინაში გეოპოლიტიკური ვითარების საომარ კონფლიქტში გადაზრდა რომ მნიშვნელოვანი რისკია, ამას „თიბისი კაპიტალიც“ მიუთითებს. 2021 წელს, უკრაინისა და რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში, ტურიზმში, გზავნილებსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 6.8%-სა და 14.1%-ს შეადგენდა.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესაძლო გავლენით, სავარაუდოდ, 2022 წელს საქართველოს პროდუქტებსა და მომსახურებაზე უკრაინიდან მოთხოვნა 30%-ით, ხოლო რუსეთიდან 10%-ით შემცირდება.
„ჩვენთვის ეს როგორც გზავნილების, ისე ტურიზმისა და ექსპორტის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, რთულია ზუსტ სცენარზე საუბარი, მაგრამ თუ ჩვენ გვექნება ფართომასშტაბიანი, მაგრამ შედარებით ხანმოკლე კონფლიქტი, ასევე - რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები, ჩვენი პროგნოზია, რომ, დაახლოებით, 10%-ით შემცირდება უკრაინის ეკონომიკა წელს და, დაახლოებით, 1-1,5%-ით რუსეთის ეკონომიკა. ასევე, რუბლის გაუფასურებას ველით 15%-ით, რასაც, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ და გრივნის შემთხვევაში გაუფასურება არის დაშვებული, დახლოებით, 30%-40%-ით.
საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ, დაახლოებით, 30%-ით შემცირდება მოთხოვნა ჩვენს საქონელსა და მომსახურებაზე (აქ ტურიზმსა და გზავნილებსაც ვგულისხმობ) უკრაინიდან, ხოლო დაახლოებით 10%-ით - რუსეთიდან. ასევე, ვითვალისწინებთ შეძლებისდაგვარად ნეგატიურ ზეგავლენას რეგიონზე და თანხობრივად ეს არის 240 მლნ დოლარის დანაკლისი 2022 წელს. ხაზს გავუსვამ, არა 2021 წელთან შედარებით, არამედ იმ შემოსავალთან შედარებით, რაც ჩვენ 2022 წელს უნდა მიგვეღო“, - განაცხადა „თიბისის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ გადაცემა „საქმეში“.
სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოსთვის ორ ქვეყანას შორის საომარი მოქმედებების გამოძახილი იქნება მძიმე, თუმცა გააჩნია, რა მასშტაბის კონფლიქტი წარმოიქმნება რუსეთ-უკრაინას შორის. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი.
„შედეგი იქნება მძიმე, მაგრამ გააჩნია, რა მასშტაბის სამხედრო კონფლიქტი იქნება, რადგან, რეალურად, ორივე ქვეყანა ჩვენი სავაჭრო პარტნიორია. ორივე ტოპ ხუთეულში შედის ვაჭრობის კუთხით, ამიტომ შეიძლება, პროდუქტებზე ფასები გაიზარდოს, თუმცა ვიმეორებ, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მასშტაბისა და რა სახის დაპირისპირება მოხდება რუსეთ-უკრაინას შორის“, -განაცხადა ჯანიაშვილმა.
ბოლო ათწლეულია რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წელს 10.2%-იანი წილით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, თურქეთის შემდეგ. გასულ წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ „საქსტატის“ მონაცემებით, 610 მილიონ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ რუსეთზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 14.4% მოდის. საქართველოს ძირითად საექსპორტო პროდუქციის, კერძოდ ღვინის 59%, მტკნარი და მინერალური წყლების 43%, სპირტიანი სასმელების 26% და ფეროშენადნობების 35% სწორედ რუსეთში იყიდება.
გასულ წელს ფულადმა გზავნილებმა საქართველოში, რეკორდულ ნიშნულს 2 მილიარდ 349 მილიონ დოლარს გადააჭარბა. აქედან 17.5%, ანუ 411.3 მილიონი დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა. ზოგადად ფულადი გზავნილების მთლიანად დაბლოკვა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს თუ „სვიფტზე“ წვდომა შეუზღუდეს, რუსეთიდან ფულის გადმორიცხვა საქართველოში ვეღარ მოხერხდება და დანაკარგები, მართლაც დიდი იქნება.
აღსანიშნავია, ისიც რომ საქართველო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, რუსული ხორბლის (87.4 მილიონი დოლარი - 337.6 ათასი ტონა), მზესუმზირის ზეთის (41.6 მილიონი - 28.3 ათასი ტონა), ნავთობის და ნავთობპროდუქტების (134.6 მილიონი - 224.7 ათასი ტონა) იმპორტზე. შესაბამისად, თუ რუსეთი საქართველოს აღნიშნულ პროდუქციაზე წვდომას შეუზღუდავს, ქვეყანას ალტერნატიული ბაზრების მოძიება მოუწევს, რაც ლოჯისტიკას გაართულებს და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტსაც გააძვირებს.