გერმანული მედია:

გერმანული მედია: "გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგში" დარჩენის შანსი დიდი არ არის"

„ჰამბურგში“ გიორგი ჩაკვეტაძის მომდევნო სეზონშიც დარჩენის შანსი მცირეა. ამის შესახებ გერმანული ვებგვერდი 90min.de წერს. HSV-ს 22 წლის ქართველის გამოსყიდვის უფლება არ აქვს, „გენტთან“ მოლაპარაკებები კი სავარაუდოდ, რთული იქნება.

წყაროს თანახმად, ბელგიელები ჩაკვეტაძეში ისეთ ფასს მოითხოვენ, რომლის გადახდას „ჰამბურგი“ ბუნდესლიგაში დაწინაურების შემთხვევაშიც ვერ შეძლებს.

„ცოტა ხნის წინ „ჰამბურგი“ იჯარით დამატებულ გიორგი ჩაკვეტაძეზე იმედს ამყარებდა, მაგრამ ზაფხულში მისი დარჩენის შანსი მაღალი არ არის. ბელგიაში, „გენტში“ მას რთული სეზონის პირველი ნახევარი ჰქონდა. სეზონის დასაწყისში მხოლოდ რამდენჯერმე ითამაშა, მოგვიანებით კი თამაში საერთოდ აღარ უწევდა. შესაბამისად, 22 წლის ფეხბურთელისთვის იჯარა მნიშვნელოვანი იყო.

„ჰამბურგში“ მან ახლახან ზედიზედ სამი მატჩი ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სასტარტოში არ მოხვედრილა, ტიმ ვალტერმა აჩვენა, რომ აფასებს ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობებს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ის ბუნდესლიგაში დაწინაურებისთვის დარჩენილ 11 მატჩში მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება.

თუმცა, იჯარა სეზონის შედეგის მიუხედავად ზაფხულში დასრულდება. დარჩენის შანსი საკმაოდ მცირეა. „გენტმა“ არ მოისურვა მისი გამოსყიდვის ვარიანტის „ჰამბურგისთვის“ მიცემა, ამიტომ, მათ ბელგიელებთან ტრანსფერზე მოლაპარაკება მოუწევთ.

მწვრთნელ ჰეინ ვანჰაეზებრუკთან გაფუჭებული ურთიერთობის გამო ჩაკვეტაძეს „გენტი“ ალბათ გაყიდის, მაგრამ „ჰამბურგში“ მისი დარჩენა ძნელად სავარაუდოა. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ბელგიური კლუბი რამდენიმე მილიონ ევროს მოითხოვს. შემტევი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 2.3 მილიონ ევროს შეადგენს. ეს არის თანხა, რომელიც ჩრდილოეთ გერმანელებისთვის ბუნდესლიგაში აღზევების შემთხვევაშიც კი არარეალური ჩანს და მის გამოსყიდვას შეუძლებელს ხდის“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, „ჰამბურგი“ 23 ტურის შემდეგ მეორე ბუნდესლიგაში 41 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს „ზანკტ პაულისთან“ და „დარმშტადტთან“ ერთად იყოფს, ხოლო ლიდერ „ვერდერს“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება. HSV სწორედ „ბრემენელ მუსიკოსებს“ უმასპინძლებს მომდევნო ტურში, 27 თებერვალს (თბილისის დროით 16:30 საათზე). გიორგი ჩაკვეტაძემ გერმანული გუნდის მაისურით დღემდე 3 მატჩი ჩაატარა, თუმცა ჯერ ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა.