შევარდნაძე პუტინის პრეზენტაციას დაესწრო

შევარდნაძე პუტინის პრეზენტაციას დაესწრო

გუშინ, გვიან ღამით საქართველოს პრეზიდენტი დაბრუნდა მოსკოვიდან, სადაც „რუსეთის მომავალი პრეზიდენტის“ (როგორც ხაზგასმით უწოდა მას ედუარდ შევარდნაძემ) პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ჩანს, პუტინის პრეზიდენტობა უკვე გადაწყვეტილი საქმეა. ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ მის „პრეზენტაციას“ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნის ლიდერი დაესწრო. მით უმეტეს, რომ თავად ვლადიმერ პუტინის განცხადების თანახმად, სნგ-ს ქვეყნებთან ურთიერთობა მისი პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

ბუნებრივია, პუტინი, რომელიც რუსულ შოვინისტურ ტალღაზე მოდის ხელისუფლებაში, ყველაფერს გააკეთებს, რათა ყოფილი „დერჟავა“ ნაწილობრივ მაინც აღადგინოს. ეს ყოფილ რესპუბლიკებს სრულებითაც არ ეპიტნავებათ, მაგრამ იძულებულნი არიან გაითვალისწინონ რუსეთის ინტერესები, უფრო ზუსტად, პუტინისა და მისი დაჯგუფების ინტერესები, ვინაიდან კრემლს კვლავინდებურად უძლიერესი ბერკეტები აქვს რესპუბლიკურ პოლიტიკურ ელიტებზე ზემოქმედებისათვის.

ედუარდ შევარდნაძე აუცილებლად უნდა გამგზავრებულიყო ამ სამიტზე. სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობდა.

თუმცა ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უარი განაცხადა სნგ-ს ამ სამიტზე გაეტანა აფხაზეთის საკითხი, თავისთავად, მრავლისმეტყველია.

როგორც ჩანს, შევარდნაძე საბოლოოდ თავისუფლდება ილუზიისაგან, რომ სნგ-სა და რუსეთის მეშვეობით შეძლებს აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტას.

ამრიგად, ე.წ. სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომა, შინაარსობრივადაც და ფორმითაც საბოლოოდ სრულიად ცერემონიულ ღონისძიებად იქცა.

მისი ერთადერთი რეალური მნიშვნელობა ისაა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ხელისუფალთ აქვთ საშუალება, გამართონ ორმხრივი შეხვედრები და გადაწყვიტონ კონკრეტული საკითხები.

ედუარდ შევარდნაძისათვის მოსკოვში გამგზავრებას სწორედ იმიტომ ჰქონდა მნიშვნელობა, რომ შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევს და განიხილა ტრანსკასპიურ გაზსადენთან დაკავშირებული პრობლემები.

აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა შევარდნაძესა და ალიევს შორის გაიმართა ორშაბათს საღამოს, როდესაც სნგ-ს წევრი ყველა ქვეყნის პრეზიდენტი „გორკი-9“-ში, ანუ ელცინის ქალაქგარე რეზიდენციაში შეიკრიბა ელცინის გამოსათხოვარ ბანკეტზე, - პუტინთან ერთად.

ამ ბანკეტის დამთავრების შემდეგ ალიევი, რომელიც ძალზე თბილად შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, შევარდნაძის მანქანაში ჩაჯდა და მასთან ერთად გაემგზავრა მოსკოვში.

ორმა ლიდერმა ყველა საკითხი, ფაქტობრივად, მეგობრული საუბრის დროს გადაწყვიტა. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მათ შორის არანაირი პრობლემა არ არსებობდა. რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალის შესახებ საბოლოო შეთანხმებას, ეს პრობლემა, შეიძლება ითქვას, გადაწყვეტილია, ვინაიდან საქართველო დაეთანხმა კომპრომისულ ფორმულას: პროექტის განხორციელების პირველი ხუთი წლის განმავლობაში სატრანზიტო ტარიფი შედარებით დაბალი იქნება, სამაგიეროდ, შემდეგ დაუკავშირდება ნავთობზე მსოფლიო ფასს და გაიზრდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისაგან განსხვავებით, სომხეთის პრეზიდენტ კოჩარიანთან საუბარი, შეიძლება ითქვას, აბსოლუტურად არაფრისმომცემი იყო, ვინაიდან ორმხრივი ურთიერთობის დისპოზიცია უკვე გარკვეულია.

სომხეთი, მისივე ელიტის შეურიგებლობისა და ნაციონალისტური სიჩლუნგის წყალობით, საბოლოოდ ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება.

სომხეთის პრობლემები კიდევ უფრო გაართულა ამ ქვეყნის პარლამენტში მომხდარმა უპრეცედენტო ტრაგედიამ, როდესაც ტერორისტებმა პარლამენტის სხდომის დროს მოკლეს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

ამის შემდეგ სომხეთში უკვე სერიოზულად გამოითქვა ეჭვი, რომ ეს ტერაქტი მოწყობილი იყო რობერტ კოჩარიანის მიერ. მართალია თუ არა, ფაქტია, კოჩარიანის პოზიციები თვით ერევანშიც შესამჩნევად შესუსტდა და სომეხი პოლიტოლოგები უკვე საუბრობენ, რომ იგი ცერემონიულ როლს ასრულებს სომხურ პოლიტიკაში და სულ მალე იძულებული გახდება, პოსტიდან გადადგეს. ამ ფაქტს ედუარდ შევარდნაძე, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს.

საქართველოსთვის გარკვეული პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრას პუტინთან. თუმცა, ედუარდ შევარდნაძეს შესანიშნავად ესმის, რომ რუსული პოლიტიკა საქართველოს მიმართ შინაარსობრივად არ შეიცვლება. თუმცა გამორიცხული არ არის ფორმალური, გარეგნული ვარიაციები. ვლადიმერ პუტინი ნამდვილად არ აპირებს შეცვალოს დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ, შესაბამისად, საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის პროცესიც შეუქცევადი იქნება.

სნგ-ს სამიტის ირგვლივ ამერიკის პრეზიდენტის საგანგებო მრჩეველმა ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის საკითხებში, ბილ ტეილორმა შევარდნაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ მზად არის გამოყოს 10 მილიონი დოლარი ვაზიანსა და გუდაუთაში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების ლიკვიდაციის დასაჩქარებლად.

ამრიგად, სინამდვილეში, პუტინის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით, არც ერთ პრეზიდენტს არანაირი ილუზია არ ჰქონია, მაგრამ „ეტიკეტის დასაცავად“ მოსკოვში მაინც ჩავიდნენ.

სნგ-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს დღის წესრიგში კი, ფაქტობრივად, ერთადერთი საკითხი იყო: სნგ-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს ახალი თავმჯდომარის არჩევა. ამასთან დაკავშირებით, ჭეშმარიტად ანეკდოტური ვითარება იქმნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ, სინამდვილეში, ყველა პრეზიდენტი სნგ-ს აღიქვამს, როგორც „ცივილიზებული გაყრის საშუალებას“.