ალეგრი:

ალეგრი: "თითოეული ქულა მნიშვნელოვანია, წაუგებელი სერია გავაგრძელეთ, რაც კარგია"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ ფრის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ მის გუნდს ქულები არ დაუკარგავს და იმ სიტუაციაში, რომელშიც ახლა „იუვეა“, თითოეული მოპოვებული ქულა დასაფასებელია.

„რა თქმა უნდა, იდეალურად არ გვითამაშია, მეტოქე უკეთესი იყო. დაღლილი ვიყავით, რადგან მოკლე პერიოდში ბევრი თამაში გვქონდა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ წაუგებელი სერიის გაგრძელება, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგია. როდესაც ჩემპიონთა ლიგისთვის საგზურისთვის იბრძვი, არცერთი ქულა დასაკარგი არაა.

გუნდმა რამდენიმე ტაქტიკური შეცდომა დაუშვა. ვლაჰოვიჩს გაუჭირდა, რადგან მიჩვეული არაა ასე ხშირ თამაშს, ის აქამდე კვირაში მხოლოდ ერთხელ თამაშობდა. მან უნდა ისწავლოს ყოველ სამ დღეში თამაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუჭირდება. დიბალა? ვფიქრობ, სერიოზული ტრავმა არაა, კუნთების დაჭიმვა იგრძნო, მომდევნო დღეებში გამოჩნდება დაზიანების ხარისხი“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ სერია A-ში 47 ქულით მეოთხე ადგილზეა და კონკურენტ „ატალანტას“ 3 ქულით უსწრებს, მაგრამ ბერგამოელებს ორი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.