„პარი სენ ჟერმენი“ კილიან მბაპეს შენარჩუნებას და მასთან კონტრაქტის განახლებას მაქსიმალურად ცდილობს. ბრიტანული მედია იტყობინება, რომ ფრანგული კლუბი 23 წლის ფრანგ შემტევს კვირაში 1 მილიონ ევროს სთავაზობს!
The Independent-ის ინფორმაციით, თუ მბაპე წინადადებას დათანხმდება, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. კილიანი გადაწყვეტილების მიღებას ჯერჯერობით არ ჩქარობს.
მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მის განახლებაზე უარს ამბობს, ხოლო მადრიდის „რეალი“ სიტუაციით სარგებლობას ცდილობს. ესპანური გრანდი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ახლოს იყო კილიანის შეძენასთან, მაგრამ ვერ მოახერხა, სამაგიეროდ, თუ კონტრაქტი არ განახლდება, 1 ივლისიდან მისი უფასოდ დამატების შანსი ექნება.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე პსჟ-ში 2017 წელს „მონაკოდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა.