რაღაც გაიხრწნა სესხების და გრანტების სამეფოში…

რაღაც გაიხრწნა სესხების და გრანტების სამეფოში…

[რუსიკო მუმლაძე]
ანტიკრიზისულ საბჭოს 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყნისთვის ბრიუსელის დონორთა კონფერენციის ფარგლებში გამოყოფილი მილიარდების ათვისების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან. საბჭოს ექსპერტებმა არც იციან, რა ოდენობის საერთაშორისო დახმარებები აითვისა წელს სახელმწიფომ და არც ის - როგორ განკარგა ორმა ფონდმა მილიონები.

ანტიკრიზისულ საბჭოში გუშინ მგელაძისა და აბდუშელიშვილის ფონდები გააკრიტიკეს, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს თავმჯდომარეს, გია თორთლაძეს ხელისუფლებასთან ალიანსში ხშირად ადანაშაულებენ ხოლმე. აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელში გამართულ დონორთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გადაწყდა, რომ ომგადატანილი საქართველოს დახმარების სახით 4,5 მილიარდი აშშ დოლარი გამოეყოფოდა. ანტიკრიზისული საბჭოს ერთ-ერთი მოვალეობა ამ თანხების გახარჯვის მონიტორინგია.

როგორც საბჭოს სხდომაზე გია თორთლაძემ აღნიშნა, მათ წერილობით მიმართეს “მუნიციპალური განვითარების ფონდის” აღმასრულებელ დირექტორს, კონსტანტინე მგელაძეს და ფონდ - “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ადუშელიშვილს. საბჭომ ფონდებში 2010 წლის გასულ პერიოდში ჩარიცხული საერთაშორისო თანხების გახარჯვის დოკუმენტაცია მოითხოვა.

საბჭოს საინფორმაციო ბიულეტენში ნათქვამია, რომ მათ აინტერესებდათ სად რა გაკეთდა დონორების გამოყოფილი თანხებით და რამდენია სამუშაოთა დაფინანსების მოცულობა, ასევე – ამ სამუშაოების დაწყებისა და დამთავრების ვადები, სამუშაოების შემსრულებელი სამშენებლო ორგანიზაციების დასახელებები, მათ ხელმძღვანელების ტელეფონის ნომრები და ა.შ. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტები გამოყოფილი თანხებით შესრულებული სამუშაოების გადამოწმებას დაიწყებდნენ.

თუმცა, საბჭოს წერილი 7 ივლისსაა გაგზავნილი ორივე ფონდში, მაგრამ პასუხის მიღების ყველა იურიდიული ვადაც დარღვეულია და საბჭოს ეს წერილიც დღემდე უპასუხოდაა დატოვებული. არადა, დიდი ხანია საუბრობენ, რომ ამ საერთაშრისო დახმარებებით ”ნაციონალურმა მოძრაობამ” წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გული მოიგო და “ხუთიანები” დაიწერა.

როცა საერთაშორისო დახმარებების მიმღები ეს ორი ფონდი ანტიკრიზისულ საბჭოსაც არ აწვდის ინფორმაციას დახმარებების გახარჯვის თაობაზე, ჩნდება ეჭვი, რომ იქ საქმე მთლად კარგად არ არის.

ამ თემასთან დაკავშირებით გაღიზიანებული ჩანდა თავად გია თორთლაძეც: “ფონდებიდან არ მიგვიღია ანგარიშები, სად, რა და როდის გაიხარჯა. მათაც უნდა ესმოდეთ კარგად, რომ ანტიკრიზისული საბჭო ვალდებულია, იცოდეს, სად და რა გაიხარჯა. მოვუწოდებ ფონდების ხელმძღვანელობას მოგვაწოდონ ინფორმაცია. ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია არ მიგვიღია, თუ არ მივიღებთ, მაშინ სხვანაირად ვიმოქმედებთ. პასუხის მიღების ვადები დარღვეულია”.

თორთლაძის თქმით, რადგან ამ ფონდებისგან მათ ინფორმაცია არ მიუღიათ, ფერხდება საბჭოს ექსპერტების სამუშაო პროცესიც. ამ ექსპერტებმა კი პრესა.გე-სთან საუბარში აღნიშნეს, რომ მათ იმ თანხების ოდენობაც კი არ იციან ზუსტად, რაც 2010 წლისთვის გამოეყო საქართველოს. ჩვენთვის გამოყოფილი საერთაშორისო თანხების საერთო რაოდენობა 4,5 მილიარდი დოლარია და ამ თანხას სახელმწიფო ნაწილ-ნაწილ იღებს.

არადა, საბჭოს ბიულეტენში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ფინანსური დახმარების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა, მთელი რიგი პროექტები რეალიზებულია, ან განხორციელების სტადიაშია. ამავე ინფორმაციით, დონორების მხრიდან გადაწყვეტილია მთლიანი თანხიდან 2 116 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა, აქედან - 345 მლნ გრანტია, 1 216 მილიონი კი - სესხი. აშშ-ის მთავრობა და ამერიკული სააგენტოები საერთო ჯამში 1 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხებს გამოუყოფს ქვეყანას, რაც პრემიერ-მინისტრ გილაურის მთავრობამ სხვადასხვა მიმართულებით უნდა დახარჯოს.

საქართველო გრანტების სახით ევროკომისიისგან 115,6 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო 8–მილიონიან გრანტს ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი გამოგვიყოფს. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი 290 მილიონი დოლარის ოდენობის სესხს გვაძლევს, აზიის განვითარების ბანკი - 229,1 მილიონს, იაპონიის საერთაშორსო განვითარების სააგენტო – 197 მილიონს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გერმანიის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკთან ერთად 260 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოგვიყოფს.

ეს თანხები კი მოდის საქართველოში, მაგრამ რაში იხარჯება მილიარდობით სესხები, ეს პროცესი არცთუ ისე გამჭვირვალეა. არადა, როცა ისინი გასასტუმრებელი იქნება, “ალბათ” აღარც “ნაციონალური მოძრაობა” იქნება მმართველი პარტია და აღარც ამ თანხების გამხარჯველები – ხელისუფლებაში. პრემიერ-მინისტრი გილაური კი ამაყობს, საქართველოს სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, სესხებს შეღავათიან პროცენტებში აძლევენ ამ ეკონომიკური კრიზისის დროსო, მაგრამ ექსპერტების თქმით, ეს იმიტომ ხდება, ჩვენ ჯერ ახალგაზრდა ქვეყანა ვართ, დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, და ვერ მოვასწარით საბერძნეთივით დიდი ხნის მანძილზე დაგვეგროვებინა საერთაშორისო სესხები.

შესაბამისად, ჯერ იმდენი დავალიანებისთვის არ მიგვიღწევია, სესხების პროცენტები აგვიწიონ, ან – საერთოდ არ მოგვცენ. თუმცა, ეკონომიკის ექსპერტები იმასაც წინასწარმეტყველებენ, რომ ამ ტემპებით თუ აიღო “ვარდების მთავრობამ” ვალები, 5-6 წელიწადში ეკონომიკურ კრიზისში მყოფ საბერძნეთსაც გადავასწრებთ ვალების რაოდენობაში და მათი გასტუმრება მომავალ თაობას წელში გაწყვეტს.

სავალალო ისაა, რომ მიუხედავად არაერთი დეპუტატის, ოპოზიციონერისა ტუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის მცდელობისა, საერთაშორისო სესხების გახარჯვის პროცესის მონიტორინგი ვერ ხერხდება და მათ ინფორმაციას არავინ აწვდით, ვისი სახსრებით შენდება შადრევნები, იგება გზები, რა თანხებით გადაიხურა სახლები წინასაარჩევნოდ, ან როგორ გაიყვანეს კანალიზაცია, თუ - წყალი თბილისის უბნებში “ნაციონალებმა”. სამწუხაროა, რომ მიუხედავად მოთხოვნისა, არც ანტიკრიზისული საბჭო ფლობს ინფომაციას - რა, სად და როდის გაიხარჯა.

როგორც ამბობენ, უკვე გამოყოფილი სესხები და გრანტები ძირითადად იმ ასფალტის დაგებას ხმარდება, რომელსაც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი მოსახლეობას აყვედრის, სახელმწიფომ გაჩუქათო. არადა, ამ გახარჯულ თანხებს, გამსესხებლებს “რიგითი” ხუროშვილი რომ არ დაუბრუნებს, ფაქტია.

თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ანტიკრიზისული საბჭო მონიტორინგს შესრულებულ სამუშაოებს უწევს, მაგალითად, ნამდვილად აშენდა, თუ - არა ესა თუ ის შენობა, მაგრამ რაში რა დაიხარჯა და რამდენად მიზანმიმართულად, ამას ანტიკრიზისული საბჭო არ აკონტროლებს. არადა, ხშირად, პრობლემა, სწორედ შესრულებული სამუშაოს ხარისხშია და აქ იკარგება ხოლმე საერთაშორისო დახმარებებისა, თუ სესხების დიდი ნაწილი უგზო-უკვლოდ.

“ბუღალტერია ჩვენი საქმე არ არის. მონიტორინგი სხვა რამეა და შემოწმება - სხვა. ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს იმ საკითხზე, თუ როგორ მიდის მუშაობა, რამდენად ხდება უცხოეთიდან მიღებული თანხების ათვისება. შესრულებული სამუშაოების ბუღალტერიის შემოწმება კონტროლის პალატის კომპეტენციაა”, - უთხრა პრესა.გე-ს ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტმა ლევან ადეიშვილმა.

ამ ეტაპზე ანტიკრიზისულ საბჭოში ინფორმაცია საერთაშორისო გრანტებისა და სესხების გახარჯვის შესახებ, მხოლოდ “საქართველოს საგზაო დეპარტამენტიდან” შევიდა. თორთლაძე აცხადებს, რომ საგზაო დეპარტამენტმა მათ ძალიან დიდი მოცულობის მასალები გადასცა და საბჭოს ექსპერტები ახლა ახორციელებენ მათ შესწავლას.

დეპუტატის თქმით, საგზაო დეპარტამენტიდან შემოსული მასალებიდან რაც შემოწმებულია, იქ საბჭოს ექსპერტებს რაიმე სახის მნიშვნელოვანი დარღვევები ჯერ არ აღმოუჩენიათ. ისე კი, ამჟამად დაწინაურებული ნიკოლაიშვილის ყოფილმა უწყებამ რამდენსანტიმენტრიანი და რა ხარისხის ასფალტი დააგო ქართულ გზებზე, ამის ფინანსურ გადამოწმებასა და რეალური სურათის დადებას თუ კონტროლის პალატაც “ვერ მოახერხებს”, არც ეს იქნება გასაკვირი.

შესაბამისად, “ნაცების” სამთავრობო პროგრამა – “ერთიანი საქართველო სიღარბის გარეშე” – ალბათ, ისევ ქაღალდზე დაწერილ პროგრამად დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ მასში წერია:

“საერთაშორისო ინსტიტუტების შეღავათიანი სესხებისა და გრანტების ეფექტურად გამოყენებამ და გამჭვირვალე ხარჯვამ საქართველოს ეკონომიკას საშუალოვადიან პერიოდში უნდა შეუქმნას პლატფორმა – მათ ჩასანაცვლებლად კერძო საერთაშორისო შემოდინებებით. განსაკუთრებული ყურადღება კვლავ მიენიჭება 2008 წლის ოქტომბერში გამართულ დონორთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი 4,5 მილიარდი აშშ დოლარის ხარისხიან და ეფექტიან ათვისებას”.

რამდენად ეფექტიანად და გამჭვირვალედ ახდენენ “ნაცები” საერთაშორისო სესხების გახარჯვის პროცესს, ეს იქიდანაც ჩანს, რომ “მუნიციპალური განვითარების ფონდისა” და ფონდ - “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორებმა ანტიკრიზისულ საბჭოსაც კი არ დასდეს პატივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სახელმწიფოს სახელით ნასესხები ფულების გახარჯვის პროცესში არ ჩაახედეს. ოპოზიციასა და ამომრჩეველს ამის უფლებას ვინ და როდის მისცემს, არავინ იცის.