როგორ გაანადგურეს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“

როგორ გაანადგურეს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“

ამ დღეებში 1918 წელს დაარსებულ გაზეთს „საქართველოს რესპუბლიკას“ 90 წელი შეუსრულდა. გამომცემლობა „საქართველოდან“ სააკაშვილის რეჟიმისგან გამოპანღურებული რედაქცია ქუჩაში შეხვდა ესოდენ ღირსშესანიშნავ თარიღს.

კვირას, 10 აგვისტოს კი, ერთი წელი შესრულდა მას მერე, რაც დილის 4 საათზე ჟურნალისტთა სახლად წოდებულ გამომცემლობა „საქართველოს“ ალიხანოვ-ავარსკის ახალი სადამსჯელო რაზმი დააცხრა და მასმედიის ასამდე საშუალება, მათ შორის „ასავალ-დასავალი“, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქუჩაში გამოყარა.

როგორ განადგურდა „საქართველოს რესპუბლიკის“ არქივი, რა მდგომარეობაა დევნილ რედაქციაში და რას აპირებენ 10 აგვისტოს გამომცემლობის წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტები. ამის შესახებ გვესაუბრება „საქართველოს რესპუბლიკის“ პასუხისმგებელი რედაქტორი გურამ გოგიაშვილი:

- რომ ეთქვათ, მსგავსი ფაქტი სხვა ქვეყანაში მოხდაო, არ დავიჯერებდი! ჩავთვლიდი, რომ ეს იყო ჭორი ან პროვოკაცია, რომ დილის 4 საათზე ალყა შემოარტყან შენობას, სადაც ასამდე რედაქციაა განთავსებული, რომელ რედაქციათა შრომითაც აგებულია ეს შენობა, რომელიც არასდროს ყოფილა სახელმწიფოს კუთვნილება!

დიახ, რედაქციებმა თავიანთი დანაზოგით, ჰონორარით, მრავალწლიანი გამუდმებული შრომით ააშენეს გამომცემლობა „სამშობლო“, რათა ყველა რედაქციას ერთად მოეყარა თავი და ხელისუფლებასთან ერთად მიეღო მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობაში! ესენი როგორც მოიქცნენ და რაც ქნეს, არის გაუგონარი თავხედობა, რომლის მსგავსსაც შევარდნაძის მთავრობა არასოდეს იკადრებდა!

ანუ, რაც შევარდნაძემ არ იკადრა, სააკაშვილმა გვირგვინად დაიდგა?

- რა თქმა უნდა! ჩვენ სპეციალურად გავიკითხეთ და პოსტსაბჭოთა სივრცეში საზღვარგარეთ მსგავსი რამ მასმედიის მიმართ არსად მომხდარა. ის, რაც გამომცემლობა „სამშობლოსა“ და „ტელეიმედში“ მოხდა, არის საკუთარი თავის დისკრედიტაცია. რათა მეოთხე ხელისუფლება დაკნინებულიყო, დაბეჩავებულიყო, საკუთარ თავზე ეწვნია ხელისუფლების ხელკეტის სიმწარე და ვეღარ გამოემზეურებინა ის საშინელი მკვლელობები თუ გარიგებები, რისი შედეგიც ასე სავალალოა ქვეყნისთვის. თქვა კიდეც პრეზიდენტმა, გაზეთები არაფერში მჭირდება, ერთი ტელევიზიაც მეყოფაო. როდესაც ამას პირველი კაცი ამბობს, რასაკვირველია, ბიუროკრატიული აპარატიც „ბელადის“ მიმბაძველი ხდება და არად დაგიდევს ჟურნალ-გაზეთების ჭირ-ვარამს!

რა მდგომარეობაშია „საქართველოს რესპუბლიკის“ არქივი?

- ამ დღეებში ჩვენს გაზეთს საიუბილეო 90 წელი შეუსრულდა, ამ თარიღს უმძიმეს პირობებში, თითქმის ქუჩაში შევხვდი. ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ იმ „ბართლომეს ღამის“  მსგავს დარბევაში „საქართველოს რესპუბლიკის“ არქივი განადგურდა.

ათას ლარს ვიხდით ქოხმახში, სადაც ამჟამად ვართ, ჩვენ ვეძახით ამას მღვიმეს, გამოქვაბულს, სადაც თითქმის ერთმანეთს ვასხედვართ თავზე. მოკლედ, ხელისუფლებამ „სამშობლოდან“ გამოქვაბულში გამოგვისროლა.

ევროპაში რედაქციის შენობები ისეთივე ავტონომიური და ხელშეუხებელი დაწესებულებებია, როგორიც უნივერსიტეტები და აკადემიები. თუმცა, ჩვენთან საპირისპირო მიდგომაა, რადგან სპორტის აკადემიაც ისევე გამოაგდეს გარეთ, როგორც მწერლები - მწერალთა სახლიდან და რედაქციები - გამომცემლობიდან! ის ფაქტი, რომ ჩვენი „ევროპელი მეგობრები“ თვალს ხუჭავენ ამაზე, აშკარად მეტყველებს, რომ ისინი ჩვენს ხელისუფლებას ნორმალურად არ განიხილავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთს აუცილებლად უნდა მიეთითებინა სააკაშვილისთვის, რომ მასმედიისადმი ასეთი მოპყრობა, გამოყრა დაუშვებელია!

ანუ საერთაშორისო საზოგადოებას უმოქმედობაში ადანაშაულებთ?

- ასეა, რადგან ისინი ამ უმოქმედობით თავისებურად მხარს უჭერენ ამ ხელისუფლებას! დიახ, ამ ხელისუფლების მხარდაჭერა ნიშნავს იმ უკანონო პროცესების მხარდაჭერას, რაც ჩვენში მძვინვარებს.

საბჭოთა კავშირგამოვლილი კაცი ვარ და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში მოვიდოდა მთავრობა, რომელიც ხალხს შესდგებოდა. არადა, თითქოს იმისთვის იბრძოდნენ, რომ შემდგარიყო სახელმწიფო. სახელმწიფო კი არ შედგა, სახელმწიფო ჩვენ შეგვდგა.

ამ ერთი წლის მანძილზე არც არავინ დაგლაპარაკებიათ? ზარალის ოდენობა თუ მაინც აღრიცხეთ?

- ზარალის აღნუსხვა ფინანსურად შეუძლებელია, მაგრამ რა ფინანსებზეა საუბარი, როცა ზნეობრივად გაგვანადგურეს? ამ ერთი წლის მანძილზე, როგორც თქვენ არ დაგლაპარაკებიათ იაპონიის იმპერატორი ხიროხიტო, ისე „სამშობლოდან“ ჩვენი გამოყრის თაობაზე კრინტი არ დაუძრავს რომელიმე ჩინოვნიკს. რა მოხდებოდა, ეკითხათ, როგორ ხართ, სად ხართ, ვიღაც ქვემდგომი შეცდა, გაყოყოჩდა, თავს გავიდა და ეს არ არის პრეზიდენტის ან მთავრობის ბრალიო?!

არადა, როცა პატარა ჩინოვნიკებს ვუსაყვედურეთ, იმათ გვიპასუხეს: ჩვენ რა შუაში ვართ, მხოლოდ შემსრულებლები ვართო!

ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში ნეტარმა ავგუსტინემ თქვა: ყაჩაღთა ხროვას წარმოადგენს ის სახელმწიფო, სადაც სამართლიანობა არ არის. სახელმწიფოს არსი სამართლიანობის დამკვიდრებაში მდგომარეობსო. ანუ ის, რაც მეოთხე საუკუნეში ესმოდა ნეტარ ავგუსტინეს, 21-ე საუკუნეში ვერ შეუგნია ჩვენს „ვარდების ხელისუფლებას“!!!