ლარის ზემოთ-ქვემოთ ნახტომებმა ბიზნესმენები და ფინანსისტები საგონებელში ჩააგდო

ლარის ზემოთ-ქვემოთ ნახტომებმა ბიზნესმენები და ფინანსისტები საგონებელში ჩააგდო

ლარის თავბრუდამხვევმა გამყარებამ და შემდეგ მოულოდნელად ისევ გაუფასურებამ ყველას თავგზა აუბნია, მათ შორის ბიზნესმენებს და ფინანსისტებსაც. ბოლო დღეების მერყეობაზე პასუხი თითქმის არავის აქვს და უკვე არც ოპტიმისტური პროგნოზები ისმის. სავარაუდოა, რომ ეროვნული ვალუტა ჯერ კიდევ ახალი წონასწორული ნიშნულის ძიებაშია.

ახლა უკვე ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ თებერვლის პირველ ნახევარში ლარის გაცვლითი კურსის სწრაფი გამყარება ეკონომიკურ ლოგიკას მოკლებული იყო. ქართული ვალუტა იმაზე მეტად გაძლიერდა, ვიდრე ამის რეალური საფუძველი არსებობდა.

აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების ფინანსური ბაზრების ექსპერტი ბრუნო ბალვანერა ფიქრობს, რომ არსებობს კურსის კვლავ შებრუნების ალბათობა.

„ლარის ასეთი გამყარება აზრს მოკლებულია და არის რისკი, რომ კურსი საპირისპირო მიმართულებით დაიძრას. აშშ დოლარი რჩება გრძელვადიან ტენდენციებთან შესაბამისობაში ევროს, ბრიტანულ ფუნტსა და იაპონურ იენთან შედარებით. საქართველოსთვის კი, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები თურქული ლირა და რუსული რუბლია (ფულადი გზავნილების და ექსპორტის წყაროები) და ორივე გაუფასურებულია აშშ დოლართან მიმართებით“, - აღნიშნა ბრუნო ბალვანერამ, რომელმაც კონკრეტული ვერაფერი თქვა სავალუტო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით.

ფაქტია, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება დროებითი აღმოჩნდა, ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო. 2.91-დან კურსი 2 დღეში 3.02-მდე გაიზარდა. კონკრეტული მოსაზრება ამ ფაქტთან დაკავშირებით არ გააჩნიათ ბიზნესმენებსაც, თუმცა ლაშა პაპაშვილმა ლარის რყევების გამო ისევ ეროვნული ბანკი გააკრიტიკა.

„ასე ადვილად და ერთი სიტყვით ვერ იტყვი რა სჭირს ლარს... ბევრი რამისგან არის გამოწვეული... თანმიმდევრული უნდა იყოს პოლიტიკა. ერთ დღეში ამას ვერ გააკეთებ. მე ვამბობ, რომ არათანმიმდევრულია ეროვნული ბანკის პოლიტიკა და არაა შეთანხმებული ეკონომიკური ბლოკის მინისტრების ქმედებები.

ეროვნული ბანკი უნდა იყოს თანმიმდევრული და ვერ არის... ჩვენ ოდესღაც ვამბობდით, რომ თურქეთში თუ ლირა გაუფასურდება, ლარიც უნდა მიჰყვეს, თორემ წაგვლეკავს თურქული იმპორტი. აგერ კოლაფსში არის თურქული ლირა, მაგრამ ჩვენ ვმყარდებით“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ბიზნესმენმა.

უფრო რეალურად უყურებენ მოვლენებს ფინანსისტები. როგორც საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია ვარაუდობს, ლარი 3.0-იან ნიშნულთან ახლოს იტრიალებს.

„ასეთი რამ ქართულ ვალუტას სჩვევია, როდესაც ერთბაშად მყარდება, შემდეგ მალევე ისევ იწყებს გაუფასურებას. ჩვენ გვქონდა კიდეც ამაზე გაკეთებული განცხადება, რომ ასე მოხდებოდა. ვფიქრობდით, რადგან დაიწყეს ლარის გამყარების პროცესი, ალბათ, 2.85-ის ფარგლებში ჩამოვიდოდა. ზოგადად, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ლარი გაამყაროს, ეროვნულ ბანკთან ერთად, რადგან ფასების შემდგომი ზრდა არ დაუშვან. თუ კურსს ვერ დაიჭერენ და ლარი ისევ შევა 3.10-იან შუალედში, მაშინ ფასების შენარჩუნებაზე ფიქრიც ზედმეტი იქნება.

გვქონდა პროგნოზი, რომ ლარის კურსი 3.15-იან შუალედში უნდა შესულიყო თებერვლის ბოლოსთვის. აქამდე საქმე შეიძლება არ მივიდეს, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, 3.0-იან ნიშნულთან ახლოს იტრიალებს“, - აღნიშნა შენგელიამ.