გოგა ბითაძის 7 ქულა და

გოგა ბითაძის 7 ქულა და "ინდიანას" ზედიზედ მეექვსე წაგება

გოგა ბითაძემ „ინდიანა პეისერსის“ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და პარკეტზე 18 წუთიც გაატარა. ეს „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ საშინაო შეხვედრაში მოხდა, რომელიც სტუმრებმა 129:120 მოიგეს.

„ინდიანამ“ განსაკუთრებით მეორე პერიოდი ჩააგდო, რომელიც 25:41 დათმო და საბოლოო მარცხიც დიდწილად ამან განაპირობა, თუმცა ბოლო მეოთხედში შეეძლო თამაშის გადარჩენა, რაც ვერ მოახერხა და ზედიზედ მეექვსე მარცხი განიცადა.

ბითაძემ 18:51 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია. როცა გოგა მოედანზე იყო, იმ დროში „პეისერსს“ მეტოქესთან შედარებით +1 ქულა დაუფიქსირდა.

„ინდიანაში“ საუკეთესოები 22-22 ქულით ტაირის ჰელიბერტონი და ოშეა ბრისეტი იყვნენ, „მინესოტაში“ კი ენტონი ედვარდსმა გაიბრწყინა, რომელმაც 37 ქულა ჩააგდო. გამორჩეული იყო დ’ანჯელო რასელიც, რომლის აქტივში 23 ქულაა.

„ინდიანა პეისერსს“ 19 მოგებით და 39 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 16 თებერვალს, სტუმრად „მილუოკი ბაქსისთან“ გამართავს.