ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსად, დროებით მივლინებული იქნება ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსად, დროებით მივლინებული იქნება ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მეუფე დიმიტრი რამდენიმე კვირის წინ კოვიდინფიცირების გართულების შემდეგ გარდაიცვალა. თუმცა, ორგზის დაქვრივდა ნეკრესის ეპარქია, რადგან ნეკრესის ეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი) გასული წლის სექტემბერში ასევე კოვიდგართულებით გარდაიცვალა, დროებით მმართველად კი მეუფე დიმიტრი იყო მივლენილი.

როგორც for.ge-თვის გახდა ცნობილი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსად, დროებით მივლინებული იქნება ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე. აღნიშნული ინფორმაცია საპატრიარქოში დაგვიდასტურეს.

„დიახ,ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში დროებით მივლინებული იქნება ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე“, - გვითხრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

ვცადეთ გაგვერკვია ნეკრესის ეპარქიაში საპატრიარქო რომელ მიტროპოლიტს მიავლენს, ან ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას მეუფე თეოდორე როდემდე წაუძღვება, თუმცა, აღნიშნულ კითხვებზე საპატრიარქოდან პასუხი ვერ მივიღეთ.

„სულ ეს არის, რისი თქმაც ახლაა შესაძლებელი“, - განუცხადა for.ge-ს მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეუფე დიმიტრი ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორეს სულიერი შვილი იყო. 2015 წელს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას, ეპისკოპოსის ცვლილების თაობაზე, სწორედ მან გააცნო და ახალ მეუფედ დიმიტრი (კაპანაძე) ამბიონიდან სწორედ მან წარადგინა.

For.ge-მ ასევე გაარკვია, რომ საეკლესიო იერარქიის მიხედვით, ბოლო პერიოდში არქიმანდრიტობა საპატიო ტიტულად იქცა და მას ანიჭებდნენ ეპარქიის დიდმნიშვნელოვანი მონასტრების იღუმენებს და ეპისკოპოსად წარსადგენად ყველაზე დიდი შანსი სწორედ მათ აქვთ. ამჟამად ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში მხოლოდ ერთი სასულიერო პირია, რომელიც არქიმანდრიტის ხარისხშია აყვანილი და ეს არქიმანდრიტი ონოფრე წულაძეა, რომელიც უკვე წლებია აღნიშნულ ეპარქიაში მოღვაწეობს. თუმცა, ის გახდება თუ არა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი ამ ეტაპზე უცნობია, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება სინოდმა უნდა მიიღოს. სინოდის გადაწყვეტამდე კი, როგორც მოგახსენეთ, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას მეუფე თეოდორე ჩაიბარებს.

ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 6 ეპარქია უმღვდელმთავროდაა. ესენია: ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია; რუსთავის ეპარქია; ნეკრესის ეპარქია; ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია; ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია; ავსტრიისა და გერმანიის ქართული ექსარქია.