ვინ გახდება სახიფათო პრეზიდენტი

ვინ გახდება სახიფათო პრეზიდენტი

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება საკმაოდ მშვიდად და წყნარად მიმდინარეობს, ყოველ შემთხვევაში იმ ფონზე, რასაც წლების მანძილზე „ნაციონალური მოძრაობისგან“ ვიყავით შეჩვეული. ეს გასაგებიცაა - ახალი პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციის ფარგლებში ირჩევა. საიდუმლო არავისთვის არ არის, რომ ეს მოდელი 2010 წელს სააკაშვილმა საკუთარ თავს მოარგო, თუმცა გასული წლის არჩევნებმა სააკაშვილის ბედიც გადაწყვიტა და გაზრდილი უფლებების მქონე  პრემიერად იგი ვეღარ მოგვევლინება.

ქვეყანას პრემიერ-მინისტრი უკვე ჰყავს, პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლა, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკის ფარგლებში ფაქტობრივად უპორტფელო პრეზიდენტი იქნება, პოლიტიკურად ნაკლებად მნიშვნელოვანია. იმ კონსტიტიციით, რომელიც პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ძალაში შედის, პრეზიდენტი პრემიერის გადაწყვეტილებების უსიტყვო შემსრულებელია. ამდენად, თუ სიმბოლურად საზოგადოებისთვის მისაღები სახე იქნება, ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. მთავარია წესიერების ეტალონის ფუნქციას აკმაყოფილებდეს. ამიტომ არც არის გასაკვირი ისეთი სახეების დასახელება საპრეზიდენტო კანდიდატებად, პოლიტიკასთან შეხებაც რომ არ აქვთ ან პოლიტიკური ნიჭით ნაკლებად გამოირჩევიან. თუმცა, არის ერთი „მაგრამ“ - რა მოხდება მაშინ, თუ ივანიშვილი, როგორც გვპირდება, პოლიტიკას დატოვებს და საზოგადოებრივ სექტორში გადაინაცვლებს? გაჩნდება თუ არა საფრთხეები და ღირს თუ არა დაფიქრება, როგორი კანდიდატის შერჩევა იქნება ქვეყნისათვის უკეთესი? ამ თემაზე ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.  

ბატონო ვახტანგ, ნელ-ნელა იწყება ხმაური საპრეზიდენტო კანდიდატურებთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც ახალი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ასეთ შემთხვევაში ფიგურას აქვს თუ არა მნიშვნელობა?

- ვინ იქნება ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი, დღესდღეობით დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, როდესაც კოალიცია კანდიდატს ასახელებს, გამოდის რომ, ფაქტობრივად, ნიშნავს პრეზიდენტს.  დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ფორმალური იქნება და ვინც არ უნდა იყოს „ქართული ოცნების“ მხრიდან დასახელებული, მას აუცილებლად აირჩევენ. რეალური არჩევნები და ბრძოლა საპრეზიდენტო სავარძლისთვის, ბუნებრივია, არ იქნება.

რაც შეეხება პერსონას, ძალიან გამიჭირდება რამის თქმა. თითქოს, მედიაშიც სახელდება სავარაუდო კანდიდატები, მაგრამ სტილი ისეთია, რომ შესაძლოა სრულიად მოულოდნელი კანდიდატიც დასახელდეს. 

ვიდრე ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იქნება, არ მგონია, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვინ იქნება პრეზიდენტი.

შევარდნაძე ფიქრობს, რომ უკეთესია ივანიშვილი თვითონ იყოს პრეზიდენტი...

- შევარდნაძემ თქვა ძალიან საინტერესო რამ - რომ ივანიშვილმა თვითონ უნდა იყაროს კენჭი და პრეზიდენტი გახდეს. ინტრიგის შემცველი, საინტერესო იდეაა, თუმცა, მოვლენების ამ სცენარით განვითარებას არ ვვარაუდობ, რადგან ივანიშვილი ამბობს, რომ სწრაფად უნდა ააწყოს ქვეყანა, არჩევნების შემდეგ კი ძირითადი ძალაუფლება პრემიერის ხელში გადადის. ამიტომ, არ მგონია, ახლა, ამ ეტაპზე გახდეს ის ქვეყნის პრეზიდენტი. შესაძლოა, შემდგომ  პერიოდში რაღაც ასეთი გათამაშდეს კიდეც.

ნაციონალებმა უკვე გააკეთეს განცხადება, რომ ჩატარდება შიდა პრაიმერი და საპრეზიდენტო კანდიდატს მხოლოდ ამის შემდეგ გამოავლენენ. „ქართული ოცნება“  პრაიმერზე არ საუბრობს, მაგრამ სხვადახვა სახელები კულუარებიდან მაინც ჟონავს. ხომ არ არის ეს ერთგვარი შიდა პრაიმერი, როდესაც კანდიდატების მიმართ საზოგადოების განწყობის მოსინჯვა ხდება? თანაც, დასახელებულ კანდიდატთა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი კანდიდატებად არ მოიაზრებიან.

- შიდა მსჯელობები, ალბათ, მიმდინარეობს და კონსენსუსამდეც მივლენ. ყველა პარტიას მშვენივრად ესმის, რომ ამ არჩევნებზე კანდიდატების დასახელებას აზრი არ აქვს, თუ ეს თვითონ კანდიდატს არ სურს. გადამწყვეტი სიტყვა ექნება ივანიშვილს და კოალიცია მხარს დაუჭერს. თუ რომელიმე კანდიდატის მიმართ შეთავაზება გაკეთდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმემ უარი თქვას, რადგან უარის თქმის აზრსაც ვერ ვხედავ. პრინციპში, სწორია, ასეთ განცხადებებს რომ აკეთებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეთავაზების შემთხვევაში რომელიმე კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან ან თუნდაც „ოცნებიდან“ უარს იტყვის. თუ ასე მოხდა, გამიჭირდება მათი გასამართლებელი არგუმენტი მოვძებნო, რადგან თუ პოლიტიკაში ხარ და გუნდი გასახელებს, ვფიქრობ, ამას უნდა დათანხმდე.

როგორც ვთქვი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის დაასახელებს კოალიცია, რადგან ვინც არ უნდა იყოს ის, ახალი პრეზიდენტისა და პრემიერის ტანდემი საბოლოოდ ბოლოს მოუღებს იმ დაპირისპირებას, რომელიც არსებობს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნება.

მართალია, ივანიშვილმა მთავრობის დაკომპლექტებამდე თქვა, რომ ალასანიას პრეზიდენტად არ მოიაზრებს, მაგრამ სხვადასხვა წრეებში ეს თემა დღემდე განიხილება. საინტერესოა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, როდესაც ის ამბობს, რომ ალასანიას მოუწევს შეეგუოს იმ ცვლილებებს, რასაც ახალი კონსტიტუცია ანიჭებს პრეზიდენტს. ხომ არ ნიშნავს, რომ შესაძლოა, კვლავ აქტუალური გახდეს პრეზიდენტის პოსტზე ალასანიას კანდიდატურა? ვიცით, რომ მასა და პრემიერს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ალასანია პრეზიდენტობის პრეტენდენტი ვეღარ იქნებოდა...

- თუ ვინმეს აქვს უფლება, რომ შეთავაზების შემთხვევაში უარი თქვას პრეზიდენტობაზე, ეს ირაკლი ალასანიაა. ვფიქრობ, რომ თავის დროზე ატეხილი სკანდალი, რომელიც პრეზიდენტობას უკავშირდებოდა, სრულიად არაბუნებრივი და არაჯანსაღი იყო, რადგან საუბარი იყო პარტიის შიგნით. სავარაუდოდ, ძალიან ვიწრო წრეში კეთდებოდა პოლიტიკური შეფასება სიტუაციისა, ღირდა თუ არა პრეზიდენტობისთვის ბრძოლა. ამას არასწორი შეფასებები მიეცა იგივე პრემიერის მხრიდან, ასევე არასწორი შეფასებები მოყვა, როდესაც ითქვა, რომ ჯერ ჩვენთან შეეთანხმებინა და შემდეგ განეხილაო, რადგან ის პრეზიდენტობაზე საკუთარ პარტიაში, თანამოაზრეებთან ერთად ლაპარაკობდა. ასე რომ, მას აქვს მორალური უფლება, თუ შეთავაზებენ, თქვას უარი, თუმცა ისიც საკითხავია, საერთოდ შეთავაზებენ თუ არა.

როდესაც ლაპარაკია, საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს უჭერს მხარს ალასანია, როდესაც არჩევნებზე კენჭს იყრიდა, მან მშვენივრად იცოდა, რომ ასე უცებ კონსტიტუციის შეცვლა ვერ მოხდებოდა ვერც ახლა და ვერც საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან უახლოეს პერიოდში. ამიტომ, არ მგონია, რომ არსებული მოდელის მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონოდა, ან ახლა ჰქონდეს.

რაც შეეხება, შემდგომში რომელი მოდელი გვექნება - საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო, ალბათ ამაზე ის საკონსტიტუციო კომისია იმსჯელებს, რომელიც შეიქმნება და ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ღია დებატებიც გაიმართება.

ზოგადად მიმაჩნია, რომ რა მოდელზეც არ უნდა შეჯერდნენ საბოლოოდ, ყველა ადამიანს, კოალიციაში შემავალს თუ მის გარეთ მყოფს, სრული უფლება აქვს, საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს. დღესდღეობით, თუ ალასანია კენჭს იყრის და  გახდება პრეზიდენტი, ეს მოხდება იმ კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც შემუშავდა 2010 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.

კოალიციის ცალკეული წევრების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივად, ყველა დასახელებული კანდიდატის უარყოფა ხდება. მაგალითად, არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ მისი კანდიდატურა არ დასახელდება. უსუფაშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკელებიდან არ იქნება, კოალიციაში შემავალი მესამე სუბიექტია ალასანიას პარტია და მისი დასახელებაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, კალაძე ამბობს რომ ასაკი ხელს არ უწყოობს და ა.შ. შესაძლებელია, რომ კანდიდატად დასახელდეს არა კოალიციის წევრი, არამედ აბსოლუტურად ნეიტრალური, გარეშე კანდიდატი? ასეთი ფიგურებიც დასახელდა მაგალითად, პაატა ბურჭულაძე, სალომე ზურაბიშვილი...

- ადვილი შესაძლებელია. მედიაში იყო ამაზე ლაპარაკი. უსუფაშვილმა თქვა, რომ რესპუბლიკელებს კი არა, კოალიციას ეყოლებს კანდიდატი და ეს კანდიდატი თავისუფლად შეიძლება იყოს „რესპუბლიკური პარტიის“, „ქართული ოცნების“ ან „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

ერთი პერიოდი ამაზე იყო ლაპარაკი და ძალიან საინტერესო იქნებოდა, რომ ყველა პარტიას ჰყოლოდა  თავისი კანდიდატი და მათ დამოუკიდებლად ეყარათ კენჭი. ვფიქრობ, რომ ეს უფრო კონკურენტუნარიანი არჩევნები იქნებოდა. დიდი სიამოვნებით მივადევნებდი თვალს ასეთ არჩევნებს.

ვფიქრობ, ეს სამართლიანი არჩევნები იქნებოდა, რადგან სამივე ძალა ხელისუფლებაშია და ნებისმიერი, რომელიც არ უნდა გასულიყო, სავარაუდოდ, ივანიშვილთან შეთანხმებული კანდიდატი იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და სხვა არასაპარლამენტო პარტიებსაც ექნებოდათ საშუალება და სურვილი, ასეთ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. ფაქტობრივად შეიქმნებოდა თანაბარი პოლიტიკური სივრცე და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმებოდა დემოკრატიის სასარგებლოდ. ახლა კი ვინც არ უნდა დაასახელოს კოალიციამ, ის გაიმარჯვებს.

ამ ეტაპზე ეს არის არჩევნევბი, რომლის შედეგებიც წინასწარ არის ცნობილი. ისიც ვიცით, რომ ფაქტობრივად, უფუნქციო პრეზიდენტს ვირჩევთ და გადაწყვეტილების მიმღები პირველი პირი ქვეყანაში ივანიშვილი იქნება, თუმცა საინტერესოა ერთი მომენტი - თუ ივანიშვილი  არ აპირებს ვადის ამოწურვამდე პრემიერ-მინისტრობას, ასეთ შემთხვევაში როგორი პოლიტიკური ველი გვრჩება და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტის ვინაობა?

- იმას, რასაც ივანიშვილი ხშირად იმეორებს, აქვს მეორე მხარეც - ქვეყანას რომ ააწყობს, ისე დატოვებს პრემიერის პოსტს. სიმართლე გითხრათ, დიდად მეეჭვება რომ ორ-სამ წელიწადში შესაძლებელი იყოს ამ ქვეყნის ისე აწყობა, რომ ქუდი დაიხურო და უკანმოუხედავად წახვიდე. თუმცა, პრემიერი ამბობს, რომ დატოვებს მემკვიდრეს. არ მინდა, ასეთ განცხადებებში ცოტა სიღრმისეულად შესვლა - „მემკვიდრეს დავტოვებ“ არ ჯდება დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლის ლექსიკაში. მაქვს იმის ეჭვიც, რომ ორ-სამ წელიწადში ქვეყანაც ვერ დალაგდება და განვლილი 6-7 თვიანი პერიოდი უფრო ჩემი მოსაზრების დამადასტურებელია, ვიდრე ივანიშვილის განცხადებების. ასე რომ, წასვლაც პრობლემაა.

ამის გარდა, უსუფაშვილმა უკვე განაცხადა, რომ თვის ბოლოს საკონსტიტუციო კომისია გვეყოლება და თუ პრემიერის წასვლაზე იქნება ლაპარაკი, ვფიქრობ რომ ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა დასრულდება და არჩევნები ახალი კონსტიტუციის მიხედვით ჩატარდება. დღევანდელი გადასახედიდან ძნელია, განსაზღვრო, რა და როგორ იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამოქმედდება ახალი და ნორმალური კონსტიტუცია და ის დისბალანსი, რაც არის პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, უფრო დარეგულირებული და გაწონასწორებული გახდება.

რაც შეეხება შეკითხვას, მართლაც, დღეს  ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ თუ მდგომარეობა შეიცვლება ისე, რომ ივანიშვილის ნაცვლად სხვა გახდება პრემიერ-მინისტრი, მაშინ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შესაძლოა ისევ ისეთი დამოკიდებულება გაგრძელდეს, როგორიც არის დღევანდელ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. ამიტომ მიმაჩნია, რომ მიუხედავად ჩვენი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა, უპირველესი საზრუნავი არის პოლიტიკური სტრუქტურის გამართვა და აწყობა სწორედ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რაღაც წარმატება გვექნება.

შესაძლოა, ის კონსტიტუცია, რომელიც ძალაში შედის, პრემიერის უფლებებს აძლიერებს, მაგრამ გარდამავალ ეტაპებზე რეალური ძალაუფლება უფრო დომინირებს ვიდრე კონსტიტიციური უფლებები.

თავის დროზე ამ კონსტიტუციის მოწინააღმდეგე მეც ვიყავი, რადგან ესეც შეიცავს სახიფათო მომენტებს. თუ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა გამწვავდა, საკმაოდ ბევრი კულუარული მეთოდი შეიძლება ჩაერთოს ბრძოლაში, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს სახელმწიფო გადატრიალებამდე, სამთავრობო გადატრიალებამდე, მაღალ ეშელონებში მწვავე პოლიტიკურ ინტრიგებამდე და ა.შ. ამიტომ ზედა ეშელონების კონსტიტუციური მოწყობა მთლიანად გაადასახედი და შესაცვლელია, რომ ასეთი მეთოდებისთვის ადგილი არ დარჩეს. გეთანხმებით, სახიფათოა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რაღაც აუცილებლად შეიცვლება კონსტიტუციაში.