ლარი გამყარებას განაგრძობს, ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,9480 გახდა. ბოლო რამდენიმე წელია ლარი ასეთ ნიშნულზე არ ყოფილა, განსაკუთრებით კი ლარის კურსმა 2020 წელს მიაღწია ანტირეკორდს.
როგორც for.ge-თან ეკონომისტები აცხადებენ, დღეს ლარის გამყარების მიზეზი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, უცხოეთიდან გაზრდილი გზავნილები და ტურზმია.
ეკონომისტის პაატა ბაირახტარის განცხადებით, ეროვნული ვალუტა ერთი თვის განმავლობაში 16 თეთრით არის გამყარებული. მისივე თქმით, ერთ თვეში ეროვნული ვალუტის 5%-ით გამყარება არის საკმაოდ მაღალი ამპლიტუდა.
„ლარის ბოლო დროინდელი გამყარება პირდაპირ უკავშირდება ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას და იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომელსაც ლარზე ზეგავლენა აქვს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში რეფინანსირების სესხი თითქმის ნახევარი მილიარდი ლარით შემცირდა. რეფინანსირების სესხი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რითაც ცენტრალურ ბანკს შეუძლია ეკონომიკაში ლარის მიწოდება გაზარდოს, ან შეამციროს. ერთ მთლიან ჭრილში ჩვენ თუ დავაკვირდებით, ეროვნული ვალუტა ერთი თვის განმავლობაში 16 თეთრით არის გამყარებული, რაც 5%-ს ნიშნავს. ერთ თვეში ეროვნული ვალუტის 5%-ით გამყარება არის საკმაოდ მაღალი ამპლიტუდა. ამის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი არის ის რომ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 420 მილიონი ლარით არის შემცირებული რეფინანსირების ყოველკვირეული სესხები.
მეორე საკითხია - ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც პანდემიური წლის შემდეგ გაჯანსაღებულია. გამოვიარეთ ორი ძალიან რთული წელი. პირველი წელი სრულიად გიჟური იყო. ვგულისხმობ, გიორგი გახარიას ეკონომიკური პოლიტიკის შეზღუდვებს. ეს იყო სრული სიგიჟე, რაც იმ პერიოდში ქვეყანაში გაკეთდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ გაკეთებულა - ეს იყო დანაშაული. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ეკონომიკური შეზღუდვები მოიხსნა, მაინც საკმაოდ რთული წელი იყო. ამის შემდეგ დაიწყო გარკვეული მაკროეკონომიკური პარამეტრების აღდგენა - დაწყებული წმინდა ექსპორტიდან, დამთავრებული ტურიზმის პოტენციალით, ასევე ფულადი გზავნლების მხრივაც კარგი მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, ეს პარამეტრები, რომლებიც კურსზე ზეგავლენას ახდენს, ბოლო პერიოდის განმავლოაში გაჯანსაღებულია.
რაც შეეხება შენარჩუნდება თუ არა ლარის სტაბილურობა, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფაქტორებზე. მისი პროგნოზირება ურთულესია“, - განუცხადა for.ge-ს პაატა ბაირახტარმა.
ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე for.ge-თან საუბარში ლარის გამყარების ერთ-ერთ მიზეზად ინვესტორების შემოსვლას ასახელებს.
„ლარის გამყარება შემთხვევით არ არის და ჯერ კიდევ დეკემბრიდან დაიწყო, რადგან პროგნოზი იყო, რომ ეკონომიკური ზრდა იქნებოდა. გამოჩნდა, რომ სავალუტო შემოდინებები, არა მხოლოდ ექსპორტიდან, არამედ ტურიზმიდანაც გაიზარდა. ასევე, დეკემბერში 25%-ით იყო გარდილი ფულადი გზავნილები. ექსპორტი თითქმის 26%-ით გაიზარდა. ამიტომ, როდესაც ფუნდამენტურ-ეკონომიკური ფაქტორები არის ასეთ მზარდ ტენდენციაზე და არც გარე ბაზრებზე სერიოზული რყევა არ ხდება, ბუნებრივია, ლარის გამყარება მოსალოდნელი იყო. ამ ყველაფერს თებერვალ-მარტში დაემატება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორები - ეს არის ინვესტიციები. ამ პერიოდში ტრადიციულად ინვესტიციების მოცულობა მაღალია ხოლმე. ის, რომ ინვესტორებს ნდობა აქვთ, ამას ადასტურებს „ფითჩის“ კვლევებიც. „ფითჩმა“ ქვეყნის რეიტინგი უცვლელად დატოვა, რადგან ამ პერიოდში ძალიან ბევრი ქვეყნის რეიტინგი გაუარესდა. სხვათა შორის ინვესტორები მთავარ ინდიკატორად „ფითჩის“ რეიტინგს იყენებენ.
ასევე ჩვენმა მაკროეკონომიკამ უფრო მაღალი ზრდა აჩვენა, ვიდრე ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია ფიქრობდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ეკონომიკური ზრდა, რომელიც დაიწყო, ამ წელსაც შენარჩუნდება და გვექნება დაახლოებით 9.5%-ით ზრდა.
რაც შეეხება ლარი როდემდე იქნება გამყარებული, ამას ზუსტად ვერ გეტყვით. გეტყვით იმას, რომ გასულ წელს, როდესაც ყველა წინასწარმეტყველებდა, რომ ლარი კიდევ გაუფასურდებოდა, მაშინ მე დავსვი პროგნოზი, რომ ლარი პირიქით გამყარებული იქნებოდა. ყველა მოცემულობით ლარი გამყარდება, მაგრამ რა დიაპაზონი ექნება, ამის წინასწარ თქმა არ შეიძლება და ამას ვერც ვერავინ იტყვის. თუმცა, ეს შექცევადი პროცესია და ეს პირდაპირ ეკონომიკის გაჯანსაღებას უკავშირდება“, - განუცხადა გიორგი ცუცქირიძემ for.ge-ს.
არანაირი ეკონომიკური საფუძველი ამ "გამყარებას" არ გააჩნია. ეს პროცესი მხოლოდ პოლიტიკური ტემპერატურაზეა დამოკიდებული და არა სხვა რამეზე.
რაც შეეხება სოციალურ ეფექტს, მხოლოდ უარყოფითია. ფასები, კლების ნაცვლად მატულობს. მოსახლეობის დანაზოგები (უცხოურ ვალუტაში) უფასურდება. ემიგრანტების გზავნილები (მათი შრომაც უცხოეთში) ასევე უფასურდება. ლარს ფასი ედება მხოლოდ მათთვის, ვისაც სადოლარო სესხი აქვს ამ მომენტში გასახდელი, მაგრამ მათი რიცხვი, წინა ორ ჯგუფთან შედარებით გაცილებით მცირეა და შესაბამისად, საზოგადო სარგებელიც მიზერულია.
ლარის კურსის, ნებისმიერი მიმართულებით, მოძრაობა, ორლესული მახვილივითაა. გაუფასურებაც და "გამყარებაც" მოსახლეობის გაღატაკებას იწვევს.
ლარის კურსის დაცემაც და ე.წ. "გამყარებაც", ერთნაირად ნეგატიური მოვლენაა. ეკონომიკის განვითარებას სტაბილური კურსი სჭირდება. თქვენ წარმოიდგინეთ, მცირედი გაუფასურება ეკონომიკურ ზრდას ხელსაც კი უწყობს.
ასე რომ, არაფერია აქ სატაშფანდურო.