ეროვნული ვალუტა ბოლო პერიოდში დიდი სისწრაფით მყარდება. პირველად 2020 წლის 6 ივნისის შემდეგ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ტაბლოებზე ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა. გამყარების პროცესი შეუქცევადია და როგორც ფინასისტები ამბობენ კიდევ გაგრძელდება. ახალი წონასწორული კურსი კი დაახლოებით 2.90-ის ფარგლებში უნდა იყოს.
ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მაქსიმალური კურსი 2021 წლის 28 აპრილს იყო, როდესაც ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი ამერიკული დოლარი 3 ლარად და 46 თეთრად იყიდებოდა. იქედან მოყოლებული ქართული ვალუტა მუდმივად იუმჯობესებს პოზიციებს და რეგიონში უკვე ყველაზე სტაბილურ ვალუტად მიიჩნევა.
სპეციალისტები ამერიკული ვალუტის მიმართ ლარის მიერ პოზიციების გამყარებას 5 ფაქტორით ხსნიან – ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, იმპორტზე შემცირებული მოთხოვნა, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების გაზრდილი მაჩვენებელი. ფინანსისტები ადასტურებენ, რომ ახლო მომავალში ლარი უფრო მეტადაც გამყარდება.
PMC კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი მიხეილ კუკავა ფიქრობს, რომ ლარის ბოლოდროინდელი გამყარება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის და სუსტი ერთობლივი მოთხოვნის შედეგია. იგი დარწმუნებულია, რომ სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 10,5%-ზე დატოვებით კურსის სტაბილურობა შენარჩუნდება.
„ლარის კურსი არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ უფრო მაღალი ინფლაცია არ გვაქვს. გამყარების მიზეზი არის ის ძალიან მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რაც გვაქვს და მეორე სუსტი ერთობლივი მოთხოვნა, ეს არის ორი მთავარი მიზეზი და ამის გათვალისწინებით ტრენდი შესაძლოა, შენარჩუნდეს, მით უმეტეს თუ ტურისტული მიმოსვლა აღდგება და მივუახლოვდებით 2019 წლის შემოსავლებს. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მოსალოდნელია ლარის გამყარება. სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და ძვირი ლარი არის ძირითადი, რაც ხელს უწყობს კურსის გამყარებას“, - განაცხადა კუკავამ.
იგივე პოზიციას იზიარებს ფინანსისტი გიორგი ცუცქირიძეც, რომელიც უფრო მასშტაბურ შეფასებას აკეთებს და პროგნოზიც შესაბამისად, უკეთესი აქვა. მისი აზრით, გასული წლის პოზიტიური ტენდენცია მთელი წელი გაგრძელდება და ლარის კურსი კიდევ მეტად გამყარდება.
„ეს სერიოზული გამყარებაა, რაც ისედაც პროგნოზირებადი იყო. ბოლო 20 თვის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ლარის კურსი 3.0-იან ნიშნულს ჩამოსცდა. პროგნოზი, რომელიც დაკავშირებული იყო ლარის გამყარებასთან, გამომდინარეობს ერთი მხრივ, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით, მეორე მხრივ, ბიუჯეტის პარამეტრების შესრულებით, დეფიციტის სერიოზული შემცირებით და რაც მთავრია, ვალუტის უფრო მეტი შემოდინებით, ვიდრე გადინებით. ცხადია, როდესაც ექსპორტი და ეკონომიკა მზარდია და სხვა მაკროფაქტორებიც არის თანხვედრაში, ეს ლარზე უნდა ასახულიყო და ასე მოხდა კიდეც.
საერთოდ პროგნოზი იყო, რომ გასულ წელს ლარი 3.0-3.10-ის ფარგლებში იქნებოდა და დადასტურდა კიდეც. რაც შეეხება მიმდინარე 2022 წელს, სავარაუდოა, რომ ლარსი კიდევ უფრო გამყარდეს. ის ტენდენცია, რომელიც იყო გასული წლის ბოლოს (სავალუტო შემოდინებები – ფულადი გზავნილები და ექსპორტი მაჩვენებელი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, გაუჯობესებელი სავაჭრო ბალანსი), ეს ყველაფერი გრძელდება“, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.