ინფლაციის მოთოკვა ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მსოფლიო პროცესებს.
მთავრობა მოსახლეობას ჰპირდება, რომ მდგომარეობის გამოსწორებისთვის ყველაფერს იღონებს, თუმცა ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს.
ხელისუფლება და ექსპერტთა ნაწილი ცალსახად მიუთითებს, რომ დღესდღეობით ქვეყანაში არ არის ყველაზე პიკური მაჩვენებელი ფასების ზრდის თვალსაზრისით და შესაბამისად, მისი განეიტრალებაც გაზაფხულიდან დაიწყება. კერძოდ, 2012-2021 წლებში (9 წლის განმავლობაში) სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები ჯამში გაიზარდა 60 პროცენტით მაშინ, როცა 2004-2012 წლებში (8 წელიწადში) გაიზარდა 95 პროცენტით; ბოლო 10 წელიწადში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები, საშუალოდ, წელიწადში იზრდებოდა 5.3 პროცენტით მაშინ, როცა 2004-2012 წლებში 8.7-პროცენტიან ზრდას ჰქონდა ადგილი. აღნიშნულ პერიოდში ინფლაციაზე განსაკუთრებული გავლენა კომუნალური გადასახადების ზრდამ მოახდინა. წყალი, დენი და სხვა კომუნალური მომსახურების ფასები იმხანად 75.1 პროცენტით გაიზარდა.
2021 წელი ინფლაციის მხრივ მართლაც გამონაკლისი იყო, თუმცა ეს ნაწილობრივ უკავშირდება გლობალურ ტენდენციებს. სურსათის მსოფლიო ფასები გაიზრდა 28 პროცენტით, მათ შორის, ზეთი 66 პროცენტით, ნავთობის მსოფლიო ფასები კი 74 პროცენტით.
საბანკო და საფინანსო საკითხებში ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის აზრით, მოცემულობა რაც მსოფლიოს მასშტაბითაა, პანდემიური შოკის თანამდევ მოვლენას წარმოადგენს.
„ასეთი მაღალი ინფლაცია მსოფლიოში არ ყოფილა ბოლო ოთხი ათეული წლის განმავლობაში, რაც პანდემიური შოკის თანამდევ მოვლენას წარმოადგენს. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტოა და მსგავსი მასშტაბის ეკონომიკური კრიზისი დიდი დეპრესიის შემდეგ არ ყოფილა. ინფლაციის მაჩვენებლებმა არა მხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ბოლო წლების და უმეტეს შემთხვევებში ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა ინფლაციის მაქსიმუმი ბოლო 40 წლის განმავლობაში. გერმანიაში ინფლაცია ბოლო 29 წლის მაქსიმუმზეა. იგივე ეხება ევროზონას, სადაც რეკორდული ინფლაციის მაჩვენებელი ფიქსირდება. იგივე შეიძლება ითქვას თურქეთზეც, სადაც 19 პროცენტი შეადგინა“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.
რაც შეეხება 2021 წლის მაჩვენებელს, ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერზე გავლენა გლობალურად სასაქონლო ბაზრებზე, ასევე ნავთობის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ მოახდინა. ის ასევე საუბრობს იმპორტირებული საქონლიდან მომდინარე მაღალ ინფლაციაზეც.
„2021 წლის ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა გლობალურად სასაქონლო ბაზრებზე, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე (სურსათის ფასების ინდექსი 2021 წელს საშუალოდ 28%-ით გაიზარდა), ასევე ნავთობის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯებმა, რაც, ასევე, იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას. საერთო ჯამში, აღნიშნული ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტია.
შესაბამისად, მაღალი ინფლაცია, მეტწილად, სწორედ იმპორტირებული საქონლიდან მომდინარეობს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარით გამოხატული ფასების ზრდის ასახვაა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე წნეხს გარკვეულწილად არბილებს. 2021 წელს ფასების დონის ზრდაში განსაკუთრებით მაღალი წვლილი შეიტანა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებსა და საწვავზე ფასების მატებამ, რაც საერთაშორისო ბაზრებზე საკვების პროდუქტების და ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება. მაგალითად, 2021 წელს საერთაშორისო ბაზრებზე საკვები პროდუქტების ფასების ზრდამ საშუალოდ 28.3% შეადგინა, ხოლო საქართველოში - 10.9%.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ინფლაციის ზრდას უწყობს ხელს, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდაა. პროდუქტების დონეზე 2021 წლის ინფლაციაში ყველაზე მაღალი წვლილი შეიტანეს ბენზინის, ზეთის, ხორბლის პურის, კვერცხის, სისხლძარღვთა გამათხელებელი მედიკამენტების და შაქრის ფასების ზრდამ“, - აღნიშნა ექსპერტმა.
გლობალური პროცესების გავლენაზე საუბრობენ საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდშიც, თუმცა იქვე ხაზს უსვამენ, რომ მიმდინარე თვიდან ელოდებიან ინფლაციის ტემპის დასტაბილურებას, შემდეგ უკვე შემცირებას. ამასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამაც ისაუბრა.
„ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია გლობალური ფაქტორებით, რაც არაერთხელ აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. ეს მსოფლიო ტენდენციაა და საქართველო, სამწუხაროდ, ვერ იქნება გამონაკლისი. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში, ეს იყო რთული პერიოდი, თუმცა მიმდინარე თვიდან უკვე ველოდებით ინფლაციის ტემპის დასტაბილურებასა და შემცირებას“, - განაცხადა დუნდუამ.
ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძეც ეთანხმება მოსაზრებას, რომ არასახარბიელო პროცესები განპირობებულია გარე ფაქტორებით. საქართველო დამოკიდებულია იმპორტზე, რაც ინფლაციაზე დიდ ზეგავლენას ახდენს.
„ინფლაციის ძირითადი მიზეზები არის შემდეგი ფაქტორები: მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებისა და სურსათის გაძვირება. ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებული იმპორტზე. იგივე რაოდენობის ნავთობპროდუქტების იმპორტზე 2021 წელს დაგჭირდა დაახლოებით 250 მილიონი დოლარით მეტის გადახდა წინა წელთან შედარებით. ასევე გაძვირდა საკვები პროდუქტები, მათ შორის მარცვლეული, ზეთი, შაქარი... ამას დაერთო ტრანსპორტირების ხარჯების მომატება, გადაზიდვების ღირებულების მატება. აღნიშნული ფასების 2/3-ზე მეტი გარე ფაქტორებზე არის დამოკიდებული“, - განმარტა სოსო არჩვაძემ.
ცნობისთვის, 2022 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა. მთავრობის პროგნოზით, უკვე გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2022 წლის ბოლოსკენ 3-პროცენტიან სამიზნე ნიშნულს დაუბრუნდება.