ბრიგადის გენერლის ვახტანგ კაპანაძის შეხვედრები ავღანეთში

ბრიგადის გენერლის ვახტანგ კაპანაძის შეხვედრები ავღანეთში

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე ავღანეთში იმყოფებოდა. არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბრიგადის გენერალმა შეხვედრები გამართა ტაქტიკური დაჯგუფება „ფენიქსი“-ს მეთაურთან, ბრიგადის გენერალთან უილიამ ჰოლთან, ასევე ISAF-ის მისიაში მონაწილე ფრანგული და თურქული კონტინგენტების მეთაურებთან, გენერალ ფილიპ ადამთან და ბრიგადის გენერალთან ალი რაზა კუგუსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა პოსტ-ISAF-ის მოქმედებებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობასა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ამერიკელმა, ფრანგმა და თურქმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძეს მადლობა გადაუხადეს ქართველი სამხედროების ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისა და მათ მიერ შესრულებული წარმატებული ოპერაციებისათვის.

ამჟამად, ISAF-ის მისიაში, ჰელმანდის პროვინციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 33-ე და IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონი მონაწილეობს. ხოლო ერთი ოცეული ქაბულში, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაზა „ვორჰაუზზეა“ დისლოცირებული.