რა სანქციები შეიძლება დაეკისროს „თელმიკოსა“ და „თელასს“ დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში? მარეგულირებელი კომისიის ჯგუფი აღნიშნულ კომპანიებში უკვე შევიდა. დარღვევების მასშტაბურობიდან გამომდინარე, კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ. გამორიცხული არ არის, კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნაც.
3 თებერვალს გამართულ საჯარო სხდომაზე სემეკმა იმსჯელა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ (თელმიკო) და სს „თელასის“ შემოწმების საკითხებზე. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სემეკის სპეციალური ჯგუფი ადგილზე შეისწავლის შპს „თელმიკოს“ ბილინგისა და სს „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს.
კერძოდ, შპს „თელმიკოსთან“ მიმართებაში ჯგუფი შეისწავლის მომხმარებელზე დარიცხული მომსახურების საფასურის მიმწოდებლის აღრიცხვის მონაცემთა ერთიან ბაზაში (ბილინგი) ასახვის, სს „თელასისგან“ აღრიცხვის მონაცემების მიღების, დარიცხული მომსახურების საფასურის კორექტირების, ქვითრის შესწორების მექანიზმების გამართულ მუშაობას.
რაც შეეხება სს „თელასს“, ადგილზე შემოწმდება აღრიცხვის მონაცემების ფორმირების, ვალიდაციის, აღრიცხვის მონაცემთა ერთიან ბაზაში ასახვის, აგრეთვე, შპს „თელმიკოსთვის“ აღრიცხვის მონაცემების გადაგზავნის მექანიზმისა და აღრიცხვის სისტემების გამართულობა, ელექტროენერგიის მრიცხველების წამკითხველების საქმიანობის განრიგი, აღრიცხვის მონაცემების აღების პროცესის ორგანიზებასა და წარმართვასთან დაკავშირებული საკითხები, საანგარიშსწორებო მრიცხველების შესაბამისი თვის ბოლო ოთხ კალენდარულ დღეში წაკითხვის ვალდებულებასთან კომპანიის ფიზიკური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების შესაბამისობა.
სემეკის გადაწყვეტილება განპირობებულია მოქალაქეთა საჩივრებით, რომლებიც შეეხება დეკემბერსა და იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვებს. სემეკის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმების დასრულების ბოლო ვადად 3 მარტი განისაზღვრა.
სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ კომპანიებს სისტემური დარღვევები არ ექნებათ, თუმცა ყველაფერი შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ვამოწმებთ ორივე კომპანიას, რადგან „თელასი“ ახორციელებს მონაცემების აღრიცხვას, მის ბაზებში შეყვანას და შესაბამისად, მერე უკვე მონაცემები ქვითრის გადაგზავნისთვის ეძლევა „თელმიკოს“. ვნახავთ მთელ ჯაჭვს, შესაძლოა, ორივე კომპანიის ხარვეზი იყოს, შესაძლოა, არც ერთი კომპანიის არ იყოს ან რომელიმე ერთის. თუ ხარვეზი აღმოჩნდება, კომპანიებს მივცემთ ვადას, რომ ეს ხარვეზები გამოსწორდეს.
არასწორი დარიცხვის აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი გასწორდება. დარღვევების მასშტაბიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიმსჯელით კომპანიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით. გასულ წელს ამაზე კომპანიები უკვე დაჯარიმებულია და ამავე დროს მიღებული აქვთ გაფრთხილება, რომ განმეორების შემთხვევაში, გასულ წელს გამოყენებული 75 და 50 ათას ლარიანი ჯარიმები გაორმაგდება“, - განაცხადა ნარმანიამ.
სემეკში უკვე შევიდა მოქალაქეების 100-მდე განცხადება, რომლებიც ამბობენ, რომ მათ გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ. შესაბაისად, თუ სემეკმა აღმოაჩინა, რომ საქმე არა ადამიანურ შეცდომას, არამედ კომპანიის არასწორ მიდგომას ეხება, მაშინ რეაგირება უფრო მკაცრი იქნება.
„თუ კომპანიის მიდგომაა ასეთია: მრიცხველი სხვას აჩვენებს და მოდი, ჩვენ ქვითრებში სხვა რაღაც ჩავწეროთ, ასეთი შემთხვევა ერთიც რომ იყოს, უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ავამოქმედოთ გარკვეული ბერკეტები.
ბერკეტებს შორის, პირველ რიგში, არის მკაცრი ჯარიმები და ვადა გამოსასწორებლად. თუ შემთხვევები განმეორდება, მაშინ ჩვენ უკვე მივხვდებით, რომ ჯარიმა არ მუშაობს და სხვა ზომების გამოყენება შეგვიძლია, მათ შორის ავიღოთ მმართველობა ჩვენს თავზე პრობლემის გამოსწორებამდე. ეს იქნება არა მუდმივი, არამედ ვადიანი. პრობლემა გამოსწორდება და მერე უკვე მუშაობას არსებული მენეჯმენტი გააგრძელებს“, - აღნიშნა კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა.
საყურადღებოა ისიც, სემეკი შემოწმებაზე, შესაძლოა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერშიც“ შევიდეს. როგორც მარეგულირებელი კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა განაცხადა, ამჟამად კომისია სასმელი წყლის დარიცხვებს სწავლობს, ვინაიდან ამ მიმართულებით კომისიაში მომხმარებელთა საჩივრები შევიდა. ბოლო რამდენიმე დღეა, დედაქალაქის მოსახლეობის საკმაო ნაწილი ამტკიცებს, რომ ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მნიშვნელოვნად გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ.
ვთქვათ 1 თვეში მოვიხმარეთ 350 კვტ.
მაშინ წესით და კანონით, დაწერილით და ღვთის სამართალითაც გადასახადი უნდა გვქონდეს
1. 0-101 - 101 x 17.73 =1 7.91 ლარი
2. 101-301 - 100 x 21.707 = 21.71 ლარი
3. 301 - 49 x 26.227 = 12.85 ლარი
სულ: 52,47 ლარი
რეალურად კი ქვითარი მოგვდის - 350 x 26,227 = 91.79 ლარი!!!
სხვაობა კანონით გადასახდელსა და რეალურ ქვითარს შორის შედგენს
91,79 – 52,47 = 39.32 ლარი!!!!!!!!!!!!!!!
იცით ვინმემ, რა უნდათ? რისთვის გვაჯარიმებენ ამ 39,32 ლართ ?! იცის ეს ამბავი ხელისუფლებამ, პრემიერის აპარატმა, შესაბამისმა სამინისტროებმა, მარეგულირებელმა კომისიამ?! მილიონერისა და პარლამენტარისთვის ამ 40 ლარს დიდი მნიშვნელობა ალბათ არ აქვს, მაგრამ პენსიონერისათის, რომელსაც 260 ლარი აქვს პენსია, სცივა სწყურია, წამალი უნდა, საჭმელიც კი.... ეს საშინელი დარტყმაა! რა ხდება, ქვეყანა ჩალითაა დახურული?
ასეთივე დიფერენცირებული ტარიფია სხვა ქვეყნებშიც მაგალითად ყაზახეთში მაგრამ იქ არავის აჯარიმებენ. ღირებულების დათვლა მიმდინარეობს გრადაციის მიხედვით ისე როგორც მე დავთვალე 52,47 ლარი.